გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-217-910-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ს-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი კუთვნილი პირადი ნივთების დაბრუნება ან მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მათი ღირებულების 878 ლარის, გაწეული შრომისა და საშენი მასალების ღირებულების 4291 ლარის დაკისრება, ასევე, 1 სული ძროხის, 1 მოზვერის, 30 ქათმისა და მოსავლის ნახევრის მიეკუთვნება შემდეგი საფუძვლით:
1989 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. ნ-ესთან. ერთად ცხოვრობდნენ სოფ....., სადაც თავისი შრომით აღადგინა დამხმარე მეურნობა და საცხოვრებელი სახლი. მის მიერ შექმნილი საშენი მასალებისა და გაწეული შრომის ღირებულებამ შეადგინა 4391 ლარი, ამასთან მოპასუხესთან მიიტანა პირადი ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 878 ლარს. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ძროხა. ამჟამად იგი არ ცხოვრობს მოპასუხესთან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მას მიეკუთვნა შემდეგი პირადი ნივთები: ავტომანქანის ძარა, 2 ცალი 220 ლიტრი ტევადობის პლასტმასის კასრი, 2 ცალი 50 ლიტრი ტევადობის მინის ბოცა, არაყის გამოსახდელი ქვაბი, ალუმინის 50 ლიტრი ტევადობის ქვაბი, 1 ცალი, ფანჯრის ჩარჩო, კატლეტის მანქანა, გაზის გათბობის აპარატი, ვულტმეტრი, მოტორელი და წვენის საწური მანქანა. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 4291 ლარის გადახდის დაკისრებასა და მისთვის 1 სული ძროხის, 1 მოზვერის, 30 ქათმისა და მოსავლის ნახევრის მიკუთვნებაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კ. ს-ემ სააპელაციო საჩივარში მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 4291 ლარის, მისი პირადი ნივთების, 1 სული ძროხის, ერთი მოზვერის, 30 ქათმისა და მოსავლის ნახევრის მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ საქარის თემის საკრებულომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან საცხოვრებელ სახლს გაუკეთა აივნები და ააშენა სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები. სამშენებლო მასალები შეადგენდა მის პირად საკუთრებას, რომელიც მოახმარა ზ. ნებიერიძის საცხოვრებელი სახლის შეკეთებას და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობების აგებას.
ზ. ნ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელისათვის მოტორელის, 2 ცალი 220 ლიტრი ტევადობის პლასტმასის კასრისა და წვენის საწური მანქანის მიკუთვნების ნაწილში იმ მოტივით, რომ პლასტმასის კასრები და მოტორელი მისი საკუთრებაა და რაიონულმა სასამართლომ ისინი არასწორად მიაკუთვნა მოსარჩელეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება კ. ს-ისათვის 2 ცალი 220 ლიტრი ტევადობის პლასტმასის კასრის, მოტოროლისა და წვენების საწური მანქანის მიკუთვნების ნაწილში და მოსარჩელეს ამ ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ სკ-ს 1151-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება და ამიტომ, კ. ს-ის მოსაზრება ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნაწილის მიკუთვნების თაობაზე, უსაფუძვლოა. ამასთან, ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცება იმისა, რომ ნივთების ნაწილი – სამშენებლო მასალები და სხვა ნივთები მისი პირადი საკუთრებაა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. ს-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: ის და ზ. ნ-ე არ ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ ისინი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას; უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სამშენებლო მასალა მისი კუთვნილებაა. ზ. ნ-ე არ მუშაობდა, არანაირი შემოსავალი მას არ ჰქონდა და როგორ შეძლებდა სამშენებლო მასალის შეძენას. მასალა მისი შეძენილია, რომელიც ზ. ნ-ის სახლს მოხმარდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეები 1989 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი ითხოვს წილს არა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან, არამედ საერთო ქონებიდან საერთო მეურნეობაზე და ოჯახზე გაწეული შრომიდან. სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს არ შეიძლება მიეცეს წილი საერთო ქონებიდან, ხოლო გარიგება მხარეებს შორის საერთო საკუთრების შექმნის შესახებ, არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის სარჩელი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეოდ და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.