Facebook Twitter

¹ ას-219-908-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: მამობის დადგენა და ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 8 ივნისს საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. ა-მა მოპასუხე დ. ფ-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წელს საჩხერის რაიონის სოფ. .... მცხოვრები დ. ა-ი არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაჰყვა იმავე რაიონის სოფ. ... მცხოვრებ დ. ფ-ლს. ოჯახური უსიამოვნების გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა დ. ა-ი იმ პერიოდში ფეხმძიმედ იყო. მას 2000წ. 17 მაისს შეეძინა ქალიშვილი.

ვინაიდან დ. ფ-ი უარყოფდა ახლადგაჩენილი ბავშვის მამობას, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მამობის დადგენა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

დ. ფ-მა არ ცნო სარჩელი, რადგანაც მას ეჭვი ეპარებოდა მისი ყოფილი მეუღლის პატიოსნებაში და მოითხოვა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეები განქორწინებამდე ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დ. ფ-ი ცნობილ იქნა 2000წ. 17 მაისს დაბადებული ფ. ა-ის მამად და მასვე დაეკისრა ყოველთვიურად 15 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა ფ. ა-ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.

დ. ფ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში და ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი 2002წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დ. ფ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ფ-ის საჩივრის განხილვა, რომლითაც იგი მოითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და წარმოების განახლებას დაინიშნა ჯერ 2003წ. 10 მარტს, ხოლო შემდეგ 2003წ. 25 მარტს, აღნიშნულ სხდომაზე საჩივრის განხილვა გადაიდო 2003წ. 3 აპრილისათვის იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოცხადებულ ნ. ფ-ს, დ. ფ-ის დედას, არ გააჩნდა შვილის მინდობილობა. მისი განცხადებით, წინა სხდომაზე გამოცხადების თაობაზე მას რაიმე შეტყობინება არ მიუღია. ამავე დღეს ნ. ფ-ს ჩაბარდა უწყება დ. ფ-ისათვის გადასაცემად. 2002წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დ. ფ-ს მისცა ვადა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული რწმუნებულების წარსადგენად.

2003წ. 3 აპრილს დ. ფ-ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ნ. ფ-მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი შვილისთვის ცნობილი იყო სასამართლო პროცესების თაობაზე, მაგრამ მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არაფერი იცის.

საკასაციო საჩივარში დ. ფ-ი არ მიუთითებს რაიმე გარემოებასა და ფაქტებზე, რაც 2003წ. 3 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას საპატიო მიზეზით გამორიცხავდა.

სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დ. ფ-ი გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამ მიმართებით კასატორს დასაბუთებული და დამატებითი პრეტენზია არ წამოუყენებია.

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ფ-მა იცოდა სხდომის თაობაზე, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე იგი საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.