Facebook Twitter

¹ ას-220-905-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სადაზღვევო თანხის და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 ივნისს ქალ.ქუთაისში, ... საკონსერვო ქარხანასთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ალ. ქ-ის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი “მერსედეს-ბენც 208” შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მ. შ-ესა და ნ. კ-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ეკუთვნოდა მ. ა-ეს, რომლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიაში “ჯ.”.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირების შვილებმა – რ. და რ. კ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სადაზღვევო კომპანიის მიმართ და მოითხოვეს სადაზღვევო თანხის გაცემა თითოეულ გარდაცვლილზე 3750 ლარის ოდენობით, სულ 7500 ლარის. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7,5 ლარის დარიცხვა ძირითად თანხაზე.

სადაზღვევო თანხის გადახდის გაჭიანურების გამო მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულ მოსარჩელეზე 250000 ლარის ოდენობით, სულ 500000 ლარი. აღნიშნულის გამო საქმე განსჯადობის წესით გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მ. ა-ეს გასხვისებული ჰქონდა თავისი ავტომანქანა ალ. ქ-ეზე, რაც დასტურდება 2002წ. 25 იანვარს მხარეებს შორის დადებული აქტით. მოპასუხის მოსაზრებით “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მ. ა-ის სასარგებლოდ განხორციელებული დაზღვევა კარგავდა თავის იურიდიულ ძალას და საჭირო იყო ავტომობილის ხელახალი დაზღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჩადენილი იქნა ალ. ქ-ის მიერ, ხოლო მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ ყოფილა დაზღვეული მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში, შესაბამისად მოპასუხის აზრით, იგი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს ზიანი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ ავტომანქანა, რომლითაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ეკუთვნის მ. ა-ეს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანას მართავდა ალ. ქ-ე, რომელსაც ავტომანქანა გადაცემული ჰქონდა მართვის უფლებით. მ. ა-ის, როგორც მესაკუთრის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიაში ,,ჯ.”.

კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ა-ეს კუთვნილი ავტომანქანა გასხვისებული ჰქონდა ალ. ქ-ეზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გასხვისების ფაქტს დაადასტურებდა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ 2002წ. 25 იანვრის შეთანხმების აქტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ აქტით განხორციელდა მ. ა-ის კუთვნილი ავტომანქანის ალ. ქ-ისათვის დროებით (3 წლის ვადით) მართვის უფლებით გადაცემა. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობა.

სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეების მიერ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, 2002წ. 8 ივლისს სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილ იქნა ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია მოვალე იყო მოსარჩელეებისათვის აენაზღაურებინა სადაზღვევო თანხა, რაც თითოეულ გარდაცვლილზე შეადგენს 3750 ლარს, სულ 7500 ლარს.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ თანხის დაუსაბუთებელი გაუცემლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2002წ. 8 ივლისიდან სარჩელის წარდგენამდე 2002წ. 1 ნოემბრამდე, მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეებს სადაზღვევო თანხის (7500 ლარის) 0,1%, რაც შეადგენს 385 ლარს.

მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-10, მე-12, მე-20 მუხლები და 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

შპს “ს. კ. ჯ.” მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 8385 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის – 209 ლარის გადახდა.

სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

კასატორის მოსაზრებით ავტომანქანის გადაცემის შესახებ განცხადებები ყალბია და ალ. ქ-ე ავტომანქანას ფლობდა უკანონოდ. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ყოველმხრივ და სრულად, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორს მიაჩნია, რომ სადაზღვევო პოლისი არ აკმაყოფილებს სკ-ს 802-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნებს ანუ არ შეიცავს არსებითი მნიშვნელობის მქონე რეკვიზიტებს, რის გამოც, სადაზღვევო პოლისი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო იურიდიული ძალის მქონედ. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ გაურკვევია პოლისის ნამდვილობა, რითაც უგულებელყო სსკ-ს 222-ე მუხლი.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 829-ე მუხლი და გაერკვია ავტომანქანის გადაცემის დროს რომელმა გამოიყენა განზრახ გაუფრთხილებლობა თუ უხეში გაუფრთხილებლობა. კასატორის მოსაზრებით სკ-ს 842-ე მუხლი მოპასუხეს უხსნის პასუხისმგებლობას.

კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეების წარმომადგენელმა ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია წარადგინა კომპანიაში, რაც ადასტურებდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტს, მიაჩნია კანონის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლით მზღვეველს უნდა მიმართოს ავტომანქანის მფლობელმა. მოცემულ შემთხვევაში კი მზღვეველს მიმართა დაზარალებულმა. ე.ი. არასწორად განმარტა აღნიშნული კანონი.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მე-3 და მე-6 მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 2002წ. 15 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ მ. შ-ე და ნ. კ-ი. ავტომანქანას, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მართავდა ალ. ქ-ე, ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. ა-ე, რომელსაც ავტომანქანა გადაცემული ჰქონდა მართვის უფლებით ალ. ქ-ისათვის. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ზემოთ აღნიშნული პირები. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოა სასამართლოსათვის.

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ’’ პუნქტის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი არის ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას.

სკ-ს 999-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

სკ-ს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

მითითებული ნორმის თანახმად მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა მფლობელის ბრალის გამო შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას.

სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები.

სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო (მუხლი 4).

ამდენად, ავტომანქანის მფლობელები მოვალენი არიან დააზღვიონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დაზღვეულის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი ავტომანქანის ექსპლუატაციას, ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს ავტომანქანას, ზიანი უნდა მოჰყვეს დაზღვეულის ავტომანქანის ექსპლუატაციას. სადაზღვევო პოლისით იფარება ავტომობილის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის დადასტურებაა ის გარემოება, რომ დაზღვევის ვალდებულების შესრულება კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. საგზაო პოლიციის ორგანოებს ევალებათ არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არა აქვს შესაბამისი დაზღვევა (მუხლი 6).

უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია დამზღვევისაგან კონკრეტული ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად. თავის მხრივ დამზღვევს შეუძლია რეგრესული სარჩელი წარადგინოს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ.

“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა შემდეგ შემთხვევებში:

ა)ზიანის განზრახ მიყენებისას;

ბ)ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;

გ)მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.

მოთხოვნა რეგრესის წესით წარედგინებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.

ამდენად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული მესამე პირის დარღვეული უფლებების დაცვა. სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ამ კანონის თანახმად ძალაშია. სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი და შემდგომ კი რეგრესული სარჩელით მოითხოვოს ბრალეული პირისაგან გადახდილი თანხების დაბრუნება.

ამ კანონის 22-ე მუხლის თანახმად დაზარალებულის ინტერესები დაცულია ასევე იმ შემთხვევაში, როცა ზიანი გამოწვეულია დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით, დაუდგენელი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან.

მოცემულ საქმეზე ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დადგენილია. ავტომანქანა გატაცებული არ ყოფილა და ამ ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. დაზარალებულებს ზიანი უნდა აუნაზღაუროს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ, რადგან ამ კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის _ მ. ა-ის პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი.

კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო პოლისი არ არის იურიდიული ძალის მქონე, რადგან იგი არ არის შევსებული სკ-ს 802-ე მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ვერ გახდება სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად პოლისის შევსების და გაცემის ვალდებულება ეკისრება მზღვეველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ პოლისი არ არის შევსებული კანონის შესაბამისად, ამით თავად სადაზღვევო კომპანიის მიერ არის დარღვეული კანონის მოთხოვნები, რაც მისი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-18 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად მფლობელი ვალდებულია, ხოლო დაზარალებულს ან დაზარალებულის წარმომადგენელს შეუძლიათ საგზაო-სატრნსპორტო შემთხვევისას წერილობით განუცხადონ მზღვეველს ამის შესახებ შემთხვევიდან არა უგვინეს 30 დღე-ღამისა და 45 დღეში წარუდგინონ ცნობები მიყენებული ზიანის დროის, ადგილის, მიზეზის და სხვა გარემოებათა შესახებ.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე დაზარალებულს შეუძლია განუცხადოს მზღვეველს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს შესაბამისი ცნობები. ამდენად ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანიას მიმართა დაზარალებულმა, არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 829-ე და 842-ე მუხლები, რადგან ამავე კოდექსის 801-ე მუხლის თანახმად ამ თავის (799-858 მუხლები) წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. 829-ე და 842-ე მუხლები კი ეწინააღმდეგება სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობას. ამ კანონის თანახმად ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული მესამე პირის დარღვეული უფლების დაცვა. ზიანის განზრახ მიყენებისას სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი და შემდგომ რეგრესული სარჩელით მოითხოვოს ბრალეული პირისაგან გადახდილი თანხების დაბრუნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. AGGGGGGGGGGGGGGGD GGGGGGG

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სადაზღვევო კომპანია ,,ჯ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.