Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-222-907-03 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ალიმენტის გადახდევინება (ძირითად სარჩელში); ქორწინების რეგისტრაციის და ბავშვის დაბადების აქტების ბათილობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. დ-ას მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990წ. 15 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ვ. დ-ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ნ. დ-ა, რომელიც აღსაზრდელად იმყოფება მოსარჩელესთან, მოპასუხე კი არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას შვილის აღზრდაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრებას.

მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი ქ.ფოთის მმაჩის განყოფილების სააქტო ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, მან მოითხოვა 15.11.1990წ. ქორწინების რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან მხარეებს არასოდეს ჰქონიათ ოჯახის შექმნის მიზანი, არც რეგისტრაცია გაუვლიათ; ასეთი საბუთი ნ. ლ-ას სჭირდებოდა ბინის მისაღებად; მოპასუხემ აგრეთვე მოითხოვა 1992წ. 28 მაისის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ვ. დ-ა ითვლება 1992წ. 8 მაისს დაბადებული ნ. დ-ას მამად. ვინაიდან ვ. დ-ას და ნ. ლ-ას ერთად არ უცხოვრიათ, გარდა ამისა ბათილია ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ საბუთად წარმოდგენილი ცნობა ფოთის სამშობიაროდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ვ. დ-ას შვილის – ნ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის (20 ლარის) გადახდა ყოველთვიურად სრულწლოვანების მიღწევამდე. ვ. დ-ას შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ.დ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. დ-ა არ არის ვ.დ-ას შვილი.

მოწინააღმდეგე მხარემ, ნ.ლ-ამ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით ვ.დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა დუნდუას მოთხოვნა ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ქორწინებას ჰქონდა ფიქტიური ხასიათი. გარდა ამისა, ქ.ფოთის პროკურატურის გამოკვლევების შედეგად არ დადასტურდა მმაჩის ბიუროს მიერ 1990წ. 15 ნოემბერს ყალბი ქორწინების მოწმობის შედგენისა და გაცემის ფაქტი. სასამართლო კოლეგიამ ასევე გაიზიარა ფოთის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება ნ.დ-ას დაბადების რეგისტრაციის 1992წ. 28 მაისის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ ვ.დ-ას მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის ნაწილში. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტი არ ასახელებს არც ერთ გარემოებას, რაც დაადასტურებს, რომ ნ.დუნდუა არ არის ვ.დ-ას შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 395-ე, 397-ე მუხლებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა ვ.დ-ას სააპელაციო საჩივარი და ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

ვ.დუნდუამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: 1992წ. 15 ნოემბრის სააქტო ჩანაწერი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ბათილია, ვინაიდან ვ.დ-ას და ნ.ლ-ას არასოდეს ჰქონიათ ოჯახის შექმნის მიზანი და ქორწინება იყო ფიქტიური. კასატორი ამტკიცებს, რომ მას ნ.დ-ასთან, რომლის მამადაც იგი არის რეგისტრირებული, უბრალო ნაცნობობაც კი არ აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ბათილია 1992წ. სააქტო ჩანაწერიც, სადაც მოსარჩელის ბავშვის მამად იგი არის რეგისტრირებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებანი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ დაასაბუთოს მისი ნ. დ-ასთან ქორწინებაში ყოფნისა და ნ. დ-ას მამობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია ვ. დ-ას და ნ. ლ-ას ქორწინების მოწმობა, ასევე ნ. დ-ას დაბადების სააქტო ჩანაწერი. სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტის დასკვნებით. საქმეში არ არსებობს ვ. დ-ას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ზემოთ მითითებული ქორწინებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერების ნამდვილობას. ამის გამო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია როგორც ვ. დუნდუას და ნ. ლოლუას ქორწინების ფაქტი, ასევე ვ. დ-ას ნ. დ-ას მამობის ფაქტი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია არც დამატებითი და არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.