Facebook Twitter

¹ ას-223-923-03 14 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 სექტემბერს ვ. ფ.-მ გ. კ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წელს გ. კ.-ეს ასესხა 1730 აშშ დოლარი, რომელსაც სესხი იმავე წლის ბოლოს უნდა დაებრუნებინა. მოპასუხემ დაუბრუნა მხოლოდ 450 აშშ დოლარი. დანარჩენი დღემდე დაუბრუნებელია.

მოსარჩელემ მოითხოვა 1400 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გაზარდა მოთხოვნა და მიუთითა, რომ 1730 აშშ დოლარის გარდა მას მოპასუხისათვის კიდევ ჰქონდა ნასესხები 360 აშშ დოლარი. აქედან, მან დაუბრუნა 800 აშშ დოლარი, მოპასუხემ მოითხოვა 1290 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სესხის არსებობის ფაქტი არ დაადასტურა. დაადასტურა მოსარჩელესთან ერთობლივი საქმიანობის წარმოება და ამ საქმიანობის გამო მისთვის 800 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – მოპასუხეს დაეკისრა 1290 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 1998წ. მარტში დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. მათი საქმიანობა შეწყდა 1998წ. დეკემბერში. ფ.-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. იანვრიდან. ვინაიდან მან სარჩელი შეიტანა 2002წ. 23 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელის მიერ უკვე გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ვ. ფ.-მ 2003წ. 9 ივნისს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, სხვადასხვა დროს, დაუბრუნა 800 აშშ დოლარი და სკ-ს 137-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივად შეასრულა მოთხოვნის ნაწილი, აღიარა მოთხოვნის არსებობა.

გარდა ამისა მან ამ დავასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2001წ. 30 ივლისს მიმართა სასამართლოს სარჩელით, რის გამოც სკ-ს 138-ე მუხლის შესაბამისად ამ დროიდან შეწყდა ხანდაზმულობის დენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, სხვადასხვა დროს, მოპასუხემ 800 აშშ დოლარი დაუბრუნა, ამით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა მის მიერ მოთხოვნილ დანარჩენ 1290 აშშ დოლარზე.

სკ-ს 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე 1290 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება არ უღიარებია არც ავანსის, არც პროცენტის გადახდით და არც გარანტიის მიცემით. ამ ვალის არსებობა მას არასდროს უღიარებია. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 800 აშშ დოლარის გადაცემა არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. მითუმეტეს, მოპასუხე მიუთითებს, რომ ფულის გადახდა მოხდა 1998 წელს და ვერც მოსარჩელემ დაადასტურა გადახდის ფაქტი 1998წ. შემდეგ.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი წარდგენილი ჰქონდა 2000 წელს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზევე დართული ცნობით ირკვევა, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში 2000-2001 წელს ვ. ფ.-ის სარჩელი რეგისტრირებული არ არის. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითება სკ-ს 138-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის შეტანის გამო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლოა.

სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოპასუხე მოცემულ შემთხვევაში საერთოდ უარს ამბობს ვალდებულების არსებობაზე, მაგრამ ამასთან, მოითხოვს, რომ ხანდაზმულობის გასვლის გამოც უარი ეთქვას მოსარჩელის მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გასულია სარჩელის წარდგენის 3 წლიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.