გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ას-225-921-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: განქორწინება და ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ბ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ ისინი 2000წ. 10 ივნისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2001წ. აპრილში შეეძინათ შვილი რ. ბ-ე. ვინაიდან მოპასუხე დაავადებულია ნევროზის რთული ფორმით და მასთან ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია, მოითხოვა განქორწინება და თვეში 80 ლარის დაკისრება ა. ბ-ისათვის.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის 2001წ. 10 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ა. ბ-ეს შვილის – რ. ბ-ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
ა. ბ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ მისცა ვადა მეუღლეებს შესარიგებლად, რადგან ორივე მხარე თანახმა იყო ქორწინება შეწყვეტილიყო, რაც აისახა რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის სხდომის ოქმში. სხდომის ოქმი დადგენილი წესით გასაჩივრებული არ ყოფილა. სკ-ს 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მშობლებზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირება 20 ლარამდე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იგი არ მუშაობს, მის კმაყოფაზეა ავადმყოფი მშობლები, რომლებიც საჭიროებენ მოვლა-პატრონობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო – კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიიღო არანაირი ზომები ოჯახის შესანარჩუნებლად, რათა არასრულწლოვანი ბავშვი მშობლიურ გარემოში აღზრდილიყო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხარეს შენიშვნები სხდომის ოქმზე არ შეუტანია. პალატა თვლის, რომ სასამართლოს საფუძველი ჰქონდა არ მიეჩნია მიზანშეწონილად მეუღლეებისთვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა.
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მას, როგორც უმუშევარს არა აქვს 50 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის საშუალება. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ 10 ლარი არ არის რ. ბ-ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნათა დაკმაყოფილების საშუალება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს ალიმენტი 50 ლარის ოდენობით. სკ-ს 1214-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მშობელზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარეგლებში. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ ალიმენტის ოდენობა სამართლიანი, გონივრული და რეალური უნდა იყოს არა მარტო არასრულწლოვანი შვილის, არამედ მშობლის მიმართაც. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით ა. ბ-ე დღეისათვის არ მუშაობს, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მშობლები. შემოსავლის წყარო არ გააჩნია. საკასაციო საჩივარში ის ეთანხმება ალიმენტის გადახდას 20 ლარის ოდენობით.
მოცემულ ვითარებაში პალატას გონივრულად და მიზანშეწონილად მიაჩნია ა. ბ-ეს დაეკისროს ალიმენტი 25 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინება ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც ა. ბ-ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მოპასუხე ა. ბ-ეს დაეკისროს ქ. ბ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით, არასრულწლოვანი შვილის რ. ბ-ის აღსაზრდელად მის სრულწლოვანებამდე.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.