გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-226-920-03 12 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ტ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “თ.” მიმართ და აღნიშნა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ... 1986 წელს საცხოვრებელი კორპუსის წინ აშენდა საბოილერო, რის შემდეგაც ეზოს და ქუჩის ზედაპირი დაზიანდა, გაჩნდა გუბეები, წყალი ჩაედინება შენობის სარდაფში. 2001 წელს საბოილერო გადატანილი იქნა სხვაგან, მაგრამ შენობა უკვე დაზიანებული იყო. მისი ბინა საცხოვრებლად უვარგისი გახდა. იატაკი დახრილია 25%-ით, დეფორმაციის გამო არ იხურება კარები. შენობის დაზიანების ხარისხი შეადგენს 60-75%-ს.
მოსარჩელემ მოითხოვა იმავე რაიონში ოროთახიანი ბინის შეძენა ან ბინის ღირებულების გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახლის ავარიულობაში მათ ბრალი არ მიუძღვით. მათი ბრალი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რის გამოც ვერც პასუხისმგებლობას აიღებენ თავის თავზე. მოპასუხის განმარტებით შპს “თ.” წარმოადგენს არასათანადო მხარეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმნიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-მა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის ავარიულობის შესახებ მოსარჩელემ იცოდა 1995 წლიდან. სარჩელით კი სასამართლოს მიმართა 2002წ. 6 სექტემბერს ე.ი 4 წლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 84-ე მუხლები, 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილიდან, რომელიც დათარიღებულია 1995წ. 20 დეკემბრით. წერილში ლაპარაკია სახლში გამაგრებით სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის გამზადებაზე და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე.
1995 წელს სასამართლოში სარჩელის შეტანის მოტივი არ ჰქონდა, რადგან საქართველოს მთავრობის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილების მე-13 პუნქტით ავარიულობის წარმოშობის მიზეზის მიუხედავად სახლის რემონტის ჩატარება ევალებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ბიუჯეტის ხარჯზე. ოფიციალურად კომპეტენტური სპეციალისტების მიერ სახლის მდგომარეობა შემოწმდა, ავარიულობის ხარისხი და მისი სალიკვიდაციო ღონისძიება დაისახა პირველად 1998 წელს. ამის საფუძველზე ქალაქის საბინაო მეურნეობის მიერ კორპუსი შეტანილი იქნა სატიტულო სიაში და წარმოდგენილ იქნა ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად სათანადო თანხების გამოსაყოფად.
აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 1999 წელს და დღემდე გრძელდება. პირველი რიგში ჩატარდა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც დამთავრდა 2003წ. იანვარში. მობინადრეთა მოლოდინი ვერ გამართლდა, სახლი დარჩა დეფორმირებული. სპეციალისტების განმარტებით საქართველოს არ გააჩნია ასეთი ხარვეზის გამოსწორების მექანიზმი. კასატორის აზრით, როცა აღნიშნული გარემოება გახდა მისთვის ცნობილი, სარჩელის ხანდაზულობის ვადა ამ დროიდან უნდა აითვალოს.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ადრე მოქმედი სკ-ს ნორმები და უნდა გამოეყენებინა ახალი სკ-ს 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 128-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
კასატორის მოსაზრებით ხანდაზმულობის ვადის დინება სკ-ს 138-ე მუხლის შესაბამისად შეწყვეტილი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოეს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელს მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
სკ-ს 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
აღნიშნული ნორმების თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება როცა ვალდებული პირი პირდება ვალდებულების შესრულებას ან, ასრულებს მოთხოვნის ნაწილს, ან შეიტანს სარჩელს სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ ან განცხადებას შეიტანს სახელმწიფო ორგანოში და სხვა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1995 წელს და მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად ისე, რომ არ გაარკვია ხომ არ ჰქონდა ადგილი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. კასატორის განმარტებით მან მიმართა სათანადო ორგანოებს, მას ჰპირდებოდნენ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და კიდეც დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა როდესაც აღდგენითი სამუშაოების წარმოების შემდეგ დარწმუნდა, რომ ვერ აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას ან შეწყვეტას. ასევე უნდა განიხილოს და შეფასება მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დადგენილ გარემოებებს მისცეს სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.