¹ ას-227-918-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ორჯინიკიძის რაიონის 1976წ. აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ი. ა.-ი, საწარმოო ტრამვასთან დაკავშირებით, 1993 წლამდე ყოველთვიურად იღებდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას საწარმოო გაერთიანება “ს.-იდან”, რომელიც შემდეგში ჩამოყალიბდა სს “ბ.-ის” სახით. თბილისის ვაკის რაიონის 1998წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით სს “ბ.-ს” ი. ა.-ის სასარგებლოდ დაიკისრა ხელფასსა და პენსიას შორის მიუღებელი სხვაობის – 1853,5 ლარის – გადახდა. გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაში შევიდა.
2001წ. თებერვალში ი. ა.-მ სს “ბ.-ის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა 1998 წლიდან მიუღებელი თანხის – 2225 ლარის და ყოველთვიურად 80 ლარის დაკისრება.
დავის განხილვისას, 2002წ. 24 ოქტომბერს, მოსარჩელე გარდაიცვალა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ი. ა.-ის შვილი – ც. ა.-ი, რომელმაც დამეტებით მოითხოვა 1999წ. თებერვლიდან ი. ა.-ის გარდაცვალებამდე – 2002წ. 24 ოქტომბრამდე – მიუღებელი თანხის _ თვეში 80 ლარის, აგრეთვე, დაკრძალვის ხარჯების – 644 ლარის დაკისრება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “ბ.-ს” ც. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 4235 ლარის – ანაზღაურება, ხოლო სარჩელი დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა შემდეგნაირად: სს “ბ.-ს” ც. ა.-ის სასარგებლოდ დაიკისრა 4105 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “ბ.-ის” წარმომადგენელმა გ. თ.-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 164 ლარის – გადასახდელად მიეცა ათი დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან. ამ პერიოდში, 2003წ. 24 ივლისს, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და განცხადებით მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო 2003წ. 24 ივლისის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდნენ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3; 48-ე; 49-ე; 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით; 273-ე; 401-ე; 403-ე; 399-ე მუხლებით; 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორს გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვამდე.
2. საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში და საქმის განხილვა მოხდეს ზეპირი განხილვის გარეშე.
3. საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე განცხადება დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
4. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობით:
სს “ბ.-ი” ვალდებულებას იღებს სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში ც. ა.-ს გადაუხადოს 2000 ლარი.
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სსკ-ს 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. სს “ბ.-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 82 ლარის – გადახდა, რომელიც უნდა ჩარიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000141107 ანგარიშზე (კოდი-59).
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.