Facebook Twitter

¹ბს-1494-1069(კ-05) 7 მარტი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნ. სხირტლაძეE

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. კ-ე, წარმომადგენელი ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, წარმომადგენელი ლ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 მაისს ლ. კ-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მიუთითა, რომ იგი 1971-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1975-1982 წლებში მუშაობდა კომკავშირისა და პარტიის რაიკომებში პასუხსაგებ თანამდებობებზე. 1982-1991 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარედ, ხოლო 1994-1999 წლებში _ ჯერ ახალციხის რეგიონის სამხედრო ...ედ, ხოლო შემდეგ _ სამხედრო ...ად, საიდანაც დათხოვნილ იქნა 1999 წლის 27 მაისის ¹125-პ ბრძანებით, ...ედ დანიშვნასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პერიოდისათვის ჰქონდა წელთა ნამსახურობის 25 წლისა და 20 დღის სტაჟი, რის გამოც “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “გ” პუნქტის, მეორე მუხლისა და მე-11 მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე ეკუთვნის პენსია წელთა ნამსახურობისათვის.

ლ. კ-ის მითითებით, მან 2004 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა, მაგრამ სოცფონდის 2004 წლის 29 მარტის ¹¹17/1579 წერილით უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ მას დათხოვნის დღისათვის არ უგროვდებოდა სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 20-წლიანი სტაჟი.

ლ. კ-მ სოცფონდის უარი მიიჩნია უკანონოდ და მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი არ ითვალისწინებდა, რომ მუშაკს წელთა ნამსახურობის 20 წელი აუცილებლად სამხედრო სამსახურში ჰქონოდა ნამსახური, არამედ აქ საუბარი იყო ზოგადად წელთა ნამსახურობაზე. მისი თქმით, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება წელთა ნამსახურობაში ჩათვლოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რის გამოც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1971-1976 წლებში სწავლის პერიოდი _ 5 წელიც უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობაში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ, ვინაიდან 1975-1982 წლებში იგი მუშაობდა კომკავშირისა და პარტიის რაიკომებში პასუხსაგებ თანამდებობებზე, ამიტომ იმ დროს მოქმედი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 24 ივნისის ¹562 და 1983 წლის 11 იანვრის ¹32 დადგენილებებით პასუხსაგებ პარტიულ თანამდებობაზე მუშაობა ეთვლებოდა ...ისა და ... ორგანოების სისტემაში მუშაობის სტაჟში. ამასთან, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში ეთვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში. ზემოაღნიშნული გაანგარიშებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას მას ჰქონდა წელთა ნამსახურობის 25 წლისა და 20 დღის სტაჟი, რაც პენსიის მიღების უფლებას ანიჭებდა.

საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სოცფონდის 2004 წლის 29 მარტის ¹17/1579 წერილის ბათილად ცნობა, მოპასუხის მიერ მის სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა და სარჩელის წარდგენამდე წინა 1 წლის პერიოდის კუთვნილი პენსიის ანაზღაურება.

სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლ. კ-ს არ უგროვდებოდა წელთა ნამსახურობის პენსიის დასანიშნად გათვალისწინებული 20-წლიანი სტაჟი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოცფონდის 2004 წლის 29 მარტის ¹1/1579 წერილი, მოსარჩელეს დაენიშნა პენსია 2004 წლის თებერვლიდან და მასვე აუნაზღაურდა ერთი წლის მიუღებელი პენსია 4203 ლარისა და 12 თეთრის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანხმად, წელთა ნამსახურობის პენსია ენიშნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს წელთა ნამსახურობის სტაჟში კიდევაც რომ ჩათვლოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის 5 წელი, მას მაინც არ უგროვდებოდა კანონით დადგენილი 20-წლიანი სტაჟი, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, რაიკომში მუშაობის, შემდეგ რაიონის სახალხო მოსამართლედ, რაიონის გამგეობისა და ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსად, გამგეობის მრჩევლად მუშაობის პერიოდი მას წელთა ნამსახურობის სტაჟში ვერ ჩაეთვლებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის ახალი გადაწყვეტილებით სოცფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და ლ. კ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს ლ. კ-ს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი არ უნდა ჩათვლოდა საერთო სტაჟში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩათვლოდათ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. ვინაიდან ლ. კ-ე წარმოადგენდა სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, ამიტომ, ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, მას 1971-1976 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის 5-წლიანი პერიოდი უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობის საერთო სტაჟში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 24 ივნისის ¹562 და 1983 წლის 11 იანვრის ¹32 დადგენილებების საფუძველზე, ლ. კ-ის მიერ 1972 წლის 1 ოქტომბრიდან 1982 წლის 23 ივნისამდე პარტიულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდი ითვლებოდა წელთა ნამსახურობაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული დადგენილებებით გათვალისწინებული იყო პასუხსაგებ პარტიულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდის ჩათვლა პროკურატურის და სასამართლო ორგანოების მუშაობის სტაჟში და არა წელთა ნამსახურობაში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სოცფონდის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლ. კ-ის მიერ 1982 წლის 21 ივნისიდან 1994 წლის 30 სექტემბრამდე ზესტაფონის რაიონის სახალხო მოსამართლედ, ამავე რაიონის სასამართლოს თავმჯდომარედ, სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსად, ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მრჩევლად მუშაობის პერიოდი არ ჩაითვლებოდა წელთა ნამსახურობის საერთო სტაჟში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. ხოლო ამავე მუხლის შესაბამისად, სახალხო მოსამართლის, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს რაიონული განყოფილების უფროსის, ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდის ჩათვლა საერთო წელთა ნამსახურობაში გათვალისწინებული არ იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. კ-ს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არ გააჩნდა სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 20-წლიანი სტაჟი, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა სოცფონდის 2004 წლის 29 მარტის ¹17/1579 წერილის გაუქმებისა და წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 59-ე მუხლი იმის თაობაზე, თითქოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში წელთა ნამსახურობა არ ითვლებოდა წელთა ნამსახურობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:

მოსარჩელე ლ. კ-ე 1971-1976 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე. 1975-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს ალკკ ზესტაფონის რაიონის ...ად, შემდეგ კი სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობაზე. 1982 წლიდან არჩეულ იქნა ზესტაფონის რაიონის სახალხო ...ედ, შემდეგ _ ამავე ... თავმჯდომარედ, საიდანაც რწმუნების ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა 1991 წლის 7 აგვისტოდან. 1992 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონული განყოფილების ...ად, საიდანაც გათავისუფლდა 1994 წლის 1 აპრილიდან და დაინიშნა ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის ...ად. ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა 1994 წლის 30 სექტემბერს. ამავე წლიდან დაინიშნა ახალციხის რეგიონალური სამხედრო სამსახურის ...ედ, საიდანაც გათავისუფლდა 1996 წელს. იმავე წლის 10 აპრილიდან დაინიშნა ახალციხის რეგიონალურ სამხედრო ...ად, საიდანაც დათხოვნილ იქნა 1999 წლის 27 მაისს. იმავე წელს დაინიშნა ჯერ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ...ედ, ხოლო შემდეგ არჩეულ იქნა საქართველოს ... წევრად.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა სოცფონდის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს ლ. კ-ს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი არ უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ლ. კ-ე წარმოადგენს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, ამიტომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას 1971-1976 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდი - 5 წელი უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ მხარეებს და იგი კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო პალატა ვეღარ იმსჯელებს ლ. კ-ის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის კანონიერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა" პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: “საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრების განკარგულებაში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი”. ზემოაღნიშნული მუხლიდან ჩანს, რომ პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული მხედველობაში, თუ პირი ამავე დროს იმყოფებოდა სამხედრო სამსახურის ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების განკარგულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული კანონის საფუძველზე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სახალხო ...ის, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს რაიონული განყოფილების ...ის, ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის ...ის თანამდებობაზე ნამსახურობის ჩათვლა პენსიის დასანიშნად საჭირო საერთო წელთა ნამსახურობაში გათვალისწინებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1975 წლის 1 ოქტომბრიდან 1982 წლის 23 ივნისამდე ლ. კ-ის პარტიულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი ვერ ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში როგორც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის საფუძველზე, ასევე სსრკ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 24 ივნისის ¹562 და 1983 წლის 11 იანვრის ¹32 დადგენილებების საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებებით გათვალისწინებულია პასუხსაგებ პარტიულ თანამდებობაზე მუშაობის ჩათვლა ...ის და ... ორგანოებში მუშაობის სტაჟში და არა წელთა ნამსახურობის პენსიის დასანიშნად გათვალისწინებულ სტაჟში.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 59-ე მუხლით შეიარაღებულ ძალებსა და საერთო სასამართლო ორგანოებში მუშაობა ერთმანეთთან არის გათანაბრებული, რის გამოც სასამართლო სისტემაში მუშაობის პერიოდი მას უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობაში. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოს ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას თავიანთი სტატუსით ისინი უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს. მითითებულ მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ ადრინდელი წელთა ნამსახურობა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში). მოცემულ შემთხვევაში კანონი სამართალდამცავ ორგანოებში პირდაპირ გულისხმობს პოლიციის ორგანოებს და არა საერთო სასამართლოებს. შესაბამისად, ერთმანეთთან არის გათანაბრებული ნამსახურობა არა შეიარაღებულ ძალებსა და საერთო სასამართლო ორგანოებში, არამედ შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციის ორგანოებში. ამრიგად, 59-ე მუხლი არ ითვალისწინებს საერთო სასამართლო ორგანოებში ადრინდელი ნამსახურობის ჩათვლას წელთა ნამსახურობაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. კ-ეს არ უგროვდება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის 20-წლიანი სტაჟი, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.