¹ ას-228-917-03 22 ივლისი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “მ.-ის” მიმართ და მიუთითა, რომ 2000წ. 27 ნოემბრიდან მუშაობდა შპს “მ.-ის” კომპოზიტორთა ...-ის შემოქმედებითი სახლის დირექტორად. მისი ხელფასი შეადგენს თვეში 60 ლარს. 2002წ. 1 ივლისს შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების დარღვევით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მოითხოვა 18 თვის მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგი აღდგენილ იქნა ...-ის შემოქმედებითი სახლის დირექტორის თანამდებობაზე. ამასთან, მას უარი ეთქვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების შესაბამისად მოსარჩელის მიერ დარღვევის ვერცერთი ფაქტი. ამიტომ შ.-ი აღდგენილ იქნა მის თანამდებობაზე. იმ მოტივით, რომ იგი თავისი სამსახურებრივი საქმიანობით ვალდებული იყო ეზრუნა შპს “მ.-ის” შემოსავალზე, საიდანაც მას მიეცემოდა ხელფასი, ხოლო შემოსავლის მიღების თაობაზე მხარემ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ნ. შ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა 18 თვის გაუცემელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ბრძანებაში არ არის მითითებული მისი ვალდებულების თაობაზე ეზრუნა შპს “მ.-ის” შემოსავალზე. ამასთან, შკკ-ს 207-ე მუხლის თანახმად, უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშაკს სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური დროის ხელფასი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “მ.-ს” ნ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი 960 ლარის, ხოლო იძულებით განაცდური 480 ლარის ოდენობით, სულ _ 1440 ლარი, რადგან ხელფასის თაობაზე ბრძანებაში ხელფასის მიღებისათვის რაიმე პირობა არ იყო დათქმული.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. შ.-ს ხელფასი უნდა მიეღო მხოლოდ შპს “მ.-ში” შემოსავლების არსებობის შემთხვევაში. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ...-ის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობა იყო ნ. შ.-ის სამუშაოდან განთავისუფლების და არა ხელფასის დაკავების საფუძველი.
შპს “მ.-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შ.-ს ხელფასი უნდა მიეღო შპს-ის მიერ მიღებული მოგებიდან, შ.-ის დირექტორობის დროს კი საზოგადოებამ განიცადა მატერიალური ზარალი. აღნიშნული კი განაპირობა ამ უკანასკნელის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობამ. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.2 და 9.7 მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად ხელმძღვანელის საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მოთხოვნას. ნ. შ.-მ კი ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა მის არაბრალეულობას საზოგადოებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანში. კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 121-ე მუხლის “გ” პუნქტი და შ.-ისთვის, როგორც მატერიალური პასუხისმგებლობის მქონე პირისათვის უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაკისრებოდათ თანხის გადახდა მისი შემდგომი მოთხოვნის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შპს “მ.-ის” დირექტორის 2000წ. 27 ნოემბრის ბრძანებით, ნ. შ.-ი დანიშნულია კომპოზიტორთა ...-ის შემოქმედებითი სახლის დირექტორად და მისი ხელფასი განსაზღვრულია ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით. შკკ-ს 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით, დადგენილი წესით და პირობებით. თავისთავად, შპს “მ.-ის” დირექტორის ბრძანების არსებობა ადასტურებს შპს-სა და ნ. შ.-ს შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობას. ნ. შ.-ის დანიშვნის და ხელფასის დანიშვნის ბრძანებებში მითითებული არ არის ხელფასის მიღების სხვა პირობა, გარდა იმისა, რომ მას ყოველთვიურად განესაზღვრა ხელფასი 60 ლარის ოდენობით. ამიტომ, თანახმად შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილისა, მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაკისრებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კასატორისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. შ.-ს განაცდური არ უნდა აუნაზღაურდეს იმის გამო, რომ კომპოზიტორთა ...-ის შემოქმედებით სახლს შემოსავლები არ ჰქონდა და მას ხელფასი უნდა მისცემოდა მხოლოდ მოგებიდან, ვინაიდან ასეთი პირობა შ.-ის თანამდებობაზე დანიშვნისა და ხელფასის განსაზღვრის თაობაზე ბრძანებაში დაფიქსირებული არ არის და იგი არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.
ის გარემოება, რომ თითქოს ნ. შ.-ის ბრალეული მოქმედებით ზიანი მიადგა კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლს, ვერ გამოდგება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს “მ.-ს” უფლება აქვს იდავოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც ამ საკითხთან მიმართებაში მხარეს შეტანილი არ ჰქონია შეგებებული სარჩელი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნ. შ.-ის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზიანზე, მით უფრო, აღნიშნული არგუმენტი შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას ვერ გამოიყენებდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 და 9.7 მუხლებს, ვინაიდან ნ. შ.-ი საზოგადოების დირექტორი არ ყოფილა, რადგან ასეთად იგი არ არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.4.3 მუხლის შესაბამისად.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთასებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე შპს “მ.-ი” უფლებამოსილი იყო გაენთავისუფლებინა ნ. შ.-ი დაკავებული თანამდებობიდან მისი საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში. აღნიშნული მიზეზით ნ. შ.-ი სამსახურიდან არ განთავისუფლებულა და მოგვიანებით მან შეწყვიტა მეორე თანამდებობაზე მუშაობა, ამიტომ აღნიშნული გარემოებაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.