Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-229-916-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ა-მა სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 1999წ. 2 მარტს მასსა და მოპასუხე ე. ზ-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ... მდებარე ¹2 ბინის, მისთვის როგორც კანონიერი მფლობელისათვის. ხოლო ... მდებარე ბინის მოპასუხეებისათვის მიკუთვნება, სკ-ს 81-ე მუხლის შესაბამისად.

ვ. ა-ი სარჩელში განმარტავს, რომ სანოტარო პალატის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ... ბინა ეკუთვნის ე. ზ-ს, ხოლო ... მდებარე ბინა მთლიანად ეკუთვნის მას. ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობის მიხედვით, ... მდებარე ¹2 ბინა ირიცხება მოქ. ნ. შ-ის სახელზე, რომელთანაც არავითარი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ა-ს არ დაუდია და ... მდებარე ბინა კი ირიცხება მის სახელზე. ამდენად, ა-ი აღმოჩნდა მოტყუებული. თუ რა ხერხებით და საშუალებით იქნა ... მდებარე ბინა მასზე გადაფორმებული, ან ვ. ა-ის კუთვნილი ბინის შველიძეზე გადაფორმება როგორ მოხდა მან არ იცის.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ვ. ა-ს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

მოპასუხე ნ. შ-ის მიერ აღძრული იქნა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შ-ე, სკ-ს 158-ე, 172-ე, 183-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვდა ა-ის ბინიდან გამოსახლებას იმ საფუძვლით, რომ მან 1999წ. ორ მარტს ა-ისაგან შეიძინა ... მდებარე ბინა, რომელმაც იმ პერიოდშივე შეიძინა სხვა ბინა და გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ ვლ. ა-მა გატეხა ბინის კარი და უკანვე დაბრუნდა მის მიერ გაყიდულ ბინაში. მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, ვ. ა-ი არ ათავისუფლებს ბინას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა შველიძის შეგებებული სარჩელი და მოსარჩელე ვლ. ა-ი გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისი, ... ¹16, ბინა ¹2-დან.

ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულ იქნა რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილებულ იქნა – გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

განმეორებითი განხილვის შედეგად ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა არც ა-ის სარჩელი, ასევე ნოდარ შველიძის შეგებებული სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. შ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება შეგებებული სარჩელის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 327-ე მუხლის და “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 158-ე მუხლი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. შ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ნ. შ-ის სარჩელი და ვ. ა-ი გამოსახლდა თბილისში, ... მდებარე ¹ 2 ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ვლ. ა-ის მიერ საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი, ხოლო დასკვნის დასასაბუთებლად უნდა გამოეყენებინა 158-ე მუხლის I ნაწილი. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას შ-ეს გააჩნდა სადავო ქონების მფლობელობის უკეთესი უფლება. 2002წ. 22 ოქტომბრისათვის ... მდებარე ბინა საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება. ა-ი კი ბინას ფლობდა მის სახელზე ტექ. ბიუროში აღრიცხვის დღიდან.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც სადავო ბინა აღრიცხულია ნ. შ-ის სახელზე, არის მოთხოვნა ახალი საფუძვლით და აქ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სარჩელის საგნის ან საფუძვლის შეცვლა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ამგვარი თანხმობა კი არ ყოფილა მიღებული, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები – ვ. ა-სა და ნ. შ-ეს შორის 1999წ. 2 მარტს დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ. ა-მა მიჰყიდა ნ. შ-ეს ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ...

1999წ. 8 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. ა-მა ე. ზ-ისაგან იყიდა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა.

1999წ. 30 დეკემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ზ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 8 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვლ. ა-სა და ე. ზ-ს შორის. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ... მდებარე სადავო ბინა აღრიცხულია ნ. შ-ის სახელზე.

საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვლ. ა-ს არ გამოუვლენია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება და არ დაუდია ხელშეკრულება, არც ნ. შ-ესთან და არც ე. ზ-თან, რომ თითქოს იგი მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს ... ქუჩაზე.

მოსარჩელე ვ. ა-მა ვერ დაადასტურა, რომ მას უნდოდა ბინის გაცვლა. ვინაიდან ვ. ა-მა არ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში და იგი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში ასეთი პრეტენზია კასატორს არ წამოუყენებია.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ ნ. შ-ეს გააჩნდა სადავო ნივთის ფლობელობის უკეთესი უფლება. ვინაიდან, სკ-ს 183-ე მუხლის I ნაწილის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მოცემულ შემთხვევაში შემძენ ნ. შ-ეს გააჩნდა საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძველი. იგი რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრედ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის საფუძველზე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ნ. შ-ემ სააპელაციო სასამართლოში საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენით შეცვლა სარჩელის საფუძველი. ვინაიდან მან წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებდა, (აზუსტებდა) სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს.

გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა ნ. შ-ე სადავო ბინის მესაკუთრედ. სწორად ჩათვალა იგი უკეთესი უფლების მქონედ ვლ. ა-თან შედარებით, რომელიც სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად ეს უკანასკნელი გამოასახლა სადავო ბინიდან.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.