Facebook Twitter

საქმე # 330100120003465475

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №933აპ-22 ქ. თბილისი

შ–ე თ., 933აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. შ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. შ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. შ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ის არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებუელბები არადამაჯერებელი და არასარწმუნოა; მოწმეთა ჩვენებებსა და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის იკვეთება არსებითი წინააღმდეგობები; თ. შ–სისაგან ნიმუშის აღება ჩატარდა კანონდარღვევით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით თ. შ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. შ–სეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ–მ ჩაიდინა ბრალდებულის მოთავსების ადგილზე აკრძალული საგნის შენახვა და ამ საგნით სარგებლობა.

თ. შ–სის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 18 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ბრალდებული თ. შ–სე ინახავდა აკრძალულ საგანს - საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად მიღებულ მჭრელ და ბასრ ლითონის ფირფიტას, რითიც პატიმართა დროებითი მოთავსების საკნებთან მდებარე საპირფარეშოში მარცხენა ხელზე მიიყენა დაზიანება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა

სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. შ–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სრულყოფილად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: მოწმეების - ლ. ტ–ს, ვ. ფ–ს, დ. ო–ს, დ. თ–სა და სხვათა ჩვენებებით, თ. შ–სისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ 2017 წლის 4 სექტემბრის ოქმით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 18 მაისს შედგენილი ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის ნული სართულის პატიმართა განთავსების ადგილის 2018 წლის 18 მაისის ვიდეოჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - დ. კ–ს ჩვენებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებითა და მისი გამცემი ექსპერტის - ე. ს–ს ჩვენებით, ბრალდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების 2018 წლის 18 მაისის ოქმით, თ. შ–სის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - ე. ჩ–ს ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მოწმეთა ჩვენებებსა და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ვინაიდან ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბრალდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმებთან, კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური (გენეტიკური) და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან, ვიდეოჩანაწერსა და სხვა მტკიცებულებებთან. მითითებული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მტკიცებულებათა მოპოვებისას, მათ შორის - თ. შ–საგან ნიმუშების აღებისას, საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. შ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე