გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-233-912-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: აღწერილობის სიიდან ნივთების ამორიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ს ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2660 აშშ დოლარის გადახდა. 2002წ. 24 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა აღწერა და ყადაღა დაადო ვ. ლ-ის კუთვნილ ქონებას.
2002წ. 21 ნოემბერს ე. ლ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. ლ-ის და ნ. ჭ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ყადაღისგან მისი ქონების გათავისუფლება. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღმასრულებლის მიერ მისი შვილის – ვ. ლ-ის ქონების აღწერისა და დაყადაღებისას აღწერის სიაში შეტანილ იქნა მისი მოძრავი და უძრავი (1 ჰა მიწის ნაკვეთი) ქონება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ი. ბ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ი. ბ-მა განმარტა, რომ სხდომის დღეს მაღალი წნევის გამო ამბულატორიულ მიღებაზე იმყოფებოდა ექიმთან შპს “მ.”, რის გამოც გამორჩა სასამართლოსთვის ეცნობებინა გამოუცხადებლობის მიზეზი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინებით ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ბ-ის მიერ მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არ არის სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან შპს “მ.” მდებარეობს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ი. ბ-ს შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა სხდომის გადადების მოთხოვნით.
რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ლ-ს სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესის მიხედვით. იგი 2002წ. 24 დეკემბერს სხდომაზე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის არ უცნობებია. ამდენად, სასამართლოს სსკ-ს 233-ე მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია. რაც შეეხება მხარის წარმომადგენელ ი. ბ-ის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონულ სასამართლოში არც საქმის განხილვამდე და არც განხილვის პერიოდში არ იყო წარდგენილი ე. ლ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება ი. ბ-ისთვის წარმომადგენლობის უფლების მინიჭების შესახებ. აღნიშნული რწმუნებულება ი. ბ-მა სასამართლოს წარუდგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივართან ერთად.
ი. ბ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სსკ-ს 241-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმათა დარღვევით). კასატორს საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სსკ-ს 241-ე მუხლი, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იქნა გამოკვლეული და სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე რაიონული სასამართლოს მიერ გამოძახებული იქნა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ იგი არ გამოცხადდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას (წარმომადგენელს) ავადმყოფობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მხარის წარმომადგენელი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მიწვეული 2002წ. 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, რადგან არც საქმის განხილვამდე და არც განხილვის პერიოდში მხარე წარმომადგენლის მეშვეობით არ მონაწილეობდა საქმეში.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან საოლქო სასამართლოს მიერ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ლ-ის წარმომადგენელ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.