Facebook Twitter

ას-234-911-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჩ-ი 1982 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა გ. მ-თან. 1999წ. 4 თებერვალს გ. მ-მა შეიძინა ქ.თბილისში ... ოროთახიანი ბინა.

2000წ. 1 ივნისის ხელშეკრულებით გ. მ-მა აღნიშნული ბინა გაასხვისა ლ. ჩ-ზე.

2000წ. აგვისტოში რ. ი-ემ აღძრა სარჩელი გ. მ-ის და ლ. ჩ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ბინიდან გამოსახლების შესახებ. შეგებებული სარჩელით ლ. ჩ-მა მოითხოვა კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. არ დაკმაყოფილდა ლ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ი-ის სარჩელი. დაკმაყოფილდა ლ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი. რ. ი-ის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.

რ. ი-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არ არის გამოყენებული კანონი, რომელიც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა; გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინა გ. მ-მა და რ. ი-ემ შეიძინეს ქორწინების განმავლობაში. აღნიშნული ბინა სკ-ს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). უძრავ ნივთზე საკუთრება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. სკ-ს 185-ე მუხლის შესაბამისად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სადავო ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გ. მ-ი, ამიტომ კანონის მითითებული ნორმის თანახმად იგი ითვლებოდა მესაკუთრედ, რადგან სადავო ბინა ტექინვენტარიზაციის ბიუროში ირიცხებოდა მის სახელზე. ტექინვენტარიზაციის მონაცემები უთანაბრდება რეგისტრაციის ჩანაწერს.

ლ. ჩ-ისათვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ გ. მამასახლისს ჰყავდა მეუღლე, რაც დასტურდება ხელშეკრულების მხარეების მიერ 2000წ. 1 ივლისს ნოტარიუსთან წარდგენილი განცხადებით.

ლ. ჩ-ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. მისი საკუთრების უფლება სადავო ბინაზე დადგენილია ნასყიდობის ხელშეკრულებით.

სადავო ბინაში ცხროვრობს ლ. ჩ-ი, ამიტომ შეგებებული სარჩელით მას არ მოუთხოვია ამ ბინიდან რ. ი-ის გამოსახლება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება რუსუდან ინასარიძის ბინიდან გამოსახლების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია მყიდველის მიერ ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, არ წარმოადგენს სკ-ს 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გარიგების ბათლად ცნობის საფუძველს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

კასატორს შეუძლია სადავო ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით კუთვნილი წილის მისაღებას მოთხოვნა წაუყენოს თავის მეუღლეს გ. მ-ს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

რ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ნაწილობრივ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდეს რ. ი-ის სარჩელი. დაკმაყოფილდეს ლ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი კეთილსინდისიერ შემძენად ცნობის შესახებ.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.