გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-235-935-03 11 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საერთო საკუთრების სახლის ნატურით გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისში, ... მდებარე სახლის 3/8 აღირიცხა ს. მ-ას, ხოლო 2/8 ს. გამბაროვას სახელზე.
ს. მ-ამ და ს. გ-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს იდეალურ წილების შესაბამისად, საერთო საკუთრების სახლის ნატურით გაყოფა შემდეგი საფუძვლით: სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხე ჯ. მ-ი, რომელზედაც ირიცხება სადავო სახლის 3/8, უარს ეუბნება ს. მ-ას კუთვნილი ფართის მიცემაზე.
მოპასუხე ჯ. მ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: სადავო სახლში ცხოვრობს 19წ. ასაკიდან, დაკავებული აქვს მამის მამკვიდრებელი მ. მ. ო. სახელზე რიცხული ბინის 2 ოთახი. ამავე დროიდან დაეუფლა მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობებს, რომლებიც მისი აშენებულია და საერთო საკუთრებაში არასოდეს ყოფილა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარინგნულ მ-ასა და ს. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მათ იდეალური წილების შესაბამისად, გამოეყოთ ¹3 და ¹4 ოთახები, მოპასუხე ჯ. მ-ს კი ¹1 დ ¹2 ოთახები, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დამხმარე ფართობის, ლიტერ “გ” ნაგებობის, ნატურით გაყოფაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართის სამ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია, ხოლო ორ ნაწილად გაიყოს ისე, რომ ჯ. მ-ს გამოეყოს ¹1, ¹2 _ 46,5მ2, საცხოვრებელი ოთახები, რაც 11,11მ2-ით მეტია იდეალური წილით კუთვნილ ფართზე, ხოლო ს. მ-ასა და ს. გ-ას გამოეყოთ ¹3 და ¹4 საცხოვრებელი ოთახები, რაც 5/8 წილით კუთვნილ ფართზე ნაკლებია, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ მოითხოვონ ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ, ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ დამხმარე სათავსს ლიტერ “გ”-ს აშენების დღიდან ფლობდა ჯ. მ-ი, რაც არავის სახელზე ირიცხება. მამკვიდრებელი გ. მ-ი გარდაიცვალა 1992 წელს, ჯ. მ-ი რვა წელია სარგებლობს ამ ფართით, აქამდე პრეტენზია არავის განუცხადებია, რის გამოც ეს მოთხოვნა სასამართლომ ხანდაზმულად ჩათვალა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღეს ახალი, რომლითაც სადავო სახლიდან ს. მ-ასა და ს. გ-ას კუთვნილი იდეალური წილების შესაბამისად, გამოეყოთ ¹2 და ¹3 ოთახები გამყოფი კედლის მოშლითა და ახალი კედლის ამოშენების უფლებით. ჯ. მ-ს კუთვნილი წილის შესაბამისად, გამოეყო ¹1 ოთახი და ¹3 გამყოფი კედლის გადატანის შემდეგ დარჩენილი 16,6მ2 ოთახი, კედლის გადატანის ხარჯები დაეკისრა ორივე მხარეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა განმეორებულ სასამართლო საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას. რაც შეეხება ლიტერ “გ” დამხმარე სათავსს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო ქონებად, რადგან იგი მამკვიდრებელ მ-ის სახელზე არ ირიცხებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა როგორც სარინგულ მამედოვამ, ისე ჯ. მამედოვმა.
სარინგულ მ-მა მოითხოვა გადაწყვეტილების გუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მემკვიდრეებს უარი ეთქვათ დამხმარე ლიტერ “გ”-ს ნაგებობის გაყოფაზე. ჯ. მ-მა კი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და არა ექსპერტიზის დასკვნა.
საკასაციო პალატის 2002წ. 24 მაისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს თუ რა ქონება შეადგენდა მამკვიდრებელ მ. მ-ის სამკვიდრო მასას და ლიტერ “გ” დამხმარე სათავსი ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა აშენებული.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღეს ახალი, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. მ-ისა და ს. გ-ას სარჩელი და მათ თბილისში, ... მდებარე “ბ” საცხოვრებელი სახლიდან გამოეყოთ ¹4 და ¹3 ოთახები. ¹2 და ¹3 ოთახების გამყოფი კედლის მოშლით და ახალი კედლის აშენებით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნის შესაბამისად, კედლის გადატანის ხარჯები დაეკისრათ მხარეებს. ჯ. მ-ს კუთვნილი წილის შესაბამისად, ლიტერ “ბ” ნაგებობიდან გამოეყო ¹1 ოთახი, ¹2 და ¹3 ოთახების გამყოფი კედლის გადატანის შემდეგ @¹2-16,66მ2 ოთახი. ლიტერ “გ” ნაგებობიდან ჯ. მ-ს გამოეყო იდეალურ წილის შესაბამისად, ¹4 ტუალეტის სათავსი, ¹3 სამზარეულო სათავსი, ¹1 სათავსის ნაწილი _ 26,67მ2. სარინგულ მამედოვას ლიტერ “გ” დამხმარე ნაგებობიდან გამოეყო ¹2 სათავსი ფართით 33,13, ს. გ-ას კი ¹1 სათავსის ნაწილი ფართით 30,07. გამოყოფასთან დაკავშირებული ხარჯები მესაკუთრეებს დაეკისრათ თანაბარწილად.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ლიტერ “ბ” ნაგებობა შეიძლება გაიყოს მხარეებს შორის უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2001წ. 15 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლიტერ “გ” დამხმარე ნაგებობა კანონიერია და წარმოადგენს მამკვიდრებელ მ. მ-ის სამკვიდრო მასას, რომელიც ასევე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გაიყო მხარეებს შორის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. მ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მისთვის მიწერილი 3/8 და ს. მ-ას 2/8 გაათანაბრა დადგენილებით ნაწილში ან აურია ს. გ-ის 3/8-ში და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელია, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სახლის გაყოფის დროს უშიშროების სამინისტროს საექსპერტო დასკვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე ლიტერ “ბ” და ლიტერ “გ” ნაგებობები საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მხარეების მამაზე მ. მ-ზე. მხარეები მ. მ-ის მემკვიდრეები არიან. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო სახლის 3/8 მესაკუთრედ ირიცხება სარინგულ მამედოვა, ხოლო 2/8-ის ს. გ-ა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარინგულ მამედოვასა და ს. გ-ას სარჩელი, რადგან სკ-ს 963-ე მუხლის თანახმად, “საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით”. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო) შესაძლებლად მიიჩნია სასამართლომ მხარეებს შორის წილების შესაბამისად სადავო სახლის გაყოფა. მხარეებს შორის. სწორედ იმის გამო, რომ ღირებულების შემცირების გარეშე მომხდარიყო მხარეთა შორის სახლის ნატურით გაყოფა, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო უშიშროების სამინისტროს ექსპერტიზის სასამმართველოს 2001წ. 15 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნას. დადგენილია, რომ ლიტერ “გ” ნაგებობა არის დამხმარე სათავსი, ამდენად საცხოვრებელი სახლის წილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაყო დამხმარე სათავსი მხარეებს შორის. პალატა ვერ გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აურია სარინგულ მამედოვას 2/8 ნაწილი ს. გ-ას 3/8 ნაწილში ან გაუთანაბრა მის 3/8 ნაწილს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხარეებს წილები ნატურით გამოყოფილი აქვთ მათი იდეალური წილების შესაბამისად.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.