Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ას-23-726-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ-ი და ი. გ-ი მუშაობდნენ შპს “ა-ის” დიდუბის რაიონის მარკენტინგის აგენტებად. შპს “ა-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 31 მაისის ¹39 ბრძანებით ი. მ-ი და ი. გ-ი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან სისტემატური დისციპლინური დარღვევების გამო. მათ 2001წ. 19 ივლისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების, იძულებითი განაცდურის, ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ისა და ი. მ-ის სასარჩელო განცხადებას მოპასუხეების შპს “ა-ის”; გ.კ-ას და რ.ლ-ის მიმართ იძულებითი განაცდურის 480 აშშ დოლარის, ხელფასის დავალიანების 60 აშშ დოლარის, მორალური ზიანის 4000 ლარის გადახდევინების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

ი. გ-მა და ი. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მათ სააპელაციო პალატაში მოითხოვეს ასევე სამუშაოზე აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ შპს “ა-ში” ი. მ-ი და ი. გ-ი დიდუბის რეგიონში მარკეტინგის აგენტებად იქნენ მიღებული 2000წ. 20 სექტემბერს. 2001წ. 31 მაისს ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ შკკ-ს 34-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე. სარჩელი ი. გ-ისა და ი. მ-ის მიერ იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეტანილ იქნა 2001წ. 25 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ წარდგენილ იქნა აპელაციაში.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტების განცხადება იმის თაობაზე, რომ მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, რადგან შკკ-ს 204-ე მუხლის შესაბამისად დარღვეული უფლებისათვის მუშაკს შეუძლია სასამართლოს მიმართოს ერთი თვის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში აპელანტების მიერ დარღვეულია სასამართლოსათვის მიმართვის ვადები, რის გამოც სააპელაციო პალატამ სარჩელს უთხრა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

შკკ-ს 207-ე მუხლის თანახმად იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ წინანდელ სამსახურში აღდგენილი იქნა მუშა ან მოსამსახურე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ხელფასის დავალიანების, 60 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ფიქსირებული გადასახადი 30 აშშ დოლარის ოდენობით და ის მხარეს არ მიუღია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ-ს 2000წ. ნოემბერ-დეკემბერში ხელფასი ანაზღაურებული აქვს სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ეკუთვნის მხარეებს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-მა და ი. მ-მა. მათ მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი სამუშაოდან დათხოვნილ იქნენ უკანონოდ. მოპასუხე ორგანიზაციას მათი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება 2001წ. 31 მაისში არ მიუღია, ეს ბრძანება დაიწერა 2001წ. 29 აგვისტოს, ამიტომ ეს ბრძანება გაყალბებულია; მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ კასატორების მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები. ამიტომ შრომის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევისათვის შკკ-ს 34-ე მუხლის “გ” პუნქტით მათი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოა. მათ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს იძულებითი განაცდური ხელფასი მთელი პერიოდის მანძილზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. გ-ის და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “ა-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 31 მაისის ¹39 ბრძანებით ი. მ-ი და ი. გ-ი განთავისუფლდნენ სამუშაოდან სისტემატური დისციპლინური დარღვევების გამო. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება გაყალბებულია, რადგან მოპასუხემ იგი დაწერა 2001წ. 29 აგვისტოს და 2001წ. 31 მაისს ასეთი ბრძანება არ მიუღიათ. ი. გ-მა და ი. მ-მა 2001წ. 19 ივლისს აღძრეს სარჩელი მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ და მოითხოვეს იძულებითი განაცდურის, ხელფასის დავალიანების, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და მათ ამ სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ სამუშაოდან გათავისუფლებულები. ამდენად, მათთვის 2001წ. ივლისისათვის უკვე ცნობილი იყო სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების არსებობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. კასატორებმა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა წარადგინეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რითაც დაარღვიეს მათ სასამართლოსათვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორების მოთხოვნას იძულებითი განაცდურის მიღების თაობაზე, რადგან შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იძულებითი განაცდური ეძლევათ იმ მუშაკებს, რომლებიც სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილნი არიან და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ იქნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სააპელაციო პალატამ 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ისე გააუქმა მთლიანად მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელს სამუშაოზე აღდგენის შესახებ უარი უთხრა ხანდაზმულობის ვადის გამო, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საერთოდ არ გადაწყვიტა მოსარჩელეთა შემდეგი მოთხოვნა: იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, და ხელფასის დავალიანების თაობაზე, რითაც დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ი.გ-ისა და ი.მ-ის მოთხოვნები ხელფასის დავალიანების გადახდის შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ფიქსირებული გადასახადი 30 აშშ დოლარის ოდენობით და ის მხარეს არ მიუღია, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.გ-ს 2000წ. ნოემბერ-დეკემბერში ანაზღაურებული აქვს ხელფასი.

სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო პალატა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

პალატა თვლის, რომ კასატორთა ხელფასის დავალიანების ნაწილში არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ი. გ-ს და ი. მ-ს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებიათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ი. გ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ი. გ-ისა და ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.