გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-237-929-03 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 ივნისს თ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე დ. გ-ის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2000წ. 19 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება 2001წ. 19 ნოემბრამდე. დ. გ-მა დათქმულ ვადაში სესხი არ დააბრუნა. 2002წ. 22 თებერვალს თ.ქსოვრელის განცხადების განხილვის შედეგად რუსთავის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის ძალითაც დ.გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა სულ 5410 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. როგორც თ.ქ-ისათვის იყო ცნობილი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა ქ.რუსთავში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც, მოსარჩელის აზრით, კუთვნილი თანხის დაბრუნების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, თუმცა 2002წ. 25 თებერვალს კერძო საჩივრის განხილვის დროს თ.ქ-მა შეიტყო, რომ ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინა 2001წ. 14 სექტემბერს დ. გ-მა აჩუქა მამამისს, გ. გ-ს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარიგება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას და სკ-ს 56-ე მუხლის თანახმად მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. თ.ქსოვრელმა მიუთითა, რომ გ. გ-ისათვის ცნობილი იყო შვილის ვალების შესახებ, რა მიზეზითაც დაიდო სადავო ჩუქების ხელშეკრულება.
2002წ. 13 ივნისს გ. გ-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მისი მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო დ. გ-ის ვალების შესახებ და მთელი ოჯახის ღია ცის ქვეშ დარჩენის საშიშროების ასაცილებლად გააფორმა მასთან ბინის ჩუქების ხელშეკრულება. გ.გ-ის აზრით, აღნიშნული გარიგება თვალთმაქცური არ არის, ვინაიდან, მიზნად არ ისახავს სხვა გარიგების დაფარვას. გ.გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იგი ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ თ.ქსოვრელის სარჩელი შედგენილი იყო არა სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ მოსამართლე ქ.ბ-ის სახელზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
ამავე სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. გაუქმდა საჯარო რეესტრის 2002წ. 11 მარტის ამონაწერი, რომლის საფუძველზეც სადავო ბინის მესაკუთრე გახდა გ.გ-ი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-მა მამისათვის სადავო სახლის ჩუქების ნება გამოავლინა არა თავისუფალი თვითგამორკვევის, არამედ გარეშე ფაქტორთა ზეგავლენის საფუძველზე, რაც, სასამართლოს აზრით, მისი ნების ნაკლს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გამოწვეული იყო მის მიერ აღებული სესხის დაბრუნების საშუალებათ ბინის გასხვისების თავიდან აცილებით.
სასამართლომ 2001წ. 14 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით დადებულ გარიგებად, ვინაიდან მის მიზანს არ წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის დადგომა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება და 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გრ.გ-მა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი წარმოადგენდა მოპასუხეს და არა მესამე პირს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ.ქ-სა და დ.გ-ლს შორის 2000წ. 19 მაისს დაიდო 4830 აშშ დოლარის უპროცენტო სესხის ხელშეკრულება 2001წ. 19 ნოემბრამდე. სესხის ხელშეკრულების დადებისას დ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ.რუსთავში, ... არსებული სამოთახიანი ბინა, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე ორი თვით ადრე, 2001წ. 14 სექტემბერს, დ. გ-მა აჩუქა მამას, გრ.გ-ს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩუქება რეალური ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად ითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ნივთის (სახლის) გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რადგან გ.გ-ი ჩუქებამდეც ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. საოლქო სასამართლოს აზრით, აღნიშნული გარიგება დაიდო მოჩვენებით და მიზნად ისახავდა დ.გ-ის კუთვნილი ბინის ხარჯზე მის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თავიდან აცილებას. მითითებულ მოსაზრებას ამყარებდა თვით გ.გ-ის შესაგებელში მიცემული განმარტება სადავო ჩუქების ხელშეკრულების რეალური მიზნის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქ.ბ-ის აცილების შესახებ მოთხოვნის განხილვისას სსკ-ს 29-32-ე მუხლების დარღვევის ფაქტი.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გრ.გ-მა. მისი აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოსამართლე ქ.ბ-ის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებით დაცულ იქნა სსკ-ს 29-32-ე მუხლების მოთხოვნები, მაშინ, როცა მოსამართლე ქ.ბ-ემ დაარღვია 31-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 56-ე მუხლის მეორე და არა პირველი ნაწილით. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ პასუხობს მის აღწერილობით ნაწილში დასახელებულ გრ.გ-ის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების შესახებ. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ნივთის რეალურად გადაცემის სავალდებულობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, ვინაიდან, გ.გ-ი მანამდეც ცხოვრობდა სადავო ბინაში. მხარის აზრით, აღნიშნული არგუმენტი კანონსაწინააღმდეგოა, მესაკუთრეს უფლება აქვს უფლებრივად უნაკლო ნივთი, კერძოდ, სახლი, გააჩუქოს იმ პირზეც, რომელიც აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. გრ.გ-მა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნულ ინსტანციაში საქმის განხილვისას თ.ქ-ის მიერ გაკეთებული აღიარება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულების დადება და თანხის რეალურად გადაცემა სხვადასხვა დროს მოხდა. სესხი გათვალისწინებული იყო მხარეთა ერთობლივი საქმიანობისათვის, თუმცა მისი უზრუნველყოფის საშუალებათა განსაზღვრა თ.ქ-ს არ მოუთხოვია.
კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2000წ. 19 მაისს დ. გ-სა და თ. ქ-ს შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება 2001წ. 19 ნოემბრამდე, სესხის უზრუნველყოფის საშუალებათა განუსაზღვრელად. აღნიშნული მომენტისათვის დ.გ-ის სახელზე ირიცხებოდა ქ.რუსთავში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა.
ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, 2001წ. 14 სექტემბერს დ. გ-მა კუთვნილი ბინა აჩუქა მამამისს, გ. გ-ს. დათქმულ ვადაში სესხის დაბრუნება არ მომხდარა, რის გამოც კრედიტორმა მიმართა სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადახდის ბრძანებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5410 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თუმცა აღნიშნული ბრძანება ვერ აღსრულდა, რადგან დ.გ-ს ქონება არ აღმოაჩნდა.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი აღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს. ამრიგად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი გაზიარებულ უნდა იქნეს.
სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ, მართალია, დ. გ-მა, როგორც სადავო ბინის მესაკუთრემ, სესხის დაბრუნების ვადის დადგომამდე ორი თვით ადრე გამოავლინა მისი გაჩუქების ნება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მისი შინაგანი ნება მიმართული იყო კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისათვის თავის არიდებისაკენ და არა გარეგნულად გამოვლენილი ჩუქების განხორციელებისაკენ. აღნიშნული მოსაზრება დასტურდება გ. გ-ის შესაგებლითაც, სადაც აღინიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო შვილის ვალების შესახებ და ჩუქება განხორციელდა მათი ოჯახის სხვა წევრების ინტერესების დასაცავად. კერძოდ, ერთადერთი საცხოვრებელი ბინის შესანარჩუნებლად. ამრიგად, ზემოხსენებულ ნორმაში გათვალისწინებული გარიგების დადება გამიზნული იყო იმისათვის, რომ ჩუქების ხელშეკრულების თანმდევი სამართლებრივი შედეგის დადგომით _ მესაკუთრის შეცვლით დაეფარა მისი დადების რეალური საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს აზრით, 2001წ. 14 სექტემბრის ხელშეკრულება მართებულად იქნა ბათილად მიჩნეული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან იგი არ წარმოადგენდა სარჩელის საფუძველს. ვინაიდან დავის განხილვისას სასამართლო ვალდებულია სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს და იურიდიულად დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რათა გამოირიცხოს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული კანონის დარღვევის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებული განჩინებით არ დაურღვევია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან, განჩინება აკმაყოფილებს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ამრიგად, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც ვერ იქნება გაიზარებული.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის შესახებ პირველი ინსტანციის მოსამართლე ქ.ბ-ის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილ განჩინებაზე მსჯელობის ნაწილში. დადგენილია, რომ შუამდგომლობა ზემოხსენებული მოსამართლის მიმართ გრ.გ-მა შეიტანა სსკ-ს 33-ე მუხლის დარღვევით, რის გამოც იგი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამასთან, საოლქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა არ შეიცავდა ამავე კოდექსის 29-32-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძვლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.