საქმე # 330100121004254244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №976აპ-22 ქ. თბილისი
გ–ა ა., 976აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მ. კასატორი საკასაციო საჩირვით მოითხოვს ა. გ–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავის შესაბამისი მუხლით, შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები; დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს ა. გ–ს მიერ დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენების ფაქტს, მაგრამ განმარტავს, რომ მკვლელობის განზრახვის ნაწილში ა. გ–ას ბრალეულობის დასადასტურებლად არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი; დაზარალებულთან კამათის გამო განერვიულებულმა ა. გ–მ ე. წ. „შპატელიანი“ ხელი არამიზანმიმართულად მოუქნია დაზარალებულს, რაც მოხვდა მას, თუმცა მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები. მას აღენიშნებოდა ერთი მსუბუქი ხარისხის ნაკვეთი ჭრილობა და ერთიც - ნაკაწრი; ამასთან, მსჯავრდებულს ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის მიეყენებინა სხვა დაზიანებებიც, რაც მას არ გაუკეთებია; მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთება ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა; დაზარალებული და მოწმეები ფაქტობრივ გარემოებებს დამახინჯებით და არასწორად გადმოსცემენ, რის გამოც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ისინი; დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი ამოღებულია კანონდარღვევით; მსჯავრდებულმა არ იცოდა დაზარალებულის სამუშაო ადგილის მისამართი, რაც არც ა. გ–ას მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში არ არის მითითებული, რისი გათვალისწინებითაც, მის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც; სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულისათვის სასჯელი არ უნდა განესაზღვრა დანაშაულის რეციდივის წესით სასჯელთა განსაზღვრის წესით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ა. გ–სია, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1’’, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. გ–ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით;
ა. გ–სიას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 23 ნოემბრიდან;
გაუქმდა ა. გ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ–სიამ ჩაიდინა: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1’’, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა. გ–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- ა. გ–ა 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 19 ნოემბერს. ა. გ–სია, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ თ. პ–ა, როგორც წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მისი, როგორც მამაკაცის, მითითებებს, უკონტროლებდა სოციალურ ქსელებს, უკრძალავდა მამაკაცებთან ურთიერთობას, ეჭვიანობდა, რომ ჰყავდა საყვარლები, მისი სოციალური მოვალეობა ბავშვის გაზრდითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით უნდა შემოფარგლულიყო. 2020 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 14:40 საათზე, ა. გ–ა მივიდა ქ. თ–ში, გ–ში, ........ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „კ–ში“ და განზრახ მკვლელობის მიზნით, გენდერული ნიშნით, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელისა და ცხვირის არეში მიაყენა ჭრილობები. თ. პ–ს მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და სუპერმარკეტ „კ–ს“ დაცვის თანამშრომელ რ. ა–ს აქტიური ჩარევით მოხდა თ. პ–სგან მისი გარიდება, რის გამოც ა. გ–მ თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რითაც დაზარალებული გადაურჩა სიკვდილს.
- 2020 წლის 21 ნოემბერს ა. გ–ს მიმართ გამოიწერა №..... შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მას ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან – თ. პ–სთან მიახლოება, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც თ. პ–აა შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ა. გ–ა 2020 წლის 23 ნოემბერს მივიდა თ. პ–ს სამსახურში, ქ. თ–ში, გ–ში, ......ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „კ–ში’’, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა ა. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: ა. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“, „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 120-ე მუხლზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. გ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ იზიარებს, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ა. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“, ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. პ–ს ჩვენებით, მოწმეების - რ. ა–ს, მ. ფ–ს, ნ. გ–ს, თ. ტ–ს, ი. ზ–ს, ნ. ბ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2020 წლის 23 ნოემბრის ოქმით, დაზარალებულ თ. პ–ს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 8 იანვრის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - გ. ტ–ს ჩვენებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 7 აპრილის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - ე. კ–ს ჩვენებით, სეროლოგიური, გენეტიკური (ბიოლოგიური) ექსპერტზის 2021 წლის 5 აპრილის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის - ე. ფ–ს ჩვენებით, ა. გ–ს მიმართ 2020 წლის 21 ნოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. განზრახ მკვლელობის მცდელობისა, თუ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების საკითხის გამიჯვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მითითებული ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულის შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები N227აპ-16, N 680აპ-17).
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არა მარტო დაზარალებულ თ. პ–სათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა (თ. პ–ს მიყენებული აქვს ერთი მსუბუქი ხარისხის დაზიანება ყელზე და ერთი ნაკაწრი - ცხვირზე) მიუთითებს მკვლელობის განზრახვაზე, არამედ - სასამართლოებმა ასევე მხედველობაში მიიღეს: დაზიანების ლოკაცია, კერძოდ, მართალია, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობები მსუბუქი ხარისხისაა, მაგრამ მათი ლოკაცია (დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ თ. პ–ს, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, აღენიშნებოდა კისრის წინა ზედაპირზე 7-7 სმ სიგანისა და 2 სმ სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა, ჭრილობაში ჩანს გარეთა საუღლე ვენა, ხოლო მისი პირადი გასინჯვით - კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, ზემო მესამედში განივად მდებარე, გაკერილი, სწორკიდეებიანი ჭრილობა სიგრძით 8 სმ, გაკერილი 6 კვანძოვანი ნაკერით) ცხადყოფს ა. გ–ს მიზანმიმართულ ქმედებას - სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა და რომ არა თავდაპირველად დაზარალებულის მიერ მისთვის გაწეული აქტიური წინააღმდეგობა, ხოლო შემდეგ უკვე დაცვის თანამშრომლის - რ. ა–ს დროული მოქმედებები, მსჯავრდებული უპრობლემოდ მოიყვანდა თავის განზრახვას, თ. პ–ს მკვლელობას - სისრულეში; დანაშაულის ჩადენის ხერხი და ვითარება, კერძოდ, ა. გ–ა ხალხმრავალ ადგილას, სუპერმარკეტ „კ–ში“, იმ ადგილიდან, სადაც მხოლოდ სუპერმარკეტის თანამშრომლებს შეეძლოთ შესვლა, ზურგიდან მიეპარა დაზარალებულს და საკანცელარიო დანით ყელის არეში მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც დაზარალებულმა მას ხელები გაუკავა, მაგრამ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა და ყვირილისა, მან კვლავ მიაყენა დაზიანება ცხვირზე და მისი წაქცევის შემდეგაც ცდილობდა მის დაზიანებას მანამ, სანამ დაცვის თანამშრომელმა არ აღკვეთა ა. გ–ს ქმედება; ა. გ–ს ქცევა ქმედების განხორციელების შემდეგ, რა დროსაც იგი უყვიროდა დაზარალებულს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაინც მოკლავდა. ყოველივე აღნიშნული ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ა. გ–ს არ ჰქონდა დაზარალებულის განზრახ მკვლელობის განზრახვა და მეტყველებს საპირისპიროზე, რომ იგი სწორედ ამ განზრახვით მოქმედებდა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მითითებული დანაშაული მან ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.
11. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ა. გ–ა შემთხვევით აღმოჩნდა დაზარალებულის სამუშაო ადგილზე, ვინაიდან მან არ იცოდა მისამართი, რაც არც შემაკავებელ ორდერში არ არის მითითებული და, ამდენად, მის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ა. გ–სიას 2020 წლის 21 ნოემბრის N....... შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან - წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან – თ. პ–სთან მიახლოება, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან სადაც თ. პ–აა შეიძლება იმყოფებოდეს, მასვე აეკრძალა - მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ მიუხედავად შემაკავებელ ორდერში მითითებული აკრძალვებისა, ა. გ–ა 2020 წლის 23 ნოემბერს, არათუ მხოლოდ მივიდა თ. პ–ს სამუშაო ადგილზე, არამედ იმ ადგილიდან, სადაც სუპერმარკეტის თანამშრომლებს შეეძლოთ შესვლა, ზურგიდან მიეპარა - მიაყენა დაზიანებები და შეეცადა მის მოკვლას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
12. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ისინი შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი