Facebook Twitter

საქმე # 060100121004491796

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №986აპ-22 ქ. თბილისი

ლ–ი დ., 986აპ-22 20 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ლ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა - თ. ლ–მმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, სასამართლოში გამოკვლეული სხვა სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ლ–სის ბრალეულობა, კერძოდ: მოწმეების - ს. ტ–სა და მ. ხ–ს ჩვენებებით, ასევე - თ. ლ–ის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ლ–სს ბრალად დაედო გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2020 წლის დეკემბერში დ. ლ–ი თავის დას - თ. ლ–ს ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა თანხას, მათ შორის - 2020 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ–ში, ........ის მოედანი ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა, დ. ლ–მა თავის დას - თ. ლ–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა 1500 ლარი.

4. დ. ლ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით დ. ლ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა, თითქოსდა, სარწმუნოდ მიუთითებდა დ. ლ–სის ბრალეულობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობით ვერ დადგინდა დ. ლ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; დაზარალებულმა თ. ლ–მა და მოწმეებმა - ი. და მ. ლ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ს. ტ–ს ჩვენება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის - ირიბი, ხოლო მოწმეების - რ. კ–სა და დ. ფ–ს ჩვენებები - არაფრისმთქმელი, რისი გათვალისწინებითაც, ისინი ვერ დაედება საფუძვლად დ. ლ–სის მსჯავრდებას, ისევე, როგორც - თ. ლ–მის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, თ. ლ–მი კი სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; საქმეში წარმოდგენილი, დაზარალებულის მეზობლად მცხოვრები მოწმის - მ. ხ–ს მონათხრობის მიხედვით, რომელიც შემთხვევის დღეს შეესწრო, როგორ იგინებოდა დ. ლ–სი და სთხოვდა ფულს თავის მამასა და დას, თუმცა საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებაში არაფერია ნათქვამი დ. ლ–სის მიერ ფულის მოთხოვნის დროს ძალადობის გამოყენების მუქარაზე, რაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის - გამოძალვის - შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში დ. ლ–სის უდანაშაულოდ ცნობა დასაბუთებული და კანონიერია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი