¹ ას-240-926-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამეზობლო დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
ხ. პ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. ა-ის მიმართ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ცხოვრობს თბილისში, ... მოპასუხე კი გვერდით სადარბაზოში მეხუთე სართულზე. გამგეობის 1999წ. 29 ივლისის განკარგულებით მოპასუხეს მიეცა ნებართვა კონსოლური აივნის მშენებლობაზე. მოპასუხემ, 1997 წელს ყოველგვარი ნებართვისა და მეზობლების თანხმობის გარეშე, თავის ერთოთახიან ბინას მიაშენეს დახურული აივანი და გაადიდა სამზარეულო. აღნიშნული მიშენების ზემოქმედებით ბინა დაბნელდა, ბინაში არის სინესტე, ვეღარ ფენს სარეცხს. წვიმის დროს მიშენებული სამზარეულოდან მის ლოჯში შედის წყალი. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა გაფართოებული სამზარეულოს ნაწილის მონგრევა და აივნის შემინვის მოხსნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმატა, რომ აივნის მიშენება დაიწყო მეზობლებთან, მათ შორის მოსარჩელესთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აივნის მიშენება დაიწყო 1992 წელს, მაგრამ მეუღლის ავადმყოფის გამო შეუჩერდა მშენებლობა. მშენებლობა დამთავრდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს მისი განცხადების საფუძველზე მოხდა აივნის დაკანონება. მოპასუხის განმარტებით, აივნის მიშენებით მოსარჩელის ოთახი არ დაბნელებულა, მიშენებიდან არ შედის წყალი მოსარჩელის ბინაში. აქედან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ მის მიერ წარმოებული მიშენება არის კანონთან შესაბამისობაში.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მიშენების მოყვანა ამავე გამგეობის 1999 წელს ¹193 განკარგულებასთან შესაბამისობაში.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა სამზარეულოს მიმატებული ნაწილის მოშლა, ხოლო აივნის შემინვის მოხსნაზე უარი ეთქვა სარჩელს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამზარეულოს მიმატებული ნაწილის მოშლის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა.
გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ხ. პ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება აივნის შემინვის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სამზარეულოს ნაწილის მიშენებაზე და აივნის შემინვაზე არ იყო გაცემული გამგეობის ნებართვა, ნებართვა გაცემული იყო მხოლოდ კონსოლური აივნის მშენებლობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-მა სამზარეულოს გაფართოებით და აივნის შემინვით დაარღვია კანონი, რადგან ამ მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი სამსახურების ნებართვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო მშენებლობის წარმოებით ასევე შეილახა მოსარჩელის უფლებები. კერძოდ, შემინული აივნის მოწყობით მოსარჩელის ბინის განათება შემცირდა, შეიცვალა შენობის გარეგნული სახე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ უკანონო მშენებლობის წარმოებით დაარღვია სკ-ს 218-ე, 219-ე მუხლის “ა” პუნქტის, 211-ე მუხლის მოთხოვნები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მოსარჩელის უფლებების შელახვა.
სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ხ. პ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი და მესამე პუნქტები და დაკმაყოფილდა ხ. პ-ის სარჩელი. დაევალა ნ. ა-ს აივნის შემინვის მოშლა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრდა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 218-ე, 211-ე, 219-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია, რომ მის მიერ დარღვეულია აღნიშნული ნორმების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვლის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. ა-ს გამგეობის მიერ მიეცა ნებართვა კონსოლური აივნის მშენებლობაზე. მას არ ჰქონდა ნებართვა აივნის შემინვაზე და სამზარეულოს ნაწილის მიშენებაზე. მიუხედავად ამისა ნ. ა-მა გააფართოვა სამზარეულო და შემინა აივანი, რითაც შეიცვალა შენობის გარეგნული სახე და შეუმცირდა ბუნებრივი განათება მოსარჩელის ბინას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 211-ე, 218-ე და 219-ე მუხლები.
სკ-ს 211-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ინდივიდუალური საკუთრების საგანი არის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ფართი, ასევე ამ ფართის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოცილდეს ანდა დაემატოს ფართს ისე, რომ ამით გაუმართებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ამ ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.
ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს. ხოლო 219-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეს მათ ზიანი.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მესაკუთრეს შეუძლია თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ გაითვალისწინოს სხვა მესაკუთრეთა ინტერესები და კანონის მოთხოვნები. კანონი მესაკუთრეს ავალებს როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილების, ასევე საერთო საკუთრების ისე შენარჩუნებას და გამოყენებას, რომ არ შეილახოს მესაკუთრეების ერთად ცხოვრების წესები, არ მიადგეთ მათ ზიანი და არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა შესაბამისი ორგანოების ნებართვა მშენებლობის წარმოებაზე. მის მიერ წარმოებულმა მშენებლობამ შეცვალა შენობის გარეგნული სახე, შემცირდა მოსარჩელის ბინის განათება. ამდენად, მოპასუხემ ისე აწარმოა თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ბინაში მიშენება, რომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ინტერესები და კანონის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.