გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-242-924-03 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელახალი რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 სექტემბერს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის წევრის ე. ქ-ის წარმომადგენელმა დ. ო-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ამავე ასოციაციის მიმართ ხელახალი რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997წ. 19 ივნისს ¹17/31 დადგენილებით ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციამ რეგისტრაცია გაიარა იუსტიციის სამინისტროში.
2002წ. 25 მარტს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის საერთო კრების ¹1 ოქმით დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება და ასოციაციის წევრობიდან გაირიცხა ვ.ქ-ე. ამავე ოქმის საფუძველზე, 2002წ. 2 აპრილს აღნიშნულმა ასოციაციამ რეგისტრაცია გაიარა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში.
მოსარჩელის განმარტებით, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის 2002წ. 25 მარტის საერთო კრების მოწვევის და ჩატარებისას დაირღვა სკ-ს 41-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რადგან ასოციაციის წევრთათვის არ იყო ცნობილი არც კრების მოწვევის შესახებ და არც იმ საკითხების თაობაზე, რაც კრებაზე განიხილებოდა, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ასოციაციის ახალი წესდების მიღება და ხელახალ რეგისტრაციაში გატარება. ე.ქ-ემ მიუთითა, რომ ასოციაციის წევრობიდან გარიცხვით დაირღვა მისი უფლებები. ამრიგად, მან მოითხოვა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის 2002წ. 25 მარტის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის ¹1/9-4 დადგენილების (ასოციაციის ხელახალი რეგისტრაცია) გაუქმება.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ქ-ის წარმომადგენლის დ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის 2002წ. 25 მარტის საერთო კრების გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის ¹1/9-4 დადგენილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტმა დ.შ-მა. მან მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინებით დ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის 2002წ. 25 მარტის საერთო კრების მოწვევისას დაღრვეულია სკ-ს 41-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შესაბამისად, კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით, კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც. ასევე არ არის დაცული ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, კრების მიერ გადასაწყვეტი საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ნამდვილი იყოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, კი, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციას მოსარჩელესათვის არ უცნობებია 2002წ. 25 მარტის საერთო კრების ჩატარების და დღის წესრიგის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 2 აპრილს განახორციელა ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის ხელახალი რეგისტრაცია, რადგან სკ-ს 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილი არაკომერციული იურიდიული პირების ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობას და შედეგად რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. მოცემულ შემთხვევაში, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაკომერციული იურიდიული პირების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 1999წ. 1 იანვარს, ხოლო აპელანტმა, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციამ, რეგისტრაცია გაიარა 2002წ. 2 აპრილს, რაც ცხადია ვერ ჩაითვლება ხელახალ რეგისტრაციად.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განჩინებაზე დ.შ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი სკ-ს ნორმები, რადგან ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია თავის სამართლებრივი ფორმით წარმოადგენდა არაკომერციულ პირს, რომელიც “მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1994წ. 14 ივნისის კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის 1997წ. 19 ივნისის ¹17/31 დადგენილებით.
დ.შ-მა აღნიშნა, რომ ე.ქ-ე გარიცხულ იქნა ასოციაციის წევრობიდან “მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტისა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ასოციაციის წესდების 4.6-ე მუხლის სრული დაცვით.
კასატორმა მიუთითა, რომ ე.ქუთათელძის ასოციაციის წევრობიდან გარიცხვის დროს, ანუ 2002წ. 25 მარტის ¹1 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროს, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია არ წარმოადგენდა მოქმედი სკ-ს საფუძველზე რეგისტრირებულ კავშირს და შესაბამისად საოლქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნულ ურთიერთობებზე მოქმედი სკ-ს ნორმები.
დ.შ-ი თვლის, რომ ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისას დაცული იქნა სკ-ს 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები და ამიტომ მისი ხელახალი რეგისტრაცია კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2002წ. 25 მარტს, ასოციაციის საერთო კრების ¹1 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს ნორმები. სკ-ს 1505 მუხლით 1997წ. 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა “სამოქალაქო საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონი და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით სკ-ს ამოქმედებამდე მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1999წ. 1 იანვრამდე. პალატა მიუთითებს, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა იწვევს რეგისტრაციის გაუქმებას, მიუხედავად იმისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეასრულა, თუ არა 1511-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ კავშირის საერთო კრების კანონიერების შემოწმებისას სწორად გამოიყენა სკ-ს ნორმები, რადგან ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილით სკ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამდენად, 2002წ. 25 მარტს კავშირის საერთო კრება მოწვეული უნდა ყოფილიყო სკ-ს ნორმებად დადგენილი წესის შესაბამისად.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელახალი რეგისტრაციისას დაცული იყო სკ-ს 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმით დადგენილი წესით კრების მოწვევის კანონიერების შემოწმებისას დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ კრების მოწვევისას კანონდარღვევას. ამასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიოშნულთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.