გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-246-934-03 18 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაიადავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე სადავო ბინა ¹42 ირიცხებოდა საკუთრების უფლებით ა. ფ-ზე. 1992წ. 3 ნოემბერს ამ უკანასკნელმა ბინა აჩუქა დისშვილს _ ნ. დ-ს.
1997წ. 14 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა.
1997წ. 24 სექტემბერს ა. ფ-მა ანდერძი შეადგინა მოპასუხე ლ. ბ-ის სასარგებლოდ. ა. ფ-ი გარდაიცვალა 1998წ. 7 აპრილს. ბინას დაეუფლა ფ-ის დისშვილი მოსარჩელე დავითური, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში 1998წ. 5 აგვისტოს. ლ. ბ-ემ ისარგებლა ფ-ის მძიმე ავადმყოფობით და დააწერინა ანდერძი.
1998წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო ანდერძი.
1998წ. 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ გააუქმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. 1999წ. 27 იანვარს ლ. ბ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. დ-ის მიმართ მემკვიდრედ, მესაკუთრედ ცნობის, მესაკუთრის უფლებების აღდგენისა და მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების შესახებ. მან განმარტა, რომ ფ-ის გარდაცვალების შემდგომ მან ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობა და დაიწყო ცხოვრება სადავო ბინაში. მისი სახლში არ ყოფნისას ბინაში შეიჭრა მოპასუხე დავითური, რომელმაც ამის შემდეგ აღძრა სასამართლოში სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სარჩელი. დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი და ნ. დ-ი გამოასახლა სადავო ბინიდან მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით ნ. დ-მა. აპელანტის განმარტებით, ა. ფ-მა ჯერ კიდევ სიცოცხლეში ანდერძით გადასცა ბ-ეს ბინა, მაშინ, როცა ბინა კვლავ ირიცხებოდა ნ. დ-ის სახელზე. ნოტარიუსმა არ შეამოწმა ანდერძის დამოწმებისას ირიცხებოდა თუ არა ბინა ფ-ის სახელზე. დ-ის განმარტებით, ანდერძი შედგენილია მოტყუებით და შეცდომაში შეყვანით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
დადგენილია, რომ ნ. დ-ი არის ა. ფ-ის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე. დადგენილია ასევე, რომ არც ერთ მხარეს სანოტარო ბიუროში არ წარუდგენია განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის მანძილზე. ნ. დ-ი ფაქტობივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას სამკვიდროს გახსნის დღიდან ანუ 1998წ. 7 აპრილიდან 3 თვეში. სკ-ს 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დავითურს მიღებულად ეთვლება სამკვიდრო. ლ. ბ-ემ შეგებებული სარჩელი სასამართლოში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე აღძრა 1999წ. 27 იანვარს, სამკვიდროს გახსნის დღიდან 9 თვის შემდეგ, ამდენად სკ-ს 1424-ე მუხლის თანახმად, მან გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. დ-მა ვერ შესძლო საკმაო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა, რომ ანდერძი შედგენილია მოტყუებით და შეცდომაში შეყვანით, ან არ არის გამოხატული ა. ფ-ის ნება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი:
კასატორის აზრით, სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ ნანული დავითური არის ა. ფ-ის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე, რადგანაც ა. ფ-ს ნ. დავითურის გარდა უამრავი დისშვილები და ძმისშვილები ჰყავს. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ არცერთ მხარეს სანოტარო ბიუროში არ წარუდგენია განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში. ლ. ბ-ის განცხადებით, მან სანოტარო ბიუროს მიმართა 1998წ. 13 ივლისს, სამკვიდროს გახსნის დღიდან 3 თვისა და 6 დღის შემდეგ, რაც დასტურდება მისი განცხადების ასლით. აქედან გამომდინარე, არ დაურღვევია 1424-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1421-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, სამკვიდროს ფლობის გზით მიღების უფლება აქვს მხოლოდ მემკვიდრეს და არა ნებისმიერ პირს. კასატორის აზრით, ნანული დავითური კანონიერ მემკვიდრეს არ წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... ირიცხებოდა ა. ფ-ის სახელზე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1998წ. 7 აპრილს. ა. ფ-მა საკუთარი ბინა 1992წ. 3 ნოემბერს აჩუქა დისშვილს, მოსარჩელე, ნ. დ-ს, ხოლო მას შემდეგ რაც 1997წ. 14 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება ა.ფ-მა 1997წ. 24 სექტემბერს ანდერძი შეადგინა მოპასუხე ლ. ბ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ანდერძის ბათილად ცნობისა და ნ. დ-ის სარჩელზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია საკასაციო საჩივრით და ამდენად, ანდერძის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
პალატა იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები, მტკიცებულებათა სასამართლო სხდომაზე ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის შესახებ, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ბ-ემ გაუშვა სკ-ს 1424-ე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 თვიანი ვადა, იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელი სასამართლოში სამკვიდროს გახსნის დღიდან 9 თვის შემდეგ შეიტანა, მაგრამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ნ. დ-მა ლ. ბ-ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი რაიონულ სასამართლოში წარადგინა 1998წ. 3 აგვისტოს, ე.ი სამკვიდროს გახსნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ვინაიდან ბინა ფაქტობრივად დაიკავა ნ. დ-მა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლამდე და ამავე პერიოდში დაიწყო სასამართლო დავა ა. ფ-ის ანდერძზე, ბუნებრივია მოსარჩელე მოკლებული იყო საშუალებას, სკ-ს 1421-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მიეღო სამკვიდრო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი წესით უნდა იმსჯელოს ლ. ბ-ის განცხადების, (რომლითაც მან 1998წ. 13 ივლისს მიმართა სანოტარო კანტორას) როგორც მტკიცებულების დასაშვებობისა და შეფასების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, საქმის განმხილველმა სასამართლომ კი განჩინებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.