გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას–24-727-03 24 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. ნ-მა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დედოფლისწყაროს რაიონის მიწების საიჯარო წესით გაცემის კომისიამ იმავე რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 13 მუშაკს გამოუყო 104 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შირაქის ტერიტორიაზე სოფ. .... საკრებულოს მიწის ფონდიდან. იმავე წლის 26 დეკემბერს მითითებულ მუშაკებს და გამგეობას შორის მიწის აღნიშნულ ფართობზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. იჯარით გაცემული მიწის ფართობის ნაწილს, 57 ჰექტარს, თვითნებურად დაეუფლა ი. ნ-ი. მან მოიჯარეების თანხმობის გარეშე დათესა ხორბალი. 1997წ. ივნისში ი.ნ-მა ტ.ნ-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ნ-მა იკისრა ვალდებულება, რომ მის მიერ უკანონოდ, თვითნებურად დათესილ 57 ჰექტარ ხორბლის ნათესიდან მოსავლის აღებისთანავე გადაუხდის სამმართველოს მუშაკებს ნატურით 40 ტონა ხორბალს. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ნ-ს ეკისრებოდა გაორმაგებული გადასახადი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნ-მა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მან მოითხოვა 80 ტონა ხორბლის ღირებულების 24000 ლარის მოპასუხისათვის გადახდევინება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან ვალდებულება შეასრულა ნ. ტ-ის მიმართ, რომელიც იყო სამმართველოს მუშაკი და წარმოადგენდა იმ პირს, ვის მიმართაც მას ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარუდგინა სასამართლოს ნ.ტ-ის ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამმართველოს მუშაკებს მიღებული აქვთ ოცი ტონა ხორბალი და თუ ი.ნ-ი დანარჩენ ხორბალს გაუნაწილებს სოფ. ჯაფარიძის მოსახლეობას უსასყიდლოდ, მაშინ ი.ნ-ს შესრულებული ექნება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 1997წ. აგვისტოში ტ. ნ-ის წარმომადგენელი იყო ნ. ტ-ი და მან მიიღო 20 ტონა ხორბალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხორბლის ნაწილი გადაეცემოდა სოფ..... მოსახლეობას, რითაც ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა. სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ვალდებულება შეწყდა მხარეთა შეთანხმების შედეგად და იმავე პირთა შორის ერთი ვალდებულება მეორეთი შეიცვალა. ამ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ-ის მიერ ნ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-მა. სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ მისცა შეფასება საქმის ფაქტიურ გარემოებებს და სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად გამოიყენა ნ. ტ-ის ხელწერილი, მაშინ, როდესაც უტყუარად არ ყოფილა დადგენილი ამ წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. ნ-ის სარჩელი და ი. ნ-ს დაეკისრა 30 ტონა ხორბალის,რომლის ღირებულება შეადგენს 9000 ლარს, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1996 წელს დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემმა კომისიამ გამოუყო ამავე რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 13 მუშაკს 104 ჰა მიწის ნაკვეთი, კონტური ¹88, სოფ..... საკრებულოს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
1996წ. 28 სექტემბერს ზემოხსენებულმა 13 პირმა გადაწყვიტა, რომ მიწის დანაწევრების თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულება აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარით აღებაზე გაფორმდეს ერთ ფიზიკურ პირზე – ტ. ნ-ზე; იმავე დღეს შედგენილ იქნა ე.წ. შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ნაკვეთის 12-მა მოიჯარემ მიანდო ტ. ნ-ს ყველა უფლება, რაც დაკავშირებული იყო ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობასთან, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმება, ხვნა, დათესვა, მოსავლის აღება და წილის განაწილება, რომელიც უნდა განაწილებულიყო თანაბრად.
1996წ. 20 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ტ. ნ-ს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების მხარეები არიან ერთის მხრივ – დედოფლისწყაროს გამგეობა, ხოლო მეორეს მხრივ – დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის სამმართველოს ის 13 მუშაკი, რომლებსაც გამოეყოთ ეს მიწის ნაკვეთი იჯარით გადასაცემად. გარიგებას, ხელი მოაწერა მათმა წარმომადგენელმა – ტ. ნ-მა, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია 1996წ. 28 სექტემბრის კრების ოქმით.
პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ ზემოხსენებულ 13 პირზე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის 57 ჰა-ს დაეუფლა ი. ნ-ი, რომელმაც აღნიშნულ ნაკვეთზე დათესა ხორბალი. მიწის მოიჯარეებსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის მოლაპარაკების შედეგად ნ. ნ-სა და ტ. ნ-ს შორის 1997წ. 21 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი. ნ-მა იკისრა ვალდებულება თვითნებურად დათესილი 57 ჰექტარიდან მოსავლის აღებისთანავე გადაუხადოს სამმართველოს მუშაკებს ნატურით 40 ტონა ხორბალი, ხოლო აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ი. ნ-ს უნდა გადაეხადა ნატურით გაორმაგებული გადასახადი. ამ შემთხვევაშიც ი. ნ-ი მოქმედებდა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში.
სასამართლომ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ ი. ნ-ი ვალდებული იყო შეესრულებინა ვალდებულება 13 პირის მიმართ, აქედან სახეზე გვაქვს სოლიდარული მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, შეიძლება ხელშეკრულებით იყოს გათვალისწინებული, ამასთან, სოლიდარული მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს წარუდგინოს მოვალეს მოთხოვნა სრული მოცულობით.
ერთ-ერთი კრედიტორის – სამმართველოს მუშაკის ნ. ტ-ის ხელწერილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სამმართველოს მუშაკებს მიღებული აქვთ 20 ტონა ხორბალი. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორებისადმი ვალდებულებისაგან, სასამართლომ მიიჩნია, რომ 20 ტონა ხორბლის ნ. ტ-ისათვის გადაცემით ნ. ნ-მა ნაწილობრივ შეასრულა აღებული ვალდებულება დანარჩენი კრედიტორების მიმართაც.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ტ. ნ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ ხელწერილზე არსებული ხელმოწერა გაყალბებულია და იგი ნ. ტ-ს არ ეკუთვნის, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის თანახმად, ხელმოწერა შესრულებულია თვით ნ. ტ-ის მიერ. გამომდინარე აქედან, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ი. ნ-ის მიერ თავისი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი. ნ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ დარჩენილი 20 ტონა მან გაუნაწილა სოფ. .... მოსახლეობას ნ. ტ-თან დადებული შეთანხმების თანახმად, რაც აისახა ზემოხსენებულ ხელწერილში, რადგან მან ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ ნ. ტ-ი არ იყო კრედიტორებისაგან უფლებამოსილი დაედო ამგვარი შეთანხმება ი. ნ-თან, 20 ტონა ხორბლის სოფლის მოსახლეობისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც აღნიშნული ვერ ჩაითვლება მასსა და ტ. ნ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებად, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით დადგენილი იყო რომ ი. ნ-ს უნდა შეესრულებინა ვალდებულება სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლების, და არა სოფლის მოსახლეობის მიმართ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ ჩათვალა, რომ ტ. ნ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი. ნ-ს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ შეუსრულებელი ძირითადი ვალის – დარჩენილი 20ტ. ხორბლის გადახდა.
გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი. ნ-სა და ტ. ნ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქცია _ მიუწოდებელი ხორბლის გაორმაგებული ოდენობით მიწოდება.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმა არამართლზომიერად დიდია,რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და ი. ნ-ს უნდა დაეკისროს ტ. ნ-ის სასარგებლოდ ჯარიმის სახით არა 20, არამედ 10 ტ. ხორბლის გადახდა.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. ასევე მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრებას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ.
სააპელაციო პალატამ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არასწორად შეაფასა ტ-ის ხელწერილი და ხელშეკრულება; კასატორის მოსაზრებით არ არსებობს სოლიდარული ვალდებულება; სასამართლომ არ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა.
სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 214-ე მუხლი; არ გამოიყენა სკ-ს (ძველი რედაქცია) 213-ე და 165-ე მუხლების მოთხოვნები.
ი.ნ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 233-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ასევე არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულება ტ. ნ-თან დადო იძულების გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ტ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და ი. ნ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეულ საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ი. ნ-ი ცხოვრობს ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, რის გამოც მოცემული დავა განიხილა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ, ე.ი. მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი ტ.ნ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ იჯარის ხელშეკრულების მხარეები არიან ერთი მხრივ _ დედოფლისწყაროს გამგეობა, ხოლო მეორე მხრივ – დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის სამმართველოს 13 მუშაკი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სამმართველოს მუშაკების წარმომადგენელმა ტ. ნ-მა. ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ 13 პირზე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის 57 ჰა-ს დაეუფლა ი. ნ-ი, რომელმაც აღნიშნულ ნაკვეთზე დათესა ხორბალი. მიწის მოიჯარეებსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის მოლაპარაკების შედეგად ნ. ნ-სა და ტ. ნ-ს შორის 1997წ. 21 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი. ნ-მა იკისრა ვალდებულება თვითნებურად დათესილ 57 ჰექტარიდან მოსავლის აღებისთანავე გადაუხადოს სამმართველოს მუშაკებს ნატურით 40 ტონა ხორბალი, ხოლო აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ი. ნ-ს უნდა გადაეხადა ნატურით გაორმაგებული გადასახადი. ამ შემთხვევაშიც ი. ნ-ი მოქმედებდა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში. სამმართველოს ერთ-ერთი მუშაკის ნ.ტ-ის ხელწერილით დადგენილია, რომ სამმართველოს მუშაკებს მიღებული აქვთ მოპასუხისაგან 20 ტონა ხორბალი. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი 20 ტონის ნაწილში ი.ნ-მა არ შეასრულა ვალდებულება. კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხელწერილზე ხელმოწერა ეკუთვნის ნ.ტ-ს.
კასატორებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არა აქვთ წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია.
კასატორ ტ.ნ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ტ-ის ხელწერილს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კასატორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სასამართლო მტკიცებულება კანონის დარღვევით არის შედგენილი. კასატორი ასევე არ მიუთითებს სხვა რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო სხდომაზე განიხილა ექსპერტიზის დასკვნა და თავისი შინაგანი რწმენით მიიღო დასკვნა იმის შესახებ, რომ ხელწერილზე განხორციელებული ხელმოწერა ეკუთვნის დედოფლისწყაროს სამმართველოს ერთ-ერთ მუშაკს ნ.ტ-ს. რაც შეეხება განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას, სსკ-ს 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ასეთ შემთხვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარულ ვალდებულებას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 ძვ. რედაქცია) 178-ე მუხლის თანახმად სოლიდარული მოვალეობა ან სოლიდარული მოთხოვნა ჩნდება მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან დადგენილია კანონით, კერძოდ, ვალდებულების საგნის განუყოფლობის დროს.
მოცემულ შემთხვეაში სოლიდარული ვალდებულება გათვალისწინებული იყო ტ.ნ-სა და ი.ნ-ს შორის 1997წ. 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით. კერძოდ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ი.ნ-ს ვალდებულება უნდა შეესრულებინა სამმართველოს მუშაკების (13 პირის) მიმართ, მოპასუხეს მოსავლის აღებისთანავე 40 ტონა ხორბალი უნდა გადაეცა სამმართველოს მუშაკებისათვის.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად სოლიდარული მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს წარუდგინოს მოვალეს მოთხოვნა სრული მოცულობით.
ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორებისადმი ვალდებულებისაგან.
სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ 20 ტონა ხორბალის ნ.ტ-ისათვის გადაცემით ნ.ნ-მა ნაწილობრივ შეასრულა აღებული ვალდებულება დანარჩენი კრედიტორების მიმართაც.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 213-ე მუხლის თანახმად თუ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაწესებულია პირგასამტეხლო, მაშინ უნდა ანაზღაურებულ იქნეს ზარალის ის ნაწილი, რომელიც პირგასამტეხლოთი არ დაფარულა. კანონით ან ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც კრედიტორის არჩევით შეიძლება ან ზარალის ან პირგასამტეხლოს გადახდევინება.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახდევინებელი პირგასამტეხლო დიდად აღემატება კრედიტორის ზარალს, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს პირგასამტეხლო. ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოცულობა, ვალდებულებაში მონაწილე მოქალაქეთა ქონებრივი მდგომარეობის, კრედიტორის არა მარტო ქონებრივი, არამედ ყოველგვარი სხვა ანგარიშგასაწევი ინტერესები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულება. ტ.ნ-მა სარჩელით მოითხოვა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდევინება, მას ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით განიცადა რაიმე ზიანი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება მართებულად მიიჩნია, რომ 100%-იანი ჯარიმის დადგენა არამართლზომიერად დიდია, რის გამოც შეამცირა იგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 214-ე მუხლი. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ ტ.ნ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის ი. ნ-ის მოსაზრებას იმის შესახებ რომ, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 233-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად ვალდებულება შეწყდება მხარეთა შეთანხმების შედეგად, კერძოდ, შეთანხმებით, რომ იმავე პირთა შორის ერთი ვალდებულება მეორეთი შეიცვალა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს 13 მუშაკი, ტ-ი არის ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ტ-ი არ იყო უფლებამოსილი სხვა სოლიდარული კრედიტორებისაგან დაედო შეთანხმება ი. ნ-თან ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, ვალდებულების შეწყვეტას არა აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და ი. ნ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.