¹ ას-248-937-03 30 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება, გავრცელებული ცნობების უარყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯ. გ.-მ სარჩელი აღძრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის თ. ნ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის 50000 ლარის ანაზღაურება. სარჩელს საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი: თ. ნ.-მ გაზეთ “...-ის” 2002წ. 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯ. გ.-ა, აფხაზეთის დაცემის დღეს, ზუგდიდში გახარებული ცეკვავდა. ასეთივე განცხადება გააკეთა მან ტელეკომპანია “...-ით” სატელევიზიო გამოსვლის დროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-მ. საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2003წ. 2 მაისს. სხდომამდე 2003წ. 1 მაისს ჯ. გ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვის გადადება სხვა დროისათვის.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
ჯ. გ.-მ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან იგი საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა სხდომაზე.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინებით ჯ. გ.-ს უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ადგილი არ ჰქონდა რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. (სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-მ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ იგი არ გააფრთხილა და პროცესზე არ მიიწვია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, 72-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე იგი გაფრთხილებული არ იყო გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. ამასთან, სასამართლოსთვის ცნობილი იყო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი. კასატორი მიუთითებს ამავე კოდექსის 233-ე, 241-ე მუხლებზე და მოითხოვს განჩინების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს (ასევე მოწინააღმდეგე მხარეს) სასამართლო უწყება საქმის განხილვის თაობაზე არ მიუღია.
სსკ-ს 393-ე მუხლით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ისე საჩივრის განხილვისას უნდა გამოერკვია აღნიშნული ნორმის ეს მოთხოვნა იყო თუ არა დაცული.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. კერძოდ, 70-ე მუხლების პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარეებს და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უწყების შინაარსს, რომლის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, მხარემ (ანდა წარმომადგენელმა) აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ იყო. უფრო მეტიც, სასამართლომ მხარეებს უწყება საერთოდ არ გაუგზავნა.
პალატა მიუთითებს, რომ განჩინებამ საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე, რომელიც მხარეებს გაეგზავნათ, არ შეიძლება შეცვალოს სასამართლო უწყება, რადგან მხარე გაფრთხილებული უნდა იყოს არამარტო საქმის განხილვის დროზე, არამედ გამოუცხადებლობის შედეგებზეც.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხარის გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან ინტერესი დაკარგა სარჩელის (საჩივრის) მიმართ, მაგრამ ეს ვარაუდი გამოირიცხება იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელი მხარე წინასწარ აცნობებს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზს. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს განცხადებით მიმართა და ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, ე.ი. აპელანტს საქმის განხილვის ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2003წ. 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.