Facebook Twitter

საქმე # 330100121004735628

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1091აპ-22 ქ. თბილისი

ჯ. ი. , 1091აპ-22 28 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ს მსჯავრდება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, თუმცა მთავარი შეკითხვა: ჩაიდინა თუ არა ი. ჯ. მ დანაშაული - პასუხგაუცემელი დარჩა; მსჯავრდებულის დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა არ ათავისუფლებს სასამართლოს, როგორც სამხილების ყოველმხრივი შეფასების, ასევე - კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოტანის ვალდებულებისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ცხადყოფს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ი. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ- მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ი. ჯ. მ უკანონოდ შეიძინა - 0,1999 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.

3.2. 2021 წლის 27 მაისს ი. ჯ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ..... და საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების დანახვაზე შეეცადა მის ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებების გადაყლაპვას, რაც პოლიციელებმა აღკვეთეს და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-მ, რომელიც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ი. ჯ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ი. ჯ-ს მსჯავრდება უკანონო, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერახული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - რ. ნ-ს, ი. ჯ-სა და ვ. ა-ს ჩვენებებიდან/გამოკითხვის ოქმებიდან, პირადი ჩხრეკის ოქმიდან, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ თითქოსდა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდათ მინიჭებული, რადგან ცალსახაა, რომ სასამართლომ რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით შეაფასა საქმეში არსებული სამხილების შინაარსობრივი მხარე და მათი ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ი. ჯ-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: პოლიციის თანამშრომლის - ვ. ა-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, ისევე, როგორც - სასამართლოში დაკითხული მოწმის - რ. ნ-ს ჩვენებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ი. ჯ-ს პირად ჩხრეკაში და მსჯავრდებულ ი. ჯ-ს დედის - ი. ჯ-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც ესწრებოდა მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, ცალსახად დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფხვიერი ნივთიერება, რომელიც საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,1999 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრდება - კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.

10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი