გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-253-940-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ-მა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მასსა და მოპასუხე გ. ბ-ეს შორის 1997წ. 30 ნოემბერს ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მან გ. ბ-ეს ასესხა 6000 აშშ დოლარი. ამ შეთანხმებით მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა 1998წ. იანვარში. მოპასუხემ თანხა ვერ დააბრუნა. კრედიტორი და მოვალე შეთანხმდნენ, რომ ნასესხებ თანხას დააბრუნებდა 2000წ. იანვარში. აღნიშნულ ვადაში ვალი კვლავ ვერ გადაიხადა მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ გ. ბ-ისათვის 6000 აშშ დოლარის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ნ. გ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება. ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1997წ. 28 დეკემბრის ხელწერილით გ. ბ-ემ აღიარა ნ. გ-ისათვის თანხის 6000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. მოწმეების მ. ჩ-ისა და მ. ჯ-ის განმარტებით, დადგენილია, რომ ნ. გ-მა ნამდვილად ისესხა მათგან თანხა, რომელიც დღემდე არა აქვთ მიღებული, რადგან გ. ბ-ემ არ დაუბრუნა მას ვალი. გ. ბ-ე ჰპირდებოდა ვალის გადახდას ნ. გ-ს 2000წ.ათვის.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997წ. დეკემბრის ხელწერილით თითქოს მან აღიარა 6000 დოლარის ვალის არსებობა, რაც არასწორია, ვინაიდან ეს არის წერილი, სადაც ის უთითებს 600 დოლარზე და არა 6000-ზე. აღნიშნული უზუსტობა გურულს შეგნებულად აქვს გაყალბებული ციფრებში ერთი ნულის გაყალბების შედეგად. სკ-ს 341-ე მუხლის შესაბამისად ვალის არსებობა უნდა იქნეს აღიარებული აუცილებელი წერილობითი ფორმით, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება იქნეს გამოყენებული წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის თანახმად, გ.ბ-ემ ნ.გ-ისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი. პალატის განმარტებით, სესხის ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულია 1997წ. 28 დეკემბრის ხელწერილით, სადაც ნ. ბ-ე აღიარებს ნ.გ-ისათვის 6000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეების, მ.ჩინჩალაძისა და მ.ჯ-ის, ჩვენებების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.გ-მა ნამდვილად ისესხა მათგან თანხა, რომელიც დღემდე არ აქვთ მიღებული, რადგან გ.ბ-ემ არ დაუბრუნა მას ვალი.
სკ-ს 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წერილობითი აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარ აღიარებას ჰქონდა ადგილი. ისევე, როგორც სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალის არსებობის აღიარებაც შეიძლება დადგინდეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ.გ-ი სესხის არსებობის დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებად განიხილავს გ.ბ-ის 1997წ. 28 დეკემბრის ხელწერილს, რომლის სინამდვილესაც ეს უკანასკნელი ეჭვქვეშ აყენებს.
სსკ-ს 137-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მხარე, რომლის მიერაც იყო წარდგენილი ასეთი საბუთი, ან რომლის შუამდგომლობითაც სასამართლომ იგი გამოითხოვა, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. მას შეუძლია, აგრეთვე, სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებიდან სადავო საბუთის გამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე. სასამართლო გამორიცხავს ამ საბუთს მტკიცებულებიდან იმ პირობით, თუ მეორე მხარე არ არის წინააღმდეგი. თუ მეორე მხარე წინააღმდეგია, სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც დანიშნავს ექსპერტიზას ან გამოითხოვს სხვა მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება ხელწერილს, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა ნ.გ-ის სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობა ეჭვს იწვევდა. სსკ-ს 162-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად აუცილებელია სათანადო შეფასება მიეცეს ხელწერილს, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, გაირკვეს არის თუ არა ნამდვილი აღნიშნული ხელწერილი, რა მიზანი ჰქონდა მის შედგენას 1997წ. დეკემბერში, როცა ვალის გადახდის დრო, როგორც მოსარჩელე უთითებს, ჯერ არ იყო დამდგარი. ამასთან, სააპელაციო პალატამ უნდა გაარკვიოს, ხომ არ არის ამოწურული მოცემულ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.