ას-254-939-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე, ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სარჩოს დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 დეკემბერს ე. კ-ემ რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში უფროს ..... 1987წ. 8 დეკემბერს ორგანიზაციის განკარგულებით საავარიო მანქანით მიდიოდნენ სამტრედია II-ის უბანზე მანიპულაციის ჩასატარებლად და ავტობლოკირების ¹......... წერტილზე ძაბვის გასაზომად. მგზავრობისას მათ ავტომანქანას დაეჯახა მცხეთის 104-ე მექანიზირებული კოლონის კუთვნილი ავტომანქანა. დაჯახების შედეგად ე. კ-ემ დაკარგა შრომისუნარი 80%-ით და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც შედგა უბედური შემთხვევის აქტი – ფორმა ¹1.
1991 წლამდე მოპასუხე ორგანიზაცია ნებაყოფლობით უხდიდა სარჩოს, 1991წ. შემდეგ კი შეუწყვიტა სარჩოს გადახდა და ღებულობს ჩვეულებრივ პენსიას ყოველთვიურად 12 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულების შესაბამისად, მოითხოვა: მკურნალობისათვის ყოველთვიურად 20 ლარის, ერთდროულად 440 ლარის, სარჩოს სახით 1999წ. 1 მარტიდან 2000წ. ბოლომდე ერთდროულად 2090 ლარის, ხოლო 2001 წლიდან ყოველთვიურად 95 ლარისა და 1999 წლამდე წინა სამი წლის პერიოდის 2460 ლარის, ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვინაიდან ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღოდა ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, არც სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. მან მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მიუძღვოდა კასპის ¹104 სატრანსპორტო მექანიზირებულ კოლონას და სარჩოც მას უნდა აენაზღაურებინა.
2001წ. 20 მარტს მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება სს “ც. ...” (სატრანსპორტო მექანიზირებული ¹104-ე კოლონის უფლებამონაცვლე).
სს “ც. ...-მა” სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე, ხოლო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 5664 ლარის, ყოველთვიურად 94 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით შპს “ს. რ.” ფილიალის სამტრედიის ელ.მომარაგების დისტანციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ე. კ-ემ 1987წ. 8 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სხეულის დაზიანება, რაც ჩაითვალა საწარმოო ტრავმად და შეადგინა აქტი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ამ ტრავმის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა შრომისუნარი 80%-ით და გახდა II ჯგუფის ინვალიდი. დასახიჩრების გამო მას პენსია მუდმივად დაენიშნა.
მოსარჩელე მოპასუხისაგან დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1997 წლამდე ყოველთვიურად ღებულობდა 73 მანეთსა და 15 კაპიკის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან სამუშაო ადგილზე გადაყვანის დროს მოსარჩელემ დასახიჩრება მიიღო საწარმოს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით, ¹48 ბრძანებულების პირველი თავის მე-3 ნაწილის მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამქირავებელმა.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სს “ც. ....-ისათვის” პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ დავის გადაწყვეტის დროს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-2 პუნქტი. ამ ბრძანებულების პირველი თავის მესამე პუნქტის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენების დროს შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში.
მოცემულ საქმეზე კი დადგენილი არ იყო, რომ რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას ბრალი მიუძღვოდა მოსარჩელის დასახიჩრებაში.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან, გარშემომყოფთათვის (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომანქანათა მფლობელები და სხვ.), მოვალენი არიან, აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვით დაზარალებულის განზრახვით.
ამავე წესს ადგენს სკ-ს 999-ე მუხლის პირველი ნაწილიც.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი.
მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისას ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესს გააჩნია გამონაკლისიც. იგი ეხება ზიანის შემთხვევებს მომეტებული საფრთხის წყაროთი ურთიერთმოქმედებისას (სატრანსპორტო საშუალების შეჯასებისას). ასეთ შემთხვევაში თუ ზიანი მიადგა მესამე პირს, პასუხისმგებლობა ეკისრება შეჯახებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს სოლიდარული პასუხისმგებლობის წესით, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ბრალით მოხდა შეჯახება.
უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ეს ნორმები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის მიმართ უსაფუძვლობის, ხოლო სს “ც. ....-ის” მიმართ – ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ ამჯერად სადავოდ არ გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სხეულის დზიანება მიიღო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად იმ დროს, როცა იგი მუშაობდა სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციაში. მან მიუთითა, რომ სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის კუთვნილ მანქანას უკნიდან დაეჯახა მცხეთის ¹104-ე მექანიზირებული ავტოკოლონის ავტომანქანა და ავტოსაგზაო შემთხვევაში ამ უკანასკნელის ბრალეულობა დადასტურდა. ელექტრომომარაგების დისტანციის მანქანის მძღოლისათვის 104-ე ავტოკოლონის მძღოლის მოქმედება იყო დაუძლეველი ძალის მოქმედება, რის გამოც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად. პასუხისმგებლობა გამორიცხულია. ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მცხეთის 104-ე მექანიზირებულ ავტოკოლონის სატვირთო მანქანის მძღოლს მიუძღვოდა და შემთხვევის მოხდენიდან 12 წელზე მეტი დრო იყო გასული, სს “ც. ...-ის” (მცხეთის 104-ე მექანიზირებული ავტოკლონის უფლებამონაცვლე) მიმართ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, შპს “ს. რ.” ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის მიმართ კი – უსაფუძვლო, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით მის მიერ სარჩოს გაცემის ფაქტი არა თუ 1997 წლამდე, არამედ საერთოდ არ დასტურდებოდა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, სარჩოს დანიშვნა მოსარჩელისათვის გამორიცხული იყო.
2003წ. 26 ივნისს, ხოლო შემდეგ 2 ივლისს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, დასახიჩრების გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ 1985წ. 13 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის V თავის 35-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულების 51-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. კასატორს მიაჩნია, რომ თუკი მან სარჩელი შეიტანა სარჩოს შეწყვეტიდან 3 წლის შემდეგ, მაშინ სარჩო უნდა დანიშნოდა სარჩელის შეტანის დღიდან ყოველთვიურად 94 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე რაიონულ სასამართლოს, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს დადგენილად ჰქონდა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1987წ. 8 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ე. კ-ემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც აღირიცხა საწარმოო ტრავმად და შედგა სათანადო აქტი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ამ ტრავმის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა შრომისუნარი 80%-ით და გახდა II ჯგუფის ინვალიდი. მოსარჩელეს სარჩოს 1988 წლიდან 1997 წლამდე უხდიდა სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის ისევ სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დასახიჩრების მიღების ირგვლივ ადრე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, მაგრამ ის გარემოება, რომ ამ ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო მოსარჩელე 1997 წლამდე ღებულობდა სარჩოს რომელიმე მოპასუხისაგან, დადასტურებულად არ ჩათვალა და მიუთითა, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქმეში არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ მოსაზრებას მოსარჩელის მიერ 1997 წლამდე სარჩოს მიუღებლობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დადგენილია, რომ 1991წ. აგვისტოში ¹104 მექანიზირებულმა კოლონამ რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგებას გადაურიცხა მის მიერ მოსარჩელისთვის ხელფასსა და პენსიას შორის გადახდილი სხვაობის თანხა 1988წ. აპრილიდან 1991წ. აპრილის ჩათვლით. ამავე საქმეში მოპასუხე და ამ საწარმოს ბუღალტრები არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ ე. კ-ე პენსიას ღებულობდა 1997 წლამდე, რასაც თვით მოსარჩელეც ადასტურებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია საქმეში არსებული ამ მტკიცებულებათა უარყოფა დადგენილი წესით, არ მიუთითებია, თუ რის საფუძველზე უარყო სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელე დასახიჩრებისა და მეორე ჯგუფის ინვალიდობის გამო, ახლაც ღებულობს პენსიას. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელი სარჩოს დანიშვნის თაობაზე სს “ც. .....-ის” მიმართ ხანდაზმული იყო, მაშინ, როცა მოსარჩელე სარჩოს ამჟამადაც ღებულობს იმ დაზიანების გამო, რომელიც მან მიიღო 1988 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სკ-ს ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სკ უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს არ ითვალისწინებს.
ვინაიდან მხარეებს მკაფიოდ არ გამოუთქვამთ თავიანთი მოსაზრება, თუ რომელი ნორმებით მოწესრიგდეს მათ შორის ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა 1997წ. 25 ნოემბრამდე, გამოყენებული უნდა იქნეს ძველი სკ-ს ნორმები, ხოლო 1997წ. 25 ნოემბრის შემდეგ წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ, ახალი სკ-ს ნორმები.
ამ პრინციპიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოო ტრავმასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას ადგილი ჰქონდა 1997წ. 25 ნოემბრამდე, ძველი სკ-ს ნორმებით უნდა დარეგულირდეს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან გარშემომყოფთათვის (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვ.), მოვალენი არიან, აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორგანიზაციების კუთვნილი ავტომობილებით, ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს მიუხედავად მათი ბრალისა, თუკი ზიანი გამოწვეული არ იქნებოდა დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით.
სააპელაციო სასამართლომ ¹104 მექანიზებული კოლონის ავტომანქანის მძღოლის მიერ რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის კუთვნილი მანქანის უკანა ნაწილზე შეჯახება რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის მძღოლისთვის დაუძლეველ ძალად ჩათვალა და ამ მოტივით მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნორმის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნულ ნორმაში მითითებულ დაუძლეველ ძალაში არ იგულისხმება შემთხვევაში მონაწილე რომელიმე მძღოლის შესაძლებლობა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესახებ, არამედ იგულისხმება ის ძალა, რომელიც ყველა შემთხვევაში, მიუხედავად ავტომანქანის გამართულობისა და მძღოლთა მცდელობისა, უპირობოდ იწვევს ამგვარ შედეგს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 480-ე მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაზარალებულს, რომელმაც შრომისუნარი ნაწილობრივ დაკარგა უფლება აქვს ყოველთვის მოსთხოვოს დასახიჩრებისთვის ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებისათვის პასუხისმგებელ ორგანიზაციას საზღაურის სათანადო გადიდება.
სააპელაციო სასამართლომ ამ დავის გადაწყვეტის დროს ასევე უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 484-ე მუხლის მოთხოვნაც იმის შესახებ, რომ ჯამრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ჩერდება პენსიის თუ დახმარების დანიშვნამდე ან მანამდე, სანამ განმცხადებელს ამაზე უარს ეტყოდნენ. საქმეში არსებული მასალებით, დასახიჩრების გამო, დახმარებას მოსარჩელე 1988 წლიდან ღებულობს და ამავე დასახიჩრების გამო პენსია მას დღემდე ეძლევა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისადმი სააპელაციო სასამართლოსეული მიდგომა მცდარია და არ შეესაბამება კანონს.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე უნდა გაითვალისწინოს სკ-ს 1008-ე მუხლის მოთხოვნაც, რომლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს სპეციალური ნორმაა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობისათვის და იგი არსებითად განსხვავდება ხანდაზმულობის ვადის დაწყების ზოგადი 130-ე მუხლის მოთხოვნისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამისი პალატის სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.