საქმე # 010142222700767183
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №38აგ-22 23 დეკემბერი, 2022 წელი
შპს „..“, 38აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „...“ დირექტორ ი. ქ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 26 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N ... საქმეზე, შპს „...“ ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დაკმაყოფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ ბანკში შპს „...“ (ს/ნ ....) საბანკო ანგარიშებს და კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, კერძოდ: შპს „...“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას - ....... მდებარე არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს (ს/კ ...), დაზუსტებული ფართით - 1 373 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით - საერთო ფართით 6 403.6 კვ.მ.; საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ ბანკში შპს „...“ საბანკო ანგარიშებს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „...“ ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ხ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 26 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. 2022 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს ,,...“ დირექტორმა ი. ქ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განჩინების გადასინჯვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ი. ქ-ს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ხარვეზიანია, ვინაიდან არ აწესრიგებს - ყადაღის, როგორც ცალკეული საგამოძიებო მოქმედების გადასინჯვის საკითხს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რის გამოც სასამართლომ ანალოგიის წესით უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი და განჩინება გადასინჯოს ამავე კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, შპს „...“ სს საქმის ზედამხედველ პროკურორს 2022 წლის 16 ივლისს მიმართა განცხადებით და დასაყადაღებლად შესთავაზა შპს „...“ დამფუძნებლის, მევლუდ ხვედელიძის საკუთრებაში არსებული, უფლებრივად დაუტვირთავი მიწის ნაკვეთები, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 466 289 ლარს, რაც, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის წინაშე შპს „...“ ერიცხება გადასახდელი თანხის ზედმეტობა - 467 875,26 ლარი და, ამდენად, გამოდის, რომ დასაყადაღებლად შეთავაზებული უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება აღემატებოდა დარიცხული გადასახადის არათუ ძირს, არამედ - სრულად ფარავდა მას, როგორც საურავის, ისე ჯარიმის ნაწილში. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ ყადაღის ობიექტის ჩანაცვლების შესახებ განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...“ დირექტორ ი. ქ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“ დირექტორმა ი. ქ-მ. კასატორი საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ შუამდგომლობა დაუშვას განსახილველად, მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად შპს „...“ დირექტორ ი. ქ-ს შუამდგომლობა და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...“ დირექტორი ი. ქ. მოითხოვს შპს ,,....“ მიერ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გადასინჯვასა და ამ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, განიხილოს მითითებული შუამდგომლობა.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს. მოცემულ შემთხვევაში არც შპს ,,...“ და არც მისი დირექტორი ი. ქ. არ წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს, რის გამოც სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს შპს ,,...“ დირექტორის ი. ქ-ს შუამდგომლობა.
6. ამავე დროს, შპს „...“ დირექტორ ი. ქ-ს მოსაზრებასთან მიმართებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უნდა ჩაითვალოს ხარვეზიანად და სასამართლომ მისი შუამდგომლობა უნდა განიხილოს ანალოგიის წესით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
7. გარდა ამისა, ანალოგიის წესით საკანონმდებლო ნორმების გამოყენების სასამართლო პრეცედენტის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოებების არსებობა, როგორიცაა კანონში კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმის არარსეობა - ხარვეზი და ამის გამო კანონის (ან სამართლის) ანალოგიის პრინციპის საფუძველზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება ან კონკრეტული კაზუსიდან გამომდინარე, ნორმის ბუნდოვანების შემთხვევაში, კონკრეტული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც დაიცავს მხარეთა საუკეთესო ინტერესებს, განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებასა და, შესაბამისად, პრეცედენტის წარმოქმნას.
8. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს მიერ შპს ,,...“ დირექტორ ი. ქ-ს შუამდგომლობის განხილვისა და პრეცედენტის წარმოქმნის ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „...“ დირექტორ ი. ქ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...“ დირექტორ ი. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება შპს „...“ დირექტორ ი. ქ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი