Facebook Twitter

საქმე # 080100120003393731

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №944აპ-22 ქ. თბილისი

ი–ი ე., 944აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ი–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ე. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს, კერძოდ: სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ე. ი–ს განმარტება, რომ მისი თ–ში ყოფნის პერიოდში, მის ბ–ს სახლში ცხოვრობდა თ. ო–ი, რომელსაც ეკუთვნის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები; თ–დან დაბრუნების შემდეგ კარადა არ გამოუღია და, შესაბამისად, არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკული საშუალებები ინახებოდა; სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა თ. ო–ს მითითება, რომ თითქოსდა, ნარკოტიკული საშუალებები მან ე. ი–სისგან შეიძინა, მაშინ, როდესაც თ. ო–ი თ–ში იძებნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით, ხოლო ე. ი–სმა თ–დან დაბრუნებისას გაიარა საქართველოს საბაჟო კონტროლი, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ე. ი–ს სახლიდან ამოღებულ ფსიქოტროპულ პრეპარატ ,,ლირიკას“ მსჯავრდებული მოიხმარდა ექიმის დანიშნულებით, რისი დამადასტურებელი ცნობაც მოიპოვება საქმის მასალებში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით ე. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა - 1400 ლარი, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო თ. ო–ს და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ი–მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. ე. ი–სმა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და ქ. ბ–ში, ი. ჭ–ს გამზირის №..-ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინა №..-ში, უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,0196 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“, რომლის ნაწილი - 8,2647 გრამი ი–ს, რ–სა და .....ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2019 წლის 7 ნოემბერს, 18:45 საათიდან 20:55 საათამდე პერიოდში ჩატარებული, ე. ი–სის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილი - 0,7549 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ე. ი–მ 2019 წლის 7 ნოემბერს 1400 ლარად უკანონოდ გაასაღა თ. ო–სზე, ი–ს, .........ისა და ...........ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2019 წლის 7 ნოემბერს, 17:45 საათიდან 18:10 საათამდე პერიოდში ჩატარებული თ. ო–სის პირადი ჩხრეკის შედეგად.

4.2. ე. ი–სმა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და ქ. ბ–ში, ი. ჭ–ს გამზირის №..-ში მდებარე, თავის საცხოვრებელ ბინა №..-ში, უკანონოდ შეინახა 5 კონვალუტაზე (წარწერით „Lyrica 150 mg capsul Pregabalin”) განთავსებული 70 მოთეთრო, ოვალური კაფსულა, ერთ ზედაპირზე წარწერით „pfizer”, “PGN 150” - საერთო საშუალო წონით - 18,2 გრამი (თითოეულის საშუალო წონა - 0,26 გრამი), შიგთავსის თეთრი ფერის ფხვნილის საერთო საშუალო წონით - 14 გრამი (თითოეულის საშუალო წონა - 0,2 გრამი), რაც თავისი შემადგენლობით წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე სამედიცინო პრეპარატს - ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, საერთო შემცველობით - 10,5 გრამს და რომელიც ი–ს, .........სა და ........ის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა 2019 წლის 7 ნოემბერს, 18:45 საათიდან 20:55 საათამდე პერიოდში ამოიღეს ე. ი–სის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ თ. ო–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და თ. ო–სათვის სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ე. ი–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება; ე. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა - 1400 ლარი, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

7. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო თ. ო–სს და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდანგადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ე. ი–სის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან - მოწმეების სახით დაკითხული: თ. ო–ს, ვ. ჩ–ს, დ. შ–ს, ე. გ–ს, ი. მ–ს, ა. ა–ს, ჯ. შ–ს, ს. ი–ს, ზ. ხ–სა და ა. რ. ქ–ს ჩვენებებიდან, თ. ო–სის პირადი და ე. ი–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებიდან, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში ე. ი–სის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მოწმის სახით დაკითხული თ. ო–ს მამხილებელი ჩვენება, რომელიც მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ასევე - დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - ვ. ჩ–ს, დ. შ–ს, ე. გ–ს, ი. მ–ს, ა. ა–ს, ჯ. შ–ს, ს. ი–ს, ზ. ხ–სა და ა. რ. ქ–ს ჩვენებებით, თ. ო–სის პირადი და ე. ი–სის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, კერძოდ, ქ. ბ–ში, ი. ჭ–ს გამზირის №..-ის სადარბაზოში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, თ. ო–სის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მისგან ამოღებული, ბლოკნოტ-კალენდრის ფურცლებში 7 ცალად შეფუთული ნარკოტიკული საშუალება, მან 1400 ლარად შეიძინა იმავე კორსუსის №.. ბინაში მყოფი ე. ი–სისაგან, უტყუარად დადასტურდა დროის მოკლე შუალედში ჩატარებული ე. ი–სის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, რა დროსაც ე. ი–სმა სამართალდამცავებს ნებაყოფლობით წარუდგინა საძინებლის კარადაში შენახული ე.წ. ,,სირეცი-ჰეროინი“, 70 კაფსულა ფსიქოტროპული საშუალება - ,,ლირიკა“, ასევე - პოლიციელებმა მისაღები ოთახიდან ამოიღეს 1400 ლარი და ბლოკნოტ-კალენდარი, საიდანაც ამოხეული იყო ფურცლები; მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების - ვ. ჩ–ს, დ. შ–ს, ე. გო–ს, ი. მ–ს, ა. ა–ს, ასევე - საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნებად მონაწილე - ჯ. შ–სა და ს. ი–ს ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ თ. ო–მა მისი პირადი ჩხრეკისთანავე ამხილა ე. ი–სი ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე - ნებაყოფლობით მიუთითა სამართალდამცავებს მის საძინებელში არსებულ კარადაზე, სადაც ინახავდა ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს; საყურადღებოა, რომ ბინის ჩხრეკის ოქმზე თანდართულ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს, როგორ უთითებს ე. ი–სი კარადაზე, საიდანაც თავადვე იღებს ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს; თ. ო–სის პირადი და ე. ი–სის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებითა და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგენილია, რომ თ. ო–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება შეიცავს - 0,7549 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, ისევე, როგორც - ე. ი–სის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება - 8,2647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, ხოლო 5 ცალ კონვალუტაზე (წარწერით „Lyrica 150 mg capsul pregabalin”) განთავსებული 70 კაფსულა წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე სამედიცინო პრეპარატს - ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ე. ი–სის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ბლოკნოტ-კალენდრის ფურცლები აწყობილია 2010 წლის კალენდრის მიხედვით. ამასთან, სექტემბრის თვეს აკლია 11-დან 17-ის ჩათვლით შესაბამისი ფურცლები, ხოლო თ. ო–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ქაღალდის ფურცლებს აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი ხევის სახით, რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად და განცალკევებამდე შეადგენდნენ ერთ მთლიან ნაწილს, რომლებზეც მითითებულია ციფრები - 13, 15 და 17. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ე. ი–სი მისი სახლიდან ამოღებულ ფსიქოტროპულ საშუალებებს ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა, რადგან დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ ქმნის ამ მტკიცების სარწმუნო საფუძველს და ვერ აჩენს გონივრულ ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტების საპირისპიროდ.

10. დაცვის მხარის მტკიცებასთან მიმართებით, რომ თ. ო–სის ჩვენება მოტივირებული იყო საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების სურვილით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, §40-41). მოცემულ შემთხვევაში ხაზგასასმელია, რომ თ. ო–სის მამხილებელი ჩვენება არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნლობის მტკიცებულება ე. ი–სის მსჯავრდებისათვის, ვინაიდან იგი გამყარებულია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი და უტყუარი არაერთი მტკიცებულებით, ხოლო ე. ი–სის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ იგი იმთავითვე, პირადი ჩხრეკისთანავე უთითებდა ე. ი–სზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირზე, ამასთან, დადგენილია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო მას რაიმე განსაკუთრებული სარგებელი ან/და საპროცესო შეღავათი არ მიუღია, ხოლო დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა თანაბრალდებული და ის მოწმეები, რომლებიც ე. ი–სის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ი–სის წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების თაობაზე - კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.

11. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ი–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–სას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი