საქმე # 330100122005510224
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1039აპ-22 ქ. თბილისი
ჩ–ი ზ., 1039აპ-22 21 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ზ. ჩ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან ზ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის სიმძიმეს, ასევე - ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე და მისი ძალადობრივი ხასიათისა და გავრცელების მასშტაბის მხედველობაში მიღებით, ცალსახად გამოკვეთილია დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებს საფრთხე, ასევე - შეუსაბამო სასჯელი ვერ მოემსახურება მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - დამნაშავის რესოციალიზაციას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განაჩენით ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით და მიესაჯა - 220 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა - 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჩ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 14 იანვარს მ. გ–ს მოთხოვნის საფუძველზე მისი მეუღლის - ზ. ჩ–ს მიმართ, 30 დღის ვადით გამოიცა №...... შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, ზ. ჩ–სს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მსხვერპლთან - მ. გ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება.
3.2. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ჩ–ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, იგი იმავე დღეს - 2022 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, იმყოფებოდა ქ. თ–ში, ზ–ს დასახლებაში, მე-.. მ/რ-ის მე-.. კვარტლის №.. კორპუსში მდებარე მ. გ–ის №.. ბინაში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ზ. ჩ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულთან შერიგებულია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ჩ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
9. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ თითქოსდა, სასჯელის შეფარდებისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ძალადობრივი ხასიათი, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ზ. ჩ–ს არ ედავებოდა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენას, არამედ - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივარში სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებსა და სასჯელის მიზნებზე ბრალდების მხარის ზოგადი მითითება, ვერ გახდება განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შეცვლისა და ზ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული კონკრეტული სახის სასჯელის დამძიმების წინაპირობა.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი