Facebook Twitter

ას-267-949-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

კასატორის თხოვნა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.” სარჩელს ნ. ჩ-ას მიმართ 9043,53 აშშ დოლარის დაკისრებისა და მოპასუხეების ბინაზე ზღვევინების მიქცევის შესახებ, უარი ეთქვა. ნ. ჩ-ას და თ. წ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა:

სს კბ “ა.” და მ. წ-ას რწმუნებით ნ. ჩ-ას შორის 1998წ. 29 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება თბილისში, ... ქ. ¹17/6-ში მდებარე ბინაზე, გაუქმდა. ასევე გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის განჩინებაზე თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე თ. წ-ას სახელზე რიცხულ ბინაზე დადებული ყადაღა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ბ.” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2003წ. 30 იანვარს, რომელიც გადაიდო მომხსენებელი მოსამართლის მივლინებაში ყოფნის გამო და სხდომა დაინიშნა 2003წ. 6 თებერვალს, რომლის შესახებ ეცნობათ სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს და წარმომადგენლებს.

2003წ. 6 თებერვლს საქმის განხილვისას სასამართლომ მიიღო შპს “ბ.” დირექტორის განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვს საქმის სხვა დროისთვის გადადებას, რადგან მისი წარმომადგენლები: რ. ქ-ე და დ. მ-ი 2003წ. 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე მივლინებიY იმყოფებოდნენ. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

სასამართლომ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და საქმეზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც შპს “ბ.” სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2003წ. 30 იანვარს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა შპს “ბ.” წარმოდგენელი, რომელსაც ჰქონდა წარმომადგენლის სრული უფლებამოსილება. შემდეგი სხდომა დაინიშნა იმავე წ. 6 თებერვალს, სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს და წარმომადგენლებს სხდომის გადადების შესახებ და გამოუცხადებლობის შედეგებზე გაფრთხილებისას არ განუცხადებიათ დანიშნულ დროს პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე. გარდა ამისა, შპს “ბ.” დირექტორის განცხადებას საქმის გადადების შესახებ, თან ერთვის მასში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რათა სასამართლოს ემსჯელა სხდომის გადადების საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “ბ.”, რომელიც ამავე სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები 2003წ. 30 იანვარს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე გაფრთხილებულნი იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ 72-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით. დანიშნულ დროს სასამართლოში გამოცხადდნენ შპს “ბ.” წარმომადგენლები: რ. ქ-ე და დ. მ-ი; მოწინააღმდეგე მხარე ნ. ჩ-ა. არ გამოცხადდა შპს “ბ.” დირექტორი დ. ნ-ე, მაგრამ დანიშნულ დღეს სასამართლოს სხდომა არ შედგა მომხსენებელი მოსამართლის მივლინებაში ყოფნის გამო. სასამართლოში გამოცხადებული მხარის _ აპელანტის _ წარმომადგენლებსა და მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა სხდომის 2003წ. 6 თებერვალს, 12 საათზე დანიშვნის თაობაზე.

დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს “ბ.”, რომლისთვისაც სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო. მან სასამართლოს განცხადებით მიმართა სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაში აპელანტი მიუთითებს, რომ მისი წარმომადგენლები 2003წ. 6-10 თებერვალს მივლინებით იმყოფებოდნენ ფოთსა და ქუთაისში.

საჩივრის განხილვისას შპს “ბ.” წარადგინა სს “ბ. ქ.” 2003წ. 6 თებერვლის ¹4 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ რ. ქ-ე და დ. მ-ი მივლინებულ იქნენ 2003წ. 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე სს “ბ. ქ.” ქუთაისის და ფოთის ფილიალებში. პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული გარემოება სასამართლოში გამოუცხადებლობის სააპელაციო მიზეზად. რაც შეეხება თვით შპს “ბ.” დირექტორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, აღნიშნულის თაობაზე მას სასამართლოსთვის არ უცნობებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შპს “ბ.” საპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლები. კერძოდ, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლი უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი და, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს. მოცემულ შემთხვევაში შპს “ბ.” დირექტორს და არც სათანადო თანამდებობის პირს სასამართლოს უწყება არ ჩაბარებიათ.

სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ს 233-ე და 241-ე მუხლების მოთხოვნების, რომლებიც დაუშვებლად მიიჩნევეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საპატიო მიზეზით მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2003წ. 30 იანვარს საქმის განხილვის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ (სასამართლო უწყებით) სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

დადგენილია, რომ 2003წ. 6 თებერვალს 12 საათზე სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოში გამოცხადებული მხარეები (აპელანტი-წარმომადგენლის მეშვეობით) გაფრთხილებულნი იქნენ. სასამართლომ ისინი გააფრთხილა ასევე გამოუცხადებლობის შედეგებზე. დადგენილია, რომ შპს “ბ.”, მისი წარმომადგენლის მეშვეობით გაფრთხილებული იყო სხდომის გადადების თაობაზე. არც შპს “ბ.” დირექტორი, და არც მისი წარმომადგენლები საქმის განხილვის დრო პროცესზე არ გამოცხადდნენ. დადგენილია, რომ შპს-ს დირექტორმა სხდომის დღეს განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ 70-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა 70-78-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არ უნდა იქნეს გამოტანილი, რადგან თითოეული მხარის უფლებაა იცოდეს სასამართლო სხდომის შესახებ, მონაწილეობა მიიღოს მისი საქმის განხილვაში. ამიტომ სასამართლო ვალდებულია სხდომის თაობაზე გააფრთხილოს მხარე და მისი წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მხარე (მისი წარმომადგენელი) სხდომაზე მიწვეული არ არის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 233-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია იმის გამო, რომ მხარისათვის აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი სხდომის თაობაზე, ამ უფლების დაცვის გარანტიაა 70-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმის დარღვევით იმ შემთხვევაში იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონდარღვევით გამოტანილი, თუ არც მხარემ და არც წარმომადგენელმა არ იცოდა სხდომის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ სხდომის განხილვის თარიღის თაობაზე საკმარისია იცოდეს მხარემ, ან მისმა წარმომადგენელმა, თუ მხარე საქმეს მისი მეშვეობით აწარმოებს სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში შპს “ბ.” სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლების რ. ქ-ისა და დ. მ-ის მეშვეობით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ სხდომის დღისა და დროის თაობაზე.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას. მხარემ, თუ იგი ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეძლებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ამის თაობაზე დროულად უნდა აცნობოს სასამართლოს. პალატა მიუთითებს, რომ არა მარტო სასამართლოა ვალდებული მხარე გააფრთხილოს სხდომის თაობაზე, არამედ მხარეებიც და მათი წარმომადგენლებიც, სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით ვალდებულნი არიან აცნობონ სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხარემ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის თაობაზე, რათა აღნიშნული გარემოება მოწინააღმდეგე მხარესაც დროულად ეცნობოს.

განსახილველ შემთხვევაში განცხადება სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე სხდომის დღეს, 6 თებერვალს, ეცნობა სასამართლოს. ამასთან, მხარემ ვერ დაასაბუთა განცხადებაში მითითებულ გარემოებების ნამდვილობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია მითითებული გარემოება არასაპატიოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძრვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ბ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.