საქმე # 330100122005596188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1004აპ-22 ქ. თბილისი
ლ–ი ა., 1004აპ-22 23 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ლ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - პირდაპირი მოწმეების: ა. ტ–ს, ა. მ–ს, ა. ბ–სა და ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ლ–სის მიერ მითითებული მაკვალიფიცირებელი ნიშნით ქმედების ჩადენა. ამასთან, ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და მოითხოვს მის დამძიმებას.
2. მსჯავრდებულ ა. ლ–სის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ნ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ლ–სს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით.
ა. ლ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ–ში, ..........ის გამზირის ..-ე „ვ“ კორპუსის №.. ბინაში, თავის მეუღლესთან მცხოვრებმა ა. ლ–სმა მიიჩნია, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ–სს, როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი, პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან განქორწინების უფლება, რის გამოც მან გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი მოკვლა განიზრახა. 2021 წლის 5 ნოემბერს აღნიშნულ ბინაში ა. ლ–სმა განზრახ მოკვლის მიზნით, ოჯახის წევრს, ს. მ–სს თავის არეში მკვრივ-ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით ა. ლ–სი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით) წარდგენილ ბრალდებაში (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).
ა. ლ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ლ–სს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 6 ნოემბრიდან.
გაუქმდა ა. ლ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ–სმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 5 ნოემბერს, თ–ში, ..........ის გამზირის ..-ე „ვ“ კორპუსის №.. ბინაში, ა. ლ–სმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. მ–სს, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის არეში მკვრივ-ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ლ–სის დამნაშავედ ცნობა თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ლ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის გარეშე, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
10. მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ლ–სმა ს. მ–სი მოკლა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ბრალდების მხარეს მითითებულ ნაწილში წარმოდგენილი არ აქვს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებულ მოწმეთა, მათ შორის - ა. ტ–ს, ა. მ–ს, ა. ბ–სა და ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმები მკვლელობის აღნიშნული მოტივით ჩადენის ნაწილში - ირიბი ხასიათისაა, რადგან ისინი გადმოსცემენ ს. მ–საგან მიღებულ ინფორმაციას, რაც საკმარისი არ არის მითითებული მაკვალიფიცირებელი გარემოების შერაცხვისათვის. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ საყოველთაოდ აღიარებული პინციპის – „in dubio pro reo-ს“ საფუძველზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. რაც შეეხება ა. ლ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (წარსულში ნასამართლობა) გარემოებების, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის (ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაული, რამაც გამოიწვია ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის მოსპობა), ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის (ა. ლ–სმა დაზარალებულს რკინის საგნის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა თავის არეში), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დანაშაულის ჩადენის მოტივის (აღელვების გამო კონფლიქტი), მიზნის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქცევის (მსჯავრდებული შეეცადა სისხლის კვალის წაშლას, მოაწყო ს. მ–სის ბუნებრივი აირით გაგუდვის ინსცენირება, რითაც საწყის ეტაპზე გამოძიება მოატყუა და ხელი შეუშალა) გათვალისწინებით, მას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი