გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-269-958-03 25 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების რეალურად გაყოფა (ს. ლ-ის სარჩელში); სადავო ბინიდან სამკვიდრო წილისა და მიშენებული ნაწილის გამოყოფა (შეგებებულ სარჩელში); კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება (ნ. ც-ის სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 16 აგვისტოს ს. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ც-ის მიმართ სამკვიდრო ქონების რეალურად გაყოფის შესახებ მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ქ.ბორჯომში, ... მდებარე ბინა ეკუთვნოდა მის დედას – მ. ც-ს, რომელიც გარდაიცვალა 1993წ. 24 თებერვალს. 1993წ. 1 დეკემბერს მოსარჩელემ და მისმა დამ _ ნ. ც-მა აიღეს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რის საფუძველზეც ცნობილ იქნენ დედის ქონებაზე (სადავო სახლზე) თანაბარ წილში მემკვიდრეებად. მოსარჩელემ მოითხოვა მის წილობრივ საკუთრებაში შემოჭრის აღკვეთა, თვითნებურად ამოშენებული კედლის მოშლა და სახლის თანაბრად გაყოფა.
2001წ. 4 მაისს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ნ. ც-მა მოპასუხე ს. ლომიძის მიმართ და მოითხოვა სადავო ბინიდან როგორც სამკვიდრო, ისე მისი შრომით მიშენებული ნაწილის გამოყოფა, ხოლო 2001წ. 21 სექტემბერს ნ. ც-მა შეიტანა სასარჩელო განცხადება მოპასუხე სახელმწიფო ნოტარიუს თ.ჩ-ის წინააღმდეგ, 1993წ. 1 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმებისა და მისი შვილის თ. ხ-ეს იურიდიული უფლებების აღდგენის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუს ჩ-ის მიერ შედგენილი ფორმა ¹7-ის საფუძველზე სადავო ბინის ერთპიროვნულ მესაკუთრედ გამოცხადდა მ. ც-ი. მოპასუხემ არასწორად ჩათვალა, რომ ნ. ც-ის შვილმა თ. ხ-ემ, როგორც მესაკუთრემ დაკარგა აღნიშნულ ბინაზე უფლებები და დარჩა მდგმურად, ვინაიდან სადავო ბინა შესყიდულ იქნა მ. ც-ის სახელზე. იმ დროს, როდესაც სახლში დამქირავებლად ჩაწერილი იყო თ. ხ-ე, ნ. ც-მა მოითხოვა 1993წ. 1 დეკემბერს სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს თ. ჩ-ის მიერ დამტკიცებული ფორმა ¹7-ის გაუქმება და თ. ხ-ეს, როგორც სადავო ბინის თანამესაკუთრის, იურიდიული უფლებების აღდგენა.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელს მოპასუხე ბორჯომის ნოტარიუს თ. ჩ-თან კანონისმიერი სამემკვიდრეო უფლების მოწმობის გაუქმებისა და სამემკვიდრეო ქონებაზე 1993წ. 4 იანვარს გარდაცვლილი თ. ხ-ეს, როგორც თანამესაკუთრის უფლებების აღდგენის შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა ს. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა და ქ. ბორჯომში, ... მდებარე ბინა, რომელიც ირიცხება ნ. ც-ისა და ს. ლ-ის სახელზე, გაყოფილ იქნა მხარეთა შორის რეალურად, საქმეზე ჩატარებული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის 2002წ. 15 თებერვლის ¹65/15 დასკვნის შესაბამისად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა თ. ხ-ეს, როგორც თანამესაკუთრის უფლების აღდგენა, მიშენება-რეკონსტრუქციის მასზე დაკანონება, ბინის გამოსყიდვის თანხის ნაწილის ლომიძისათვის დავისრება, მ. ც-ის წილის დადგენა და მისი გაყოფა მემკვიდრეებს შორის. ასევე მ. ც-ის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების დაკისრება მეორე მხარისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990წ. 9 აგვისტოს ბორჯომის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის წარმომადგენელ ნ. გ-ესა და მ. ც-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ც-მა შეიძინა ქ. ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/5, დაიდო სამოქალაქო სამართლის (1964 წ. რედაქცია) კოდექსის 104-ე, 238-ე და 239-ე მუხლების დაცვით. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და იგი ვერ მოაწესრიგებს 1990 წელს მ. ც-ის მიერ სადავო ბინის გამოსყიდვით წარმოშობილ ურთიერთობას, შესაბამისად, ნ. ც-ის მოთხოვნა მისი შვილის, თ. ხ-ეს სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მიიჩნია საფუძველს მოკლებულად. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნების დაკმაყოფილება ს. ლომიძისათვის სადავო ბინის გამოსყიდვის თანხის დაკისრების, წარმოებული მიშენება-რეკონსტრუქციის მასზე დაკანონების, მ. ც-ის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების მხარეებისათვის თანაბარწილად დაკისრების თაობაზე.
ნ. ც-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 238-ე მუხლით, ვინაიდან სადავო ბინა არ ყოფილა მოქალაქის, ერთად მცხოვრები მეუღლეებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების პირადი საკუთრება. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტის დასკვნას, უხეშად დაარღვია სკ-ს 963-ე მუხლის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. ხ-ე არ შეიძლება ცნობილ იქნეს თანამესაკუთრედ მ. ც-ის მიერ შესყიდულ საცხოვრებელ ბინაზე.
დადგენილია, რომ მ. ც-მა მის მიერ დაკავებული ბინა გამოისყიდა ბორჯომის კომუნალური საწარმოსაგან 1990წ. 9 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო ბინის მესაკუთრედ კანონით დადგენილი წესით აღირიცხა მ. ც-ი. მართალია, ამ დროისათვის ბინაში ჩაწერილი იყო თ. ხ-ეც, მაგრამ, ვინაიდან, მასთან საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ დადებულა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 298-ე და 239-ე მუხლების შესაბამისად, იგი არ შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს სადავო ბინის მესაკუთრედ. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვალს ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის, თანახმად პრივატიზაციის ობიექტად ჩაითვალა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლები (ბინები), ამ დროისათვის კი სადავო ბინა განეკუთვნებოდა კერძო საკუთრების საცხოვრებელ ბინას და მასზე ზემოთ მითითებული დადგენილება ვერ გავრცელდება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ნ. ც-ის მოთხოვნა ბინის გამოსასყიდი თანხის ს. ლომიძისათვის დაკისრების თაობაზე, რადგან მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ არის სასამართლოში. რაც შეეხება მ. ც-ის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ს. ლ-ისათვის დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნული დაყენებული არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოს, თანახმად სსკ-ს 381-ე მუხლისა, შეეძლო არ ემსჯელა მასზე.
მართალია, ნ. ც-ის შეგებებულ სარჩელში საუბარია ს. ლ-ის მიერ დედის დაკრძალვაში მონაწილეობის მიუღებლობაზე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა სარჩელში დაყენებული არ ყოფილა.
რაც შეეხება სახლზე წარმოებული მიშენება-რეკონსტრუქციასა და ბინის მემკვიდრეთა შორის რეალურად გაყოფას, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო პალატას დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 961-ე და 963-ე მუხლებით, აღნიშნული ნორმები კი საერთოდ არ გამოუყენებია სასამართლოს.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბორჯომის რაიონის ნოტარიუსის მიერ 1993წ. 1 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ნ.ც-სა და ს.ლ-ეს საკუთრებაში გადაეცათ ერთოთახიანი ბინა 33კვ.მ. საცხოვრებელი ფართობითა და 39კვ.მ. დამხმარე ფართობით. 2002წ. 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ჩატარებული ექსპერტის დასკვნის თანახმად, სადავო ბინის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 32,73 კვ.მ-ს, დამხმარე ფართი კი _ 41,76კვ.მ-ს, აივანი _ 7,88კვ.მ-ს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დამხმარე ფართის ოდენობა აღემატება მხარეთათვის საკუთრების უფლებით მიღებული დამხმარე ფართის ოდენობას, ამიტომ სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რომელი მხარის მიერ იქნა გაზრდილი დამხმარე ფართის ოდენობა და ვრცელდება თუ არა მასზე საზიარო უფლება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება სადავო ბინის რეალურად გაყოფის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს უცვლელად დატოვების ნაწილში უნდა გაუქმდეს და აღნიშნული საკითხი ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს საცხოვრებელი ბინის საერთო ფართის ოდენობა რეკონსტრუქციამდე და რეკონსტრუქციის შემდეგ, ასევე, ფართის გაზრდის შემთხვევაში უნდა დადგინდეს ვის მიერაა გაზრდილი იგი, ვრცელდება თუ არა მასზე საზიარო უფლებები და მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ბინის რეალური გაყოფა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინება ქ.ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის რეალურად გაყოფის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.