საქმე # 190100121004385908
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №974აპ-22 ქ. თბილისი
ვ–ი ვ., 974აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ვ. ვ–მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას (მათ შორის - 2021 წლის 17 იანვრის ეპიზოდშიც) პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგ მოტივებზე მითითებით: კასატორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. ვ–მმა ასევე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო ერთ ეპიზოდში, ხოლო მეორეში, მართალია, დამნაშავედ ცნო, თუმცა განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ვ–მს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ვ. ვ–მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, ქ. რ–ში, გ. რ–ს ქ.№..-ში, ალკოჰოლით მთვრალი ვ. ვ–მი, არასრულწლოვანი შვილის, 2005 წელს დაბადებულ ს. ვ–ს თანდასწრებით, ოჯახის შემოსავალთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. გ–სას.
- 2021 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.რ–ში, გ. რ–ს ქუჩაზე, ა. გ–სას სამუშაო ადგილზე, ხილ-ბოსტნის გასაყიდ მაგიდებთან, ალკოჰოლით მთვრალი ვ. ვ–მი, არასრუწლოვანი შვილის, 2005 წელს დაბადებულ ს. ვ–სის თანდასწრებით, მოუწოდებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. გ–ს, რომ შეეცვალა სამუშაო ადგილი, რადგან ამ ადგილას არ ჰქონდა კარგი შემოსავალი, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა მუშტი დაარტყა ტუჩსა და მარცხენა მხარში, ხოლო ფეხი ჩაარტყა ფეხში და ყელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
- 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რ–ში, ....ის ქ.№..-ში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ვ–მმა, არასრულწლოვანი შვილის, 2005 წელს დაბადებულ ს. ვ–სის თანდასწრებით, იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ა. გ–საზე, კერძოდ: იმის გამო, რომ ა. გ–სა არ წავიდა ვ. ვ–მის დედის დაკრძალვაზე, ვ. ვ–მმა ყელზე მოუჭირა ორივე ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით ვ. ვ–მი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი).
ვ. ვ–მი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 290 (ორას ოთხმოცდაათი) საათით.
გაუქმდა ვ. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
- მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მაგრამ სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ უკან გაითხოვა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ზომის გამოთვლასთან მიმართებით, კერძოდ:
ვ. ვ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი).
ვ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2021 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ვ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 (ორას ოთხმოცდახუთი) საათით.
ვ. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ვ. ვ–მ ასევე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სადავო ეპიზოდთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ვ. ვ–ს მხრიდან ა. გ–ზე ძალადობის ფაქტი, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. გ–მ, ისევე როგორც მოწმე ს. ვ–სმა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ოჯახის წევრის, შესაბამისად, მეუღლისა და მამის - ვ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. დანარჩენი მტკიცებულებები ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
10. მოწმე გიზხანიმ მუსაევას გამოკითხვის ოქმში გადმოცემულია მხოლოდ ვ. ვ–მის მიერ 2021 წლის 17 იანვარს ჩადენილი ძალადობის ფაქტის შესახებ, მაგრამ არაფერია მითითებული - 2020 წლის ოქტომბრის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით. რაც შეეხება ვ. ვ–ს მიმართ 2021 წლის 17 იანვარს გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2021 წლის 17 იანვარს, ა. გ–სას განცხადებით, მას თავისმა მეუღლემ - ვ. ვ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი. აქვე მითითებულია, რომ რამდენიმე თვის წინ ვ. ვ–მა ყელში ხელი წაუჭირა, სახეში ხელს ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, მაგრამ არც ამ შემთხვევაში არ მოიპოვება ინფორმცია 2020 წლის ოქტომბერში მომხდარ ძალადობაზე, ისევე როგორც დაზარალებულის სახელზე გაცემული, 2021 წლის 18 იანვრით დათარიღებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში - ფორმა №100-ში, რომლითაც დგინდება, რომ ა. გ–ს გადმოცემით, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერია მითითებული ძალადობის სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულმა 2020 წლის ოქტომბერშიც იძალადა ა. გ–ზე, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, ხოლო გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
11. რაც შეეხება ვ. ვ–მის მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე