Facebook Twitter

საქმე # 010100122005697253

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №942აპ-22 ქ. თბილისი

ჩ–ი ბ., 942აპ-22 8 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოკვეთილია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ბ. ჩ–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლევი, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, ცხოვრობს თ–ში, რაც ხელს უშლის ს–ში პირობითი მსჯავრის მოხდას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენით ბ. ჩ–მი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჩ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2022 წლის 10 მარტს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქ.№..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ. ჩ–მმა ხელების სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ნ. დ–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის ჯარიმით შეცვლას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ბ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ბ. ჩ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზომასთან მიახლოვებული სასჯელი შეუფარდა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაუთვალა პირობითად, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და ჯარიმით შეცვლა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე