ას-272-955-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. ახალქალაქში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა 2000წ. 24 აპრილიდან საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებაში. ზემოთ მითითებულ ბინაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს რ. ბ-ი, რომელიც არ ათავისუფლებს ბინას. ი. კ-მა მოითხოვა რ. ბ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ რ. ბ-ი გამოსახლდა ი. კ-ის სახელზე რიცხული ბინიდან. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. ბ-ს სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სასამართლო უწყებები, მაგრამ მან უარი განაცხადა უწყებების მიღებაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა რ. ბ-მა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-ის საჩივარი წარმოებაში მიიღეს და დაინიშნა საქმის განხილვის დღე. იმ საფუძვლით, რომ რ. ბ-ი კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 16 ოქტომბერს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი და რ. ბ-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ მოპასუხეს რ. ბ-ს ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. შეტყობინებებზე გაკეთებულია აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე. სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. სააპელაციო პალატამ ასევე ჩათვალა, რომ რ. ბ-ს გარდა ზეპირსიტყვიერი განაცხადისა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცება იმისა, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-ის წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ რ. ბ-ს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ არ იქნა ეცნობა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასევე არასწორია სასამართლო უწყებაზე შესრულებული მინაწერი, რომ რ. ბ-მა უარი განაცხადა სასამართლოს უწყების ჩაბარებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ 2002წ. 16 ოქტომბერს, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე რ. ბ-ს სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ბ-ი თავის სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითებდა გარემოებებზე, რაც მისი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორ რ. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარში არ არის წამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ბ-ის მოსაზრებას, რომ იგი გაფრთხილებული არ ყოფილა პროცესის შესახებ, უწყებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და იგი ამ დროს იმყოფებოდა თბილისში. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცება ბ-ს არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციაში არ წარმოუდგენია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.