Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-274-954-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-მა და ჯ. ა-მა სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. დ-ის მიმართ (მესამე პირი სოფ. ... საკრებულოს გამგეობა) და განმარტეს, რომ მოპასუხე ა. დ-ისაგან 3000 აშშ დოლარად შეიძინეს ერთსართულიანი შენობა თავისი ეზოთი, რაზეც თანხის საბოლოოდ გადახდის შემდგომ 1996წ. 4 აპრილს ა. დ-მა გასცა ხელწერილი. 1996 წლიდან ცხოვრობენ შეძენილ შენობაში, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მოპასუხე თავს არიდებდა გარიგების დადებას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სკ-ს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

შპს “პ.” დირექტორმა შეგებებულ სარჩელში განმარტა, რომ სსრ მინისტრთა საბჭოს 1988წ. 1 აპრილის ¹144 დადგენილებით მცხეთის რაიონი სოფ. ... ფირმა “პ.” გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი მგზავრთა მომსახურების კომპლექსის მშენებლობისათვის და მასზე აშენებული ნაგებობები არაუფლებამოსილი პირის მიერ კანონის დარღვევითაა გადაცემული სხვა ფიზიკურ პირებზე. შპს “პ.” მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და 1 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.

მესამე პირმა – საკრებულოს გამგეობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფირმა “პ.” შერჩეული მიწის ნაკვეთი მინისტრთა საბჭოს არ დაუმტკიცებია. ამის შემდეგ თ. პ-ე სოფ. .... აღარ გამოჩენილა. 0.1 ჰა ნაკვეთზე კი, რომელიც კოოპერატივისათვის იყო გამოყოფილი, ა. დ-მა ააშენა შენობა, რომელიც შემდგომ მიჰყიდა ლ. ბ-სა და ჯ. ა-ს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ისა და ჯ. ა-ის სარჩელი – ხელშეკრულება დადებულად იქნა ცნობილი. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “პ.” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე უარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით, რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მის მესაკუთრეს, ხოლო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტი მითითებული მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს, სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო. ასეთი მტკიცებულება სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად, შეიძლება იყოს არა 1988 წელს მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, არამედ უძრავი ნივთის შეძენის თაობაზე სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რაიონული სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სწორად და მათ მიეცათ სათანადო იურიდიული კვალიფიკაცია.

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა შპს “პ.” დირექტორმა თ. პ-ემ საკასაციო საჩივრით და მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა მიწის შესახებ ძველი კოდექსი და სადავო საკითხის მიმართებაში არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი, ასევე, სსკ-ს 183-ე მუხლის თანახმად, არასწორად მოითხოვა უძრავი ნივთის შეძენაზე სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, როცა მას მიწა უკვე გამოეყო სარგებლობაში აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებით და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსრ მინისტრთა საბჭოს 1988წ. პირველი აპრილის ¹144 დადგენილებით კოოპერატივ “ს.” მცხეთის რაიონის სოფ. .... საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე გამოეყო 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი საზკვების ობიექტის მშენებლობისათვის.

მცხეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 22 თებერვლის ¹64 გადაწყვეტილებით კოოპერატიული ფირმა “პ.” მგზავრთა მომსახურეობის კომპლექსის მოსაწყობად გამოეყო 1.00 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. .... ტერიტორიაზე, მათ შორის ზემოთ მითითებული მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კოოპერატივ “ს.” გამოყოფილი 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტით ეთხოვა სსრ მინისტრთა საბჭოს მისი დამტკიცება, თუმცა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება არ დაუმტკიცებია.

სსრ მიწის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობის, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება ჰქონდა სსრ მინისტრთა საბჭოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ფირმა “პ.” სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გადაცემის პროცედურა კი დაიწყო, მაგრამ კანონით დადგენილი წესით მისი საბოლოო დამტკიცება და გადაცემა არ მომხდარა. საამისოდ აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კი ფირმა “პ.”, ამჟამად შპს “პ.” ვერ ჩაითვლება სადავო მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო მიწის ფართზე კანონით დადგენილი წესით საკუთრების უფლების მოპოვების მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის. შესაბამისად არ არსებობს შპს “პ.” დირექტორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “პ.” დირექტორის თ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.