Facebook Twitter

¹ბს-1496-1071(კ-05) 29 მარტი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა მოპასუხე თ. გ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 11 ნოემბერს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹01/03.01/491 ბრძანება აღიარებულ იქნა არაკანონიერად და გაუქმდა მისი შედეგი; მოსარჩელე აღდგენილ იქნა წინანდელ ან სხვა მის ტოლფას თანამდებობაზე მოპასუხე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მას აუნაზღაურდა აღდგენამდე იძულებით განაცდური დროის ხელფასი.

ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და ამდენად, თ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად მხოლოდ თ. გ-ის წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. საქმის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 29 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე.

2006 წლის 23 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა შუამდგომლობა წარადგინა საკასაციო პალატაში და მოპასუხე თ. გ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობას მოპასუხე თ. გ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს თ. გ-ის წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის (პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა) თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹01/03.01/491 ბრძანება თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში აღიარებულ იქნა არაკანონიერად, მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო წინანდელ ან მის ტოლფას თანამდებობაზე მოპასუხე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მას უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური ხელფასი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო სრულად, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული მხოლოდ თ. გ-ის წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ თ. გ-ის სამუშაოზე აღდგენის საკითხი, რომელიც პირადი ხასიათის მოთხოვნაა და მასზე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს თ. გ-ის წინანდელ ან მის ტოლფას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება თ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.