საქმე # 140100122005542651
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1211აპ-22 ქ. თბილისი
რ-ი თ, 1211აპ-22 8 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. რ-ს, - დაბადებულს ... წლის .... აპრილს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა თ. რ-ა 2022 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ა-ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 12 წლის ლ. რ-ის, 11 წლის ყ. რ-ა და 1 წლის ნ. რ-ის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ჟ. რ-ე, კერძოდ, მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ჟ. რ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი თ. რ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ჟ. რ-ს და დედას - ნ. რ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ,,ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა“, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ თ. რ-ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა თ. რ-ა 2022 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ა-ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების - 12 წლის ლ. რ-სა და 11 წლის ყ. რ-ის თანდასწრებით იძალადა ამავე არასრულწლოვან შვილებზე, კერძოდ, ყ. რ-ს ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ყ. რ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდგომ, თ. რ-ა ლ. რ-ს ხის ნაჭერი ესროლა ფეხის არეში, რა დროსაც ლ. რ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით:
2.1. თ. რ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა თ. რ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. თ. რ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. რ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და შესაბამისად, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. გ-ა შესაგებლით მოითხოვა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ. რ-ის მიერ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
11. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე თ. რ-ს ედავება არასრულწლოვნების თანდასწრებით მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ 2022 წლის 12 იანვარს ჩადენილ ძალადობებს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ასევე - მეუღლისა და დედის მიმართ 2022 წლის 12 იანვარს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - ჟ. რ-ა (მეუღლემ), ყ. რ-ა და ლ. რ-ა (შვილებმა) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და თ. რ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.
13. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა ნ. რ-ა განმარტა, რომ ცხოვრობს რძალთან - ჟ. რ-ა და შვილიშვილებთან - ყ, ლ. და ნ. რ-თან ერთად. 2022 წლის 11 იანვარს, საღამოს საათებში, მისი შვილი - თ. რ-ი იყო ნასვამი; ხან ცოლს ეჩხუბებოდა, ხან - მას და ხანაც - საკუთარ შვილებს, ,,ვინც მოხვდებოდა“. დაზარალებულმა ნაწილობრივ უარყო 2022 წლის 12 იანვრის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია და განმარტა, რომ თ. რ-ის მიერ ყ. რ-სთვის თავში მუშტის ჩარტყმისა და ლ. რ-სთვის შეშის ნაპობის სროლის ფაქტები არ დაუნახავს. ჟ. რ-ა აღნიშნა, რომ თ. რ-ი ოჯახის ყველა წევრს ემუქრებოდა ზოგადად, მათ შორის მასაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მას ეშინოდა. თ. რ-ი დაემუქრა მის მეუღლესაც, რომ ყელს გამოჭრიდა. თ-ი მხოლოდ მაშინ იმუქრებოდა, როდესაც მთვრალი იყო, თუმცა ,,მთვრალ კაცს დასაჯერი არაფერი არ აქვს“. დაზარალებულის ჩვენებით, მას არ ახსოვს, როდის მოხდა მუქარის ფაქტები, თუმცა, იმ დღეს არ მომხდარა, როცა თ-ი დააკავეს. შეტყობინების დღეს და იმ დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მის სახლში, თავად იყო მაღაზიაში, რის გამოც არ დაუნახავს ფიზიკური ძალადობის ფაქტი და არც მუქარის ფაქტი გაუგონია. ამდენად, დაზარალებულმა ნ. რ-ა საბოლოოდ არ დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების სისწორე. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი კითხვებს: მიაყენა თუ არა თ. რ-ა 2022 წლის 12 იანვარს ჟ. რ-ს, ყ. რ-სა და ლ. რ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან დაემუქრა თუ არა მათ. დადებით შემთხვევაში, რაში გამოიხატა ეს და შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ტკივილი და შიში.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ გულისხმობს დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების ავტომატურ გაუზიარებლობას. უფლება - არ მისცე ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მიემართება მხოლოდ ჩვენებას და ამით ვერ იქნება უარყოფილი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მიღებული მონაწილეობა და არსებული შედეგი. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია შეტყობინება, რომლის თანახმად, ნ. რ-ი აცხადებდა, რომ მისი შვილი - თ. რ-ი როგორც მასზე, ისე მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად ძალადობდა და საერთოდ არ უთითებდა მუქარის ფაქტებზე. გარდა ამისა, შეტყობინება შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ძალადობის თაობაზე და არ არის აღნიშნული, თუ როდის და რა სახის ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა თ. რ-ა კონკრეტულ პირთა მიმართ, მითუფრო, არ ადასტურებს დაზარალებულთა მიერ ტკივილის განცდის ფაქტს. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა ჟ. რ-მა სასამართლოს მიაწოდა ჩვენება, თუმცა კითხვების დასმისას (მიუხედავად მანამდე გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაციის დადასტურებისა) უარყო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ეხებოდა მუქარის ჩადენის დროს. დაზარალებულის ჩვენებით, თ-ი დამუქრებია მათ, მაგრამ არა 2022 წლის 12 იანვარს. დაზარალებულმა ასევე უარყო ფიზიკურ ძალადობაზე შესწრება და აღნიშნა, რომ მითითებულ დროს იგი სახლში არ იმყოფებოდა.
15. დაზარალებულმა ჟ. რ-ა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადა უარი, ვინაიდან, მისი განმარტებით, სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
16. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - დ. მ-ის, ა. ბ-ა და ზ. ჭ-ის მიერ მიცემულ ჩვენებებს, მათ დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ პირებს და ისინი თ. რ-ის ძალადობებისა და მუქარის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულებისგან; შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
18. რაც შეეხება მოწმე დ. მ-ის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც მან მიუთითა, რომ ბავშვები იყვნენ შეშინებულები და ნამტირალევნი, არ წარმოადგენს ირიბს, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საკმარისად არ მიაჩნია ფიზიკური ძალადობისა და შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად და აღნიშნული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა თმ რის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი