გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-27-730-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. და გ. კ-ები დაქორწინდნენ 1988 წელს, რის შედეგადაც ისინი, გ. კ-ის დედ-მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹10, ამჟამად სადავო, ბინაში. პრივატიზაციის პროცესში ოჯახის წევრთა თანხმობით ბინა გ. კ-ის სახელზე აღირიცხა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა. მანამდე კი, 2000წ. 27 იანვარს გ. კ-მა მეუღლესთან შეუთანხმებლად ზემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინა აჩუქა თავის დას _ კ. კ-ს.
2001წ. 28 ნოემბერს ი. კ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების გიორგი და კ. კ-ების მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით დაირღვა სკ-ს 526-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ვინაიდან მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიან ბინაში.
მოპასუხე კ. კ-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ოჯახის წევრთა თანაზიარ საკუთრებას და გაჩუქებაც თანამესაკუთრეთა თანხმობით მოხდა; ბინა არასოდეს ყოფილა გაქირავებული და ამიტომ არავისთვის, მათ შორის, არასრულწლოვანი მ. კ-ისთვისაც არ წარმოადგენდა საარსებო წყაროს.
2002წ. 12 ივნისს ი. კ-მა დამატებითი სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შვილთან ერთად სადავო ბინის 2/6-ის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. კ-ი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ¹10 ბინის 1/5-ის მესაკუთრედ. შესაბამისად ნაწილობრივ გაუქმდა გ. და ი. კ-ებს შორის 2000წ. 27 იანვრის ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულება 1/5 ნაწილში და განისაზღვრა ი. კ-ის ამ ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხვა საჯარო რეესტრში. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ როგორც ძველი, ისე ახალი სკ-ით მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმიადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). ამ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და მისი განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით (სკ-ს 1158-1160-ე მუხლები). ხოლო ვინაიდან ი. კ-ი წარმოადგენდა სადავო ბინაში პრივატიზაციის მომენტში მცხოვრები ხუთი სრულწლოვანი წევრიდან ერთ-ერთს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ, მან მოიპოვა ბინის 1/5-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ ბინის გაჩუქებით მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს საარსებო წყარო არ მოსპობია, ვინაიდან ბინა საარსებო წყაროს არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კ. კ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში პრივატიზაციის ხელშეკრულების ერთადერთ მხარეს და, მაშასადამე, სადავო ბინის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს გ. კ-ი. ი. კ-ი არასოდეს ყოფილა პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარე და სადავო ბინის ან მისი რომელიმე ნაწილის მესაკუთრე, საკუთრების წარმოშობისათვის კი აუცილებელი იყო ხსენებული ორი პირობის არსებობა, სკ-ს 183-ე მუხლიდან და 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე.
კასატორის აზრით, სადავო ბინის მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტი არ წამოშობს მესაკუთრედ აღურიცხავი მეუღლის საკუთრების უფლებას, არამედ ანიჭებს მას ქონებაზე დავის განცხადების შესაძლებლობას; სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 185-ე მუხლი, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული სადავო ქონებაზე ამჟამინდელი მესაკუთრის – კ. კ-ის კანონით დაცული ინტერესები.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
1. კ. კ-ი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ი. კ-ს 400 აშშ დოლარი;
2. ი. კ-ი აღიარებს, რომ მას მიღებული აქვს ეს თანხა და მის მიღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია;
3. მხარეებს უფლება არა აქვთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის დღიდან განუცხადონ ერთმანეთს რაიმე პრეტენზია, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იქნება მოცემულ საქმესთან ან მის საგანთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2003წ. 23 სექტემბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1) კ. კ-ი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ი. კ-ს 400 აშშ დოლარი;
2) ი. კ-ი აღიარებს, რომ მას მიღებული აქვს ეს თანხა დ მის მიღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია;
3) მხარეებს უფლება არ აქვთ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის დღიდან განუცხადონ ერთმანეთს რაიმე პრეტენზია, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იქნება მოცემულ საქმესთან ან მის საგანთან.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;
3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება.
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.