Facebook Twitter

საქმე # 330100122005553679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1269აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი დ, 1269აპ-22 8 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 15 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, გ-ის მე-.. მ/რაიონში, კორპუს N...-ში მდებარე ბინა N..-ში, დ. მ-ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ. ა-ის კუთვნილ „აიფონ 11“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც თ. ა-ს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2021 წლის 15 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, გ-ის მე-.. მ/რაიონში, კორპუს N...-ში მდებარე ბინა N..-ში, დ. მ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეზე - თ. ა-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა თ. ა-ის მიმართ მუდმივი მორჩილების მოთხოვნაში მხოლოდ იმის გამო, რომ თავად კაცი იყო, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ცდილობდა მის ძალით წაყვანას და ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, მუშტი - თვალის მიდამოში, რის შემდეგაც თ. ა-მ დაკარგა გონება და გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ. ა-მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 15 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, გ-ის მე-... მ/რაიონში, კორპუს N...-ში მდებარე ბინა N...-ში, დ. მ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის დედაზე - მ. ა-ე იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, ხელი ჩაარტყა კეფაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:

2.1. დ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. მ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ თ. ა-ა და მოწმეების - შ. ფ-ის, მ. ა-ის, ლ. ბ-ის, ნ. დ-სა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, განსხვავებით ძარცვის ბრალდების ეპიზოდისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი დ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:

8. ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერით კანონმდებელი ადგენს ქმედების ძარცვად მიჩნევის ორ წინაპირობას, კერძოდ, ერთი მხრივ, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება უნდა განხორციელდეს აშკარად, თვალნათლივ, სხვისთვის ხილულად და მეორე მხრივ, პირის ქმედებაში (ვინც ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს) უნდა არსებობდეს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

9. დაზარალებულ თ. ა-ის ჩვენების თანახმად, დ. მ-ან აკავშირებდა 11-წლიანი თანაცხოვრება. დაახლოებით 3-4 წლის წინ, მაშინ, როდესაც დ. მ-ი საზღვარგარეთ ყოფნისას დააპატიმრეს, მისი სახლიდან საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. დ. მ-ის გათავისუფლების შემდეგ თ-ი დაბრუნდა და კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. თ. ა-ე ფიქრობდა, რომ მეუღლე მასზე იზრუნებდა, თუმცა დ. მ-ი მის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, უშლიდა დედასთან წასვლას, რომელსაც ყურადღება სჭირდებოდა. უთანხმოების გამო რამდენჯერმე სახლიდანაც კი გააგდო. ბოლო კონფლიქტის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. 2021 წლის 15 დეკემბერს დ. მ-ა უთხრა, რომ მისი ნახვა სურდა, რაზეც, მიუხედავად თავდაპირველი უარისა, დასთანხმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან მისულ მსჯავრდებულს უთხრა, რომ სურდა დაძინება. ეს ნათქვამი დ. მ-ის გაბრაზებისა და წასვლის საფუძველი გახდა, რის შემდეგაც, თავად ცოტა ხნით მეგობართან წავიდა. ამ დროს დაურეკა დ. მ-ა. მას სიმართლის თქმის შეეშინდა, თუმცა დ. მ-ა მისგან დამოუკიდებლად იცოდა მისი ადგილსამყოფელი, რის გამოც აგრესიულად ელაპარაკებოდა. თავად უთხრა, არ მისულიყო მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში პატრულს გამოიძახებდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, მათ შორის კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც დ. მ-ი ესაუბრებოდა მშვიდად, ეუბნებოდა, რომ სურდა მისი ნახვა, რაზეც უარი აღარ უთქვამს. დ. მ-ის მისვლისას მასთან დედამისიც იმყოფებოდა. თავად საწოლზე იყო წამოწოლილი, რა დროსაც მსჯავრდებული მივარდა, აიყვანა ხელში და შეეცადა მის წათრევას. დედამისი ცდილობდა დ. მ-ის შეჩერებას, მაგრამ, როცა იგრძნო, რომ ამას მარტო ვერ შეძლებდა, მეზობლების დასაძახებლად გაიქცა. იმ დროს დ. მ-ა მას მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც გაითიშა. როგორც მოგვიანებით დედისგან შეიტყო, დარტყმის შედეგად გათიშული ეგდო ძირს, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც დაახლოებით 2-3 დღეში გაწერეს და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, მან სახლში, დივნის ბალიშებს შორის ჩავარდნილი ნახა დ. მ-ის მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცა დ-ის დედას. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს მსჯავრდებულის მიერ ტელეფონის წაღება არ დაუნახავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დ. მ-ი ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ არ დაეუფლებოდა. ამასთან, იმ პერიოდში, როცა დ. მ-ი ცდილობდა მის წაყვანას, საერთოდ არ უხსენებია მობილური ტელეფონი.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობასა და შეფასებას, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ თ. ა-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება გამორიცხავს დ. მ-ის მხრიდან ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობისათვის სავალდებულო კომპონენტის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი გამოკვეთილია მაშინ, როდესაც პირი სხვის ქონებას ეუფლება მის საკუთრებაში საბოლოოდ დარჩენის მიზნით და ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულებისამებრ გამოყენება და განკარგვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სურვილი, საბოლოოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო აღნიშნული ქონება. ყველა შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება.

11. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დ. მ-ს არ ამოძრავებდა მსგავსი ხასიათის განზრახვა. თავად დაზარალებულმა თ. ა-მ მიუთითა, რომ არ დაუნახავს დ. მ-ის მიერ მობილური ტელეფონის წაღების ფაქტი და დარწმუნებულია, რომ იგი მის კუთვნილ ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ არ დაეუფლებოდა. გარდა ამისა, თ. ა-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაწერეს, სახლში ნახა დივნის ბალიშებს შორის ჩავარდნილი დ. მ-ის მობილური ტელეფონი, რომელიც მსჯავრდებულის დედას გადასცა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადასტურებულად მიჩნევა, რომ დ. მ-ს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებდა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ძარცვის შემადგენლობის არსებობას.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხა შემთხვევის უშუალო შემსწრე, მოწმე მანანა არევაძე, რომელმაც არ დაადასტურა დ. მ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თ. ა-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის აშკარა დაუფლების ფაქტი და ნათლად მიუთითა, რომ დ. მ-ა ხელს გააყოლა თ. ა-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც ახსნა იმ გარემოებით, რომ მსჯავრდებულს თავის ტელეფონზე სურდა დარეკვა, რადგანაც დ. მ-ა მათ სახლში თავისი მობილური ტელეფონი დაკარგა, რომელიც ორი დღის შემდეგ სავარძლის ქვეშ იპოვეს.

13. დაზარალებულ თ. ა-ა და მოწმე მ. ა-ის ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მსჯავრდებულმა დ. მ-აც, რომელმაც განმარტა, რომ სახლიდან გასვლისას თ. ა-ის მობილური ტელეფონი მხოლოდ საკუთარ ტელეფონზე დარეკვის მიზნით წაიღო, რომელიც მეუღლის სახლში ყოფნის პერიოდში დაკარგა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტები, რომლებიც დ. მ-ის მიერ მიცემული ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა.

14. რაც შეეხება დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და მასზე დაფიქსირებულ შენიშვნას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, პირადი ჩხრეკის ოქმი ვერ მიიჩნევა დ. მ-ის ბრალეულობისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ პირობებში, როდესაც შენიშვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენს დავის საგანს და თ. ა-ის სახლიდან მობილური ტელეფონის წამოღების ფაქტს არ უარყოფს თავად მსჯავრდებულიც. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი