გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-278-952-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ.რუსთავის ...-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა – ვ. კ-ამ. მოსარჩელის განმარტებით, რუსთავის 21-ე საშუალო სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების ნაწილმა წერილობით განცხადებაში აღნიშნეს, რომ იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეებს, რითაც შელახეს მისი პატივი და ღირსება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ამ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის – ნ. გ-ე-ს-ისა და ე. მ-ისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, თითოეულზე 200 აშშ დოლარის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2002წ. 20 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. კ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გადწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვ.კ-ამ ვერ დაადასტურა ე.მ-ისა და ნ.ს-ის მიერ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი. აქედან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობს მორალური ზიანის საკომპესაციოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების იურიდიული საფუძველი.
2003წ. 24 ივნისს ვ. კ-ამ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. კასატორი მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 294-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. მე-18 მუხლის თანახმად, ამგვარი ცნობების გავრცელება წარმოადგენს პირის მიერ სასამართლოს მეშვეობით ცნობების უარყოფის მოთხოვნის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. კ-ა ვერ ადასტურებს მოპასუხეების მიერ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტს, მაგრამ სასამართლო არ მიუთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელთა გათვალისწინებით მიდის იგი ასეთ დასკვნამდე. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს რატომ არ მიაჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებები პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტის დამადასტურებლად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ შესაბამისი იურიდიული შეფასებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.