¹ ას-28-731-03 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 იანვარს ლ. ც.-მ რ. ქ.-ს ასესხა 3630 აშშ დოლარი 3 თვით ყოველთვიური 3% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ... (წილობრივი მონაწილეობა 31/1441).
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2002წ. 13 აგვისტოს, ლ. ც.-მ დავალიანების გადახდევინების განცხადებით მიმართა სასამართლოს რ. ქ.-ის მიმართ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადახდის ბრძანებაზე პროტესტი შეიტანა რ. ქ.-მ, რის გამოც საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წესით.
2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: რ. ქ.-ს ლ. ც.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4392 აშშ დოლარის (3630 აშშ დოლარი – ძირითადი ვალი, 762 აშშ დოლარი – 7 თვის სარგებელი 3% გათვალისწინებით) გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ.-მ. აპელანტმა მიუთითა, რომ მან ისესხა 3000 აშშ დოლარი 10% სარგებლით, ხოლო ხელშეკრულებაში თანხა და პროცენტი არასწორად ჩაიწერა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეცვლა. კერძოდ, ძირითადი თანხის – 3630 აშშ დოლარის ნაცვლად 3000 აშშ დოლარის დაკისრება და შესაბამისად, ყოველთვიური სარგებლის, 63 აშშ დოლარის, ოდენობამდე შემცირება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 316-ე, 623-625-ე მუხლებზე.
რ. ქ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის მასალები და არ დაადგინა ის გარემოება, რომ მას 3630 აშშ დოლარის ნაცვლად ნასესხები აქვს 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 10% სარგებლით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. ამასთან, სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დადგენილია, რომ 2002წ. 13 იანვარს ლ. ც.-მ რ. ქ.-ს 3 თვის ვადით ყოველთვიური 3% სარგებლით ასესხა 3630 აშშ დოლარი. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი ბინა. ასევე დადგენილია, რომ 2002წ. 27 აპრილს რ. ქ.-ის მიერ შედგენილ იქნა ხელწერილი ვალის – 4200 აშშ დოლარის – არსებობისა და მისი გადახდის ვალდებულების შესახებ. ამ ხელწერილით, რომელსაც ხელს აწერს რ. ქ.-ე, ლ. ც.-ა და მოწმე ნ. გ.-ი, მოვალემ 2002წ. 13 მაისს ვალდებულება იკისრა ვალის გადახდის თაობაზე.
სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
განსახილველ შემთხვევაში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო სანოტარო ფორმით, ე.ი. სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმის ხელშეკრულებაში სესხის ოდენობა განსაზღვრულია.
აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კრედიტორისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული კუპიურების ნომრების ამონაწერი. აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ აღნიშნული ფაქტი შეეძლო მოწმეს დაედასტურებინა, იგი რომ სასამართლოს დაეკითხა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატა, აგრეთვე განმარტავს, რომ სესხთან დაკავშირებული დავის განხილვისას იმ გარემოებების უსწორობა, რაც წერილობითი ფორმის ხელშეკრულებაშია მითითებული, არ შეიძლება დადგენილი იქნეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.