Facebook Twitter

საქმე # 330100120003425461

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1137აპ-22 ქ. თბილისი

ქ-ა გ, 1137აპ-22 3 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის, მსჯავრდებულების - გ. ქ-ა და გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის, მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით:

1.1. გ. ქ-ა, - დაბადებული ... წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

1.3. თ. ქ-ია, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

1.4. გ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ქ-მ და თ. ქ-მ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად, ხოლო გ. მ-ა - განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ.თ-ი, გ-ის მე-... მ/რაიონში, კორპუსი N...-ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხთან, გ. ქ-მ, თ. ქ-ამ და გ. მ-მა ერთად, მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოეწონათ ლ. დ-ა და თ. პ-ას პასუხი მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე, დანების და ჩაქუჩის გამოყენებით თ. პ-ს მოკვლის განზრახვით მიაყენეს ჭრილობები და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში - კერძოდ, გ. ქ-ამ და გ. მ-ა თ. პ-ს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყეს დანა, ხოლო თ. ქ-მ მასვე თავში ჩაარტყა ჩაქუჩი. ამ პროცესში გ. მ-სთვის ხელის შეშლა და თ. -ან მოცილება სცადა გ. დ-ა, რა დროსაც გ. მ-მა მოკვლის განზრახვით მასაც იმავე დანით მიაყენა ორი ჭრილობა მუცლისა და საზარდულის მიდამოში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

3.3. გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

3.4. გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

3.6. თ. ქ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება, ხოლო სხვა ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება.

4.1. მსჯავრდებულების - გ. ქ-ა და გ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა კანონიერი კვალიფიკაციით.

4.2. მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ქ-ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; მისი დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულების - გ. ქ-ა და გ. მ-ის მიმართ განაჩენში ცვლილების შეტანას კანონიერი კვალიფიკაციით; ასევე - თ. ქ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. მ-ის წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოიწვია, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობაში იგულისხმება ორი ან მეტი პირისათვის სიცოცხლის მოსპობა, რომელიც ჩადენილია ერთდროულად ან სხვა პირთა სიცოცხლის მოსპობა პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში ერთიანი განზრახვის ფარგლებში.

10. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულების - თ. პ-ა და გ. დ-ის, ისე მოწმეების - ლ. დ-სა და ი. ხ-ის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელებთან გ. დ-ის მისვლამდე მათ თ. პ-ან ჩხუბი უკვე დასრულებული ჰქონდათ. დანებითა და ჩაქუჩით მიყენებული დაზიანებების შედეგად თ. პ-ა ძირს ეგდო. გ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა გ. დ-ის მიმართ წარმოეშვა პირველი ეპიზოდის (თ. პ-სთვის დაზიანებების მიყენება) დასრულების შემდეგ, მისგან დამოუკიდებლად. ამის მიზეზი გახდა გ. დ-ის მცდელობა, გ. ქ-ა და გ. მ-ი გაერიდებინა კონფლიქტის ადგლიდან. მან ორივე მათგანს ჩასჭიდა ხელი, მაგრამ გ. ქ-ა ხელიდან დაუსხლტა, გ. მ-ის შებოჭვა კი შეძლო და გ. მ-ა სწორედ ამ დროს ორჯერ დაარტყა დანა მუცლისა და საზარდულის არეში.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ გ. მ-ი დანაშაულის ჩადენის დროს არ მოქმედებდა ერთიანი განზრახვით და გ. დ-ის მოკვლის განზრახვა წარმოეშვა თ. პ-ის დაზიანების მიყენებიდან დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. მ-მა დროის მცირე ინტერვალით დაზარალებულებს ჩაარტყა დანა, ვერ წარმოშობს გ. მ-ის ქმედების (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან არ ვლინდება, რომ მისი ქმედებები ერთიანი განზრახვით იყო მოცული. მან მხოლოდ აგრესიული რეაქცია გამოამჟღავნა გ. დ-ის მოქმედებაზე, ვინაიდან დაზარალებული გ. დ-ი შეეცადა გ. მ-ის ადგილიდან გარიდებას, სცადა, განზრახ მოეკლა იგი.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა სათანადო დასკვნების გამოტანის საფუძველს ბრალდების ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების ნაწილში გ. მ-ის დამნაშავედ ცნობისათვის.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატების - ლ. ბ-ა და მ. ქ-ას პოზიციას მსჯავრდებულების - გ. ქ-ას, გ. მ-სა და თ. ქ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციასთან მიმართებით, იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას გ. ქ-ს, გ. მ-სა და თ. ქ-ას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების - თ. ქ-ა და გ. დ-ის ჩვენებებით, მოწმეების - ლ. დ-ის, ი. ხ-ის, დ. მ-ა და სხვათა ჩვენებებით, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... და №.... დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.... დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 19,108-ე მუხლით, ხოლო გ. ქ-ა და თ. ქ-ს მიერ - სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

14. დაზარალებულმა თ. პ-მ განმარტა, რომ კონფლიქტი დაიწყო ლ. დ-ა და თ. ქ-ას შორის სიტყვიერი დაპირისპირებით. თ. ქ-მ ლ. დ-ს ჰკითხა, რომ ,,საიდანღაც ეცნობოდა“, რაზეც ლ. დ-ა უპასუხა, რომ შესაძლებელი იყო, მაგრამ თავად არ ეცნობოდა. აღნიშნულ პასუხზე თ. ქ-მ შენიშვნა მისცა ლ. დ-ს, რომ მსგავსად ,,კაი ბიჭებს“ არ პასუხობენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თ. პ-ა ჩაერია საუბარში და თ. ქ-ს მოუწოდა, დამშვიდებულიყო, რის შემდეგაც თ. ქ-მ, გ. ქ-მ და გ. მ-ა იგი სასაუბროდ გარეთ გაიხმეს. გ. ქ-მ გარეთ ისევ უსაყვედურა თ. პ-ს, ,,კაი ბიჭის ლაპარაკზე რატომ იცინიო“ და ჯერ მუშტი დაარტყა სახეში, შემდეგ კი - დანა გულმკერდისა და ღვიძლის არეში. თ. პ-ს გ. ქ-ან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდნენ თ. ქ-ა და გ. მ-ი. იგი ცდილობდა თავდამსხმელების მოგერიებას, რა დროსაც დანა დაარტყა გ. მ-ა, ხოლო თ. ქ-მ თავში ჩაარტყა ჩაქუჩი. თ. პ-ა მიახეთქეს მავთულბადეზე, რის შედეგად დაეცა ძირს. ამის შემდეგ მოჩხუბრებთან მივიდა გ. დ-ი, რომელმაც გ. მ-ს და გ. ქ-ას მოჰკიდა ხელი და ცდილობდა მათ გარიდებას. ამ დროს გ. მ-ი მიუბრუნდა გ. დ-ს და დანა დაარტყა მუცლის არეში.

15. მსჯავრდებულთა მხრიდან მკვლელობის განზრახვაზე მიუთითებს დაზარალებული გ. დ-ც, რომელმაც თავის ჩვენებაში განმარტა შემდეგი: თ. ქ-ს კითხვაზე, რომ ლ. დ-ი მას ეცნობოდა, ლ. დ-ა უპასუხა, რომ შესაძლებელი იყო, სადმე შეხვედროდნენ ერთმანეთს. აღნიშნულზე გ. მ-ა გამოთქვა უკმაყოფილება და ლ. დ-ს უთხრა გ. ქ-ს ნათქვამი სიტყვები: ,,კაი ბიჭის საუბარზე არ იცინიანო“ და დაარტყა ხელი. ამის შემდეგ თ. პ-ს ფიზიკურად გაუსწორდა სამივე პირი - გ. ქ-ა, თ. ქ-ა და გ. მ-ი. დაინახა, რომ გ. ქ-ს და გ. მ-ს ხელში დანები ჰქონდათ, ხოლო თ. ქ-ს - ჩაქუჩი, რომელიც თ. პ-ს ჩაარტყა თავში. გ. დ-ა გ. მ-ს და გ. ქ-ს უკანა მხრიდან მოჰკიდა ხელი, გამოიყვანა და მოარიდა თ. პ-ს. გ. დ-ს გაექცა გ. ქ-ა, ხოლო გ. მ-ი მას მიუბრუნდა და ორჯერ დაარტყა დანა მუცლისა და საზარდულის ადგილას. გ. დ-ა დაიყვირა, რომ იყო დაჭრილი, ასევე დაინახა, რომ თ. პ-ს თავიდან სისხლი სდიოდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - გ. დ-ა და თ. პ-ას ჩვენებები არის თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელი; ასევე გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებითა და წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის ძმამ - ლ. დ-ა დაადასტურა, რომ გ. ქ-მ, თ. ქ-ამ და გ. მ-ა ჩხუბი დაიწყეს გაურკვეველი მიზეზის გამო. მოწმის ჩვენებით, ავტოფარეხიდან გასვლისას დაინახა, რომ გ. ქ-ა, გ. მ-ი და თ. ქ-ა ფიზიკურად გაუსწორდნენ თ. პ-ს. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ დანებითა და ჩაქუჩით. მათ გაკავებას შეეცადა გ. დ-ი, რა დროსაც გ. მ-ა მას ორჯერ დაარტყა დანა. ამის შემდეგ გ. ქ-ა, თ. ქ-ა და გ. მ-ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ლ. დ-ა ნახა, რომ მის ძმას, გ. დ-ს დანით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, ხოლო თ. პ-ს თავი და მუცელი ჰქონდა დასისხლიანებული და მასაც აღენიშნებოდა ჭრილობები. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი-ა ხ-ა, რომელმაც დაადასტურა გ. ქ-ს და გ. მ-ის მხრიდან დანებით ჭრილობის მიყენების, ხოლო თ. ქ-ს მხრიდან - თავის არეში ჩაქუჩის ჩარტყმის ფაქტი. მანვე აღნიშნა, რომ გ. დ-ს გ. მ-ა დანა ორჯერ დაარტყა, ერთხელ - მუცლის არეში, მეორედ - საზარდულთან.

17. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მკვლელობის განზრახვის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს დაზარალებულების - თ. პ-ა და გ. დ-ის სხეულზე მიყენებული დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და ინტენსივობას. გასათვალისწინებელია, რომ სამმა პირმა ერთ პირს - თ. პ-ს ერთდროულად დაარტყა დანები და ჩაქუჩი იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ მისი პასუხი დასმულ კითხვაზე. ამასთან, დაზიანებები მიაყენეს მუცლისა და გულმკერდის არეში, მარცხენა მხარეს და დაუზიანეს ფილტვი. ექიმის განმარტებით, დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტი ვერ გადარჩებოდა. გასათვალისწინებელია ასევე, რომ დაზარალებულს დანით სამი ჭრილობის მიყენების შემდეგ ერთ-ერთი თავდამსხმელი მას ჩაქუჩს ურტყამდა თავში - სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილში. ასევე უნდა შეფასდეს გ. მ-ის ქმედება გ. დ-ის მიმართ - მან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მიდამოში - მუცელსა და საზარდულში დანის დარტყმით მიაყენა ორი დაზიანება. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. დ-ა, სწორედ მისი მაღალი აღნაგობის გამო, დანით ჭრილობები მიიღო სწორედ მუცლისა და საზარდულის არეში და არა უფრო ზემოთ - გულმკერდის მიდამოში. აღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულთა მტკიცე ნებაზე, მოესპოთ დაზარალებულთა სიცოცხლე.

18. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებმა - გ. ქ-მ, თ. ქ-მ და გ. მ-მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს უმნიშვნელო საბაბის საფუძველზე აღმოცენებული მოტივით - ხულიგნური ქვენაგრძნობით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

20. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ქ-ას, თ. ქ-სა და გ. მ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის, მსჯავრდებულების - გ. ქ-ა და გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის, მსჯავრდებულ თ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი