Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-290-962-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... ერთოთახიანი პრივატიზებული ბინა ირიცხებოდა მ. კ-ის სახელზე. 1996წ. 12 ნოემბერს მ. კ-მ სადავო ბინა უანდერძა თავის შვილს – ს. კ-ესა და შვილთაშვილს – ნ. კ-ეს. მ. კ-ე გარდაიცვალა 2000წ. 31 მარტს. ერთ-ერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე – ს. კ-ე გარდაიცვალა 2001წ. 24 ივლისს და მისი ანდერძი ს. კ-ის მიმართ არ აღსრულებულა.

კ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ანდერძი დედამისის, მ. კ-ის, შედგენილი არ ყოფილა და არც ხელმოწერა ეკუთვნის მას, ამიტომ ანდერძი ყალბია. კასატორმა მოითხოვა 1996წ. 12 ნოემბერს მ. კ-ის სახელით შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ანდერძზე მ. კ-ის ხელმოწერა გაყალბებული არ არის და ხელმოწერა ეკუთვნის მას. ამასთან, ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცება იმის თაობაზე, რომ ანდერძზე ხელმოწერა მ. კ-ის არ არის.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. კ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მ. კ-ის მიერ. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ექსპერტმა სრულად არ გამოიყენა მის მიერ წარდგენილი საბუთები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას შემდეგი საფუძვლით: მ. კ-ე იყო 88 წლის სკლეროზით დაავადებული მძიმე ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ნოტარიუსთან წასვლას და ანდერძზე ხელის მოწერას. ამასთან, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 166-ე მუხლის I ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. პალატამ ექსპერტიზას არ გაუგზავნა მტკიცებულება, კერძოდ, მის მეუღლეზე ნ. ა-ეზე გაგზავნილი წერილის ნაცვლად გაიგზავნა სხვისი ნ. რ-ის წერილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996წ. 12 ნოემბერს მ. კ-ემ მთელი თავისი ქონება, მათ შორის ქ. თბილისში, ... სადავო ბინა უანდერძა ს. და ნ. კ-ებს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მ. კ-ის მიერ ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა გაყალბებული არ არის. სკ-ს 1403-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს მოცემულ სიტუაციაში ადგილი არ აქვს.

კასატორის მტკიცება იმისა, რომ ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მის დედას – მ. კ-ეს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, საიდანაც დასტურდება, რომ სადავო ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია მ. კ-ის მიერ. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზას არ გაეგზავნა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თვით კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იქნა მიღებული დასკვნა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.