ას-291-981-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ვ-ემ და მოითხოვა მოპასუხე ი. გ-ას გამოსახლება ქ. თბილისში, ... ¹42 მდებარე ბინიდან.
სარჩელში მ. ვ-ემ აღნიშნა, რომ ხსენებული ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული 2002წ. 9 აგვისტოს განმეორებით იძულებით აუქციონზე 5956 ლარად შეიძინა. დადგენილი წესის შესაბამისად მოხდა შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს მის საკუთრებაში მყოფ ბინას.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი. გ-ა მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო სკ-ს 170-ე მუხლის I ნაწილის, 172-ე მუხლის I ნაწილისა და 311-ე მუხლის მოთხოვნებს.
ქ. გ-ამ რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: იგი კისრულობს თანხის გადახდას ვ-ისათვის, რაც მან გადაიხადა ბინაში. აპელანტის განცხადებით, ბინა მას ეკუთვნოდა და იქ ცხოვრობდა წლების განმავლობაში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინებით, ი. გაბელაიას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სასამართლო დაეყრდნო იმავე საფუძვლებს, რასაც რაიონული სასამართლო და დამატებით მიუთითა, რომ აპელანტმა ი. გ-ამ სასამართლოს ვერ მიუთითა სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სადავო ბინაში დატოვების და გამოსახლებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის განჩინება ი. გ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ იპოთეკით დატვირთული ბინის სარეალიზაციოდ დანიშნული პირველი აუქციონი არ ჩატარდა ვ-ის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო მეორე აუქციონი ჩატარდა მისი და მისი ოჯახის წევრების გარეშე. სკ-ს 303-ე მუხლის II ნაწილზე მითითებით კასატორმა განაცხადა, რომ იგი თანახმაა, ვაშაძეს გადაუხადოს ის თანხა, რაც აუქციონზე მისი ბინის შეძენაში გადაიხადა, ამასთან _ დარჩეს ბინაში, როგორც დამქირავებელი და გადაიხადოს ქირა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... კორპუსის ¹7 ¹42 სადავო ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ვ-ის სახელზე. ამ უკანასკნელმა სადავო სახლი შეიძინა იძულებით აუქციონზე 2002წ. 9 აგვისტოს.
მ. ვ-ემ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის, ი. გ-ას, გამოსახლება მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინებით დატოვებული იქნა უცვლელად თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ვ-ის სარჩელი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია საკითხი იმის თაობაზე რჩებოდა თუ არა კასატორი დამქირავებლად სადავო საცხოვრებელ სახლში და იყო თუ არა თანახმა გადაეხადა საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა.
სკ-ს 303-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა. ნორმის შინაარსის მიხედვით აღნიშნული მოვალის უფლებაა. უფლების სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, პირს შეუძლია ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ამ უფლებით. სასამართლო არ იყო მოვალე მხარეთა შეჯიბრითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოეკვლია აღნიშნული საკითხი მაშინ, როცა მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში, არც სააპელაციო სასამართლოში არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნული უფლებით სარგებლობის თაობაზე და სათანადო წესით არ დაუსვამს საკითხი სადავო სახლში დამქირავებლად დარჩენისა და ბინის ქირის გადახდის შესახებ.
სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების გაზრდა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ს 407-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წამოყენებული მოთხოვნის არსებობა წინა ინსტანციის სასამართლოში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებითი საკასაციო პრეტენზია კასატორის მხრიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ წამოყენებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.