¹ ას-292-960-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ემ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხის თ. ლ-ას ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ ათავისუფლებს მის მიერ თ. ლ-ასგან 2001წ. 30 ივლისს 2000 ლარად შეძენილ სახლს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. თ. ლ-ამ წერილობითი უარი განუცხადა შემძენს სახლის დაცლაზე იმ მოტივით, რომ თითქოს სახლის საფასური გადახდილი არ იყო და თავის მხრივ, საცხოვრებელი სახლის უკან გადაფორმება მოითხოვა.
მოპასუხეებმა თ. ლ-ამ და მისმა მეუღლემ თ. გ-მა სარჩელი არ ცნეს და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე შეგებებული სარჩელით მიმართეს ამავე სასამართლოს, სადაც აღნიშნეს, რომ ნ. მ-ის მეუღლემ, რომელიც თ. ლ-ას მეგობარი იყო, მათ საქმისთვის გადასცა 3500 აშშ დოლარი, რადგან საქმე შეთახმებისამებრ არ გადაწყდა, მოსარჩელის ოჯახის წევრთაგან შევიწროების გამო, იძულებული გახდნენ ნოტარიუსთან ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე. 2001წ. 19 სექტემბერს ნ. მ-ემ წერილობით განუცხადა მათ პრეტენზია სახლზე და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ამ დროისათვის უკვე დაბრუნებული ჰქონდათ მ-ესათვის 4400 აშშ დოლარი. აღნიშნულით მოპასუხეთავის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელემ მოატყუა და ნოტარიალურად გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თითქოს 2000 ლარად შეიძინა თბილისში, ... მდებარე მათი 4 ოთახიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. ლ-ა და მისი ოჯახის წევრები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. მოპასუხეების შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თ.ლ-ამ და თ.გ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ლ-ასა და თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და 2001წ. 30 ივლისს მხარეთა მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, თ. ლ-ას ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ლ-ასა და ნ. მ-ეს შორის 2001წ. 30 ივლისს გაფორმდა თბილისში, ... მდებარე სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. მ-ემ თ. ლ-ასაგან 2000 ლარად იყიდა მითითებული სახლი და 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებებზე, ლ. გ-ის ხელწერილებზე და მხარეთა წერილებზე დაყრდნობით დაადასტურებულია ფაქტობრივი გარემოებები, რომ თ. ლ-ა მისი ნაცნობის, ლ. გ-ის, მეშვეობით შეჰპირდა ნ. მ-ის მეუღლეს, ი. მ-ეს, შვილის პოლიციის აკადემიაში მოწყობას, რისთვისაც ი. მ-ემ გადასცა ლ. გ-ეს 3500 აშშ დოლარი. ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება არ შესრულდა, ი. მ-ემ მოითხოვა 5000 აშშ დოლარის დაბრუნება. სესხის აღების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფის მიზნით კი შეუთანხმდა თ. ლ-ას საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში მხარეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს არ ჰქონიათ ნასყიდობის გარიგების დადების ნება. ორივე მხარე თვლიდა, რომ აღნიშნული შეთანხმებით ახდენდა მ-ის მიერ გაცემული თანხის დაბრუნების უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის და მისი რწმუნებულის ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.