Facebook Twitter

ბს-1496-1211-კ-04 5 მაისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

განიხილა კ-ის, კ-ის, გ-ს და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004წ. 25 აგვისტოს თბილისის მთაწმინდა-კრწანისი რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელეების: ი. კ-ის, ი. კ-ის, ნ. გ-ს, შ. გ-ს, გ. გ-ს, შ. გ-ს, გ. გ-ს, რ. გ-ს, ვ. გ-ს, ა. გ-ს, ხ. მ-ს, ზ. შ-ს, გ. ვ-ის, ა. მ-ის, დ. გ-ს, დ. მ-ს. გ. ვ-ის და ვ. გ-ის ადვოკატმა – გ. გ-მ, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიისა და მესამე პირის _ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიერ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით მოსარჩელეებისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების უფასოდ გამოყოფა.

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განცხადებაში მითითებული იყო “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ე” პუნქტი, რამდენადაც ყველა მოსარჩელე ამავე კანონის მე-6 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს. ამავდროულად, თითქმის ყველა მოსარჩელე ასევე იყო შინაგან საქმეთა ორგანოებში ათ წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონე პირი, რის გამოც მათზე ასევე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 57-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ, უსასაყიდლოდ მიეღოთ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის ან საბაღე მეურნეობის მოსაწყობად; მოსარჩელეებმა არაერთგზის მიმართეს ქ. თბილისის მერიას მითითებული მოთხოვნით, რაზეც მათ განემარტათ, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების უფასოდ გაცემის წესს და არ ადგენს რაიმე სახის შეღავათებს ზემოაღნიშნული კატეგორიის პირებისათვის. ამდენად, ამ კანონისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2. მუხლზე მითითებით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის 2.3 მუხლი იმპერატიული დებულებით _ დაუშვებელია ადრე მოქმედი შეღავათების, უპირატესობების, უფლებებისა და დახმარებების გაუქმება ან გაუარესება, თუ არ იქნება მიღებული სხვა ტოლფასი აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა განმარტებით, მიღებული არ არის. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მიუთითეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. აპრილის გადაწყვეტილებაზე, 1999წ. 24 დეკემბრის კანონის იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომლითაც გაუარესებული იქნა ვეტერანებისათვის დაწესებული შეღავათები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადასახადზე.

მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიამ წარმოდგენილ შესაგებელში, არ სცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო შემდეგი მოტივით: “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის “ვ” პუნქტი შეღავათების დაწესების კუთხით წინააღმდეგობაში მოდის “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მოთხოვნებთან. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 26.2. მუხლის თანახმად კი თუ ერთი და იმავე სახის ნორმატიული აქტის ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, გამოყენებული უნდა იქნას ის ნორმატიული აქტი, რომელიც უფრო გვიანაა მიღებული.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ქ. თბილისის მერიას დაეკისრა ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით მოსარჩელეებზე უფასოდ მიწის ნაკვეთების გამოყოფა ინდივიდუალური სახლის მშენებლობი-სათვის, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

მოსარჩელეებს, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ასევე, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ათწლიანი სტაჟის მქონე პირებს, შეღავათის სახით მინიჭებული აქვთ უფლება, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით უფასოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 57-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ის გარემოება, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონით არანაირი შეღავათები მიწის გასხვისების კუთხით დადგენილი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი, როგორც უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტი, აუქმებს “ომის და სამხედრო ძალების ვატერანების შესახებ” კანონით დაწესებულ შეღავათებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 2.3. მუხლის შესაბამისად, დაუშვებლადაა მიჩნეული ვეტერანებისათვის ადრე მოქმედი შეღავათების, უფლებების, უპირატესობებისა და დახმარებების გაუქმება ან გაუარესება. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს, მით უფრო, რომ ასეთი დაუშვებელია მაშინ, როცა იგი ზიანს აყენებს ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფი-ლებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად უფლებამოსილია ქ. თბილისის მერია, უფასოდ გამოუყოს მოსარჩელეებს ნაკვეთები მაშინ, როცა “სახელმწიო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მიწის განკარგვა ხდება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. აქედან, კონკურსისა და აუქციონის წესით მიწის განკარგვის უფლება აქვთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიას, ხოლო პირდაპირი განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეების წარმომადგენლის _ შპს “გ-ს” იურიდიული სამსახურის დირექტორის _ ც. მ-ის მიერ აღძრულ იქნა შუამდგომლობა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის დ. გ-სა და შ. გ-ს ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე იმ მოტივით, რომ მათ მიერ რწმუნებულებები გაფორმებულია არასწორად, ამასთან, ორივე მოსარჩელე გასულია საქართველოდან და მათ მიერ რწმუნებულებებში არსებული ხარვეზის შევსება შეუძლებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბერს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ” 1998წ. 28 ოქტომბრის კანონით დადგენილ ნორმებს, როგორც უფრო გვიან მიღებულს, აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” 1995წ. 17 მაისის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების შესაბამის ნორმებთან, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2 მუხლის შესაბამისად. ამასთან, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2 მუხლით დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვა ხდება აუქციონის, კონკურსის ან პირდაპირი განკარგვის წესით, კონკურსსა და აუქციონს ატარებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია, ხოლო პირდაპირი განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის 15.5 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ნორმა მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების შეღავათს უკავშირებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვას და არ გულისხმობს აღნიშნული შეღავათით უპირობო სარგებლობის უფლების მინიჭებას. 1998წ. 28 ოქტომბრის კანონი არ ადგენს ზემოაღნიშნული კატეგორიის პირებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების უფასოდ გამოყოფის წესსა და ოდენობას.

“საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულება, ის არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 22.2 მუხლის შესაბამისად კი კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან. ამასთან, დებულებაში შეღავათების გავრცელებისას საუბარია ქალაქის ტიპის დასახლებასა და სოფელში მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე და არა დედაქალაქზე, რომელსაც “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 1.2. მუხლის შესაბამისად განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, ს.ს.ს.კ. 275-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეების შ. გ-ს და დ. გ-ს სარჩელები დატოვებულ იქნა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მოსარჩელეების: ი. კ-ის, ი. კ-ის, ნ. გ-ს, შ. გ-ს, გ. გ-ს, შ. გ-ს, გ. გ-ს, რ. გ-ს, ვ. გ-ს, ა. გ-ს, ხ. მ-ს, ზ. შ-ს, გ. ვ-ის ა. მ-ის, დ. გ-ს, დ. მ-ს. გ. ვ-ის და ვ. გ-ის ადვოკატმა –ა. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, შემდეგი მოტივით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონშეუსაბამო, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად შეაფასა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონი არის სპეციალური კანონი ომის ვეტერანების შესახებ და ამ კანონის 2.3 მუხლით განსაზღვრულია, რომ შეღავათების გაუქმება ან გაუარესება დაუშვებელია. კანონქვემდებარე, მაგრამ ასევე სპეციალური აქტია დებულებაც, რომლის 57-ე მუხლი დღესაც ძალაშია. კასატორის მითითებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება შეღავათების გავრცელების კუთხით ქ. თბილისის განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შეისწავლა რა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და კანონიერება, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოისმინა რა გამოცხადებული მხარის _ კასატორთა და მათი წარმომადგენლის განმარტებები მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლოს მიერ საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” 1995წ. 17 მაისის კანონის 15.5. მუხლის შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებსა და დამოუკიდებლო-ბისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს (როგორსაც წარმოადგენენ მოსარჩელეები), მათი სოციალური დაცვის მიზნით, უწესდებათ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უფასოდ მიღების უფლება ინდივიდუალური სახლების ასაშენებლად ან საბაღე მეურნეობის მოსაწყობად. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 57-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ სამინისტროს სისტემაში ათი კალენდარულიწ. სამუშაო სტაჟი, უფლება აქვთ უსასყიდლოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის ან საბაღე მეურნეობისათვის ქალაქის ტიპის დასახლებაში 0,1 ჰა, ხოლო სოფელში _ 0,25 ჰა თითო ოჯახზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები ადგენს შეღავათებს, თუმცა, არ ადგენს მათი გაცემის წესსა და პირობებს. ასეთს ითვალისწინებს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონი. (1998წ. 28 ოქტომბერი). კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება გასხვისდეს მხოლოდ აუქციონის, კონკურსის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამავე მუხლით დადგენილია, რომ სახელმწიფო მიწის კერძო საკუთრებაში გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო მის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მათ მიერვე ხორციელდება სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა, საკონკურსო კომისიის დანიშვნა. ხოლო მიწის პირდაპირი განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისების კუთხით და რაიმე დათქმა ცალკეული კატეგორიის მოქალქეებისათვის შეღავათების დაწესების შესახებ არ არსებობს გარდა ერთი შემთხვევისა _ კანონის 3.4 მუხლით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო მიწის განკარგვა სარგებლობის უფლებით, ისიც, მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, ხორციელდება პირდაპირი განკარგვის წესით, კონკურსისა და აუქციონის გამოცხადების გარეშე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მითითებულ ნორმატიულ აქტებს შორის არსებობს წინააღმდეგობა. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონი ადგენს შეღავათს, რომელიც უკავშირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვას და არ გულისხმობს აღნიშნული შეღავათის უპირობო სარგებლობის უფლების მინიჭებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ რაიმე დამატებითი ნორმატიული აქტი მიწის განკარგვის სხვა წესის დადგენის შესახებ მიღებული არ არის, ანუ არ არსებობს სადავო საკითხის სამართლებრივი რეგულირების ფორმა. შესაბამისად, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერია მოკლებულია საკასაციო საჩივარში მითითებული ნორმების რეალიზების სამართლებრივ ბერკეტს. თბილისის მერიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით, უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვეტერანთათვის კანონით დადგენილი შეღავათი, კონკრეტულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს საკმარის პირობას მინიჭებული შეღავათით სარგებლობისათვის, რამდენადაც კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზირებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის დებულებებთან, დადგენილი არ არის რა ამ შეღავათის რეალიზაციის საკანონმდებლო პროცედურა, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეებს უუქმდებათ კანონით დადგენილი შეღავათი – მიწის უსასყიდლოდ მიღების უფლება, რადგან ფიზიკურ პირებზე მიწის უსასყიდლოდ გაცემის დამდგენი პროცედურის მხოლოდ საკანონმდებლო გადაწყვეტის პირობებში მოთხოვნა შეიძენს სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან, განმარტონ სამართლის ნორმა, ხოლო ნორმის შექმნის კომპეტენცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე მხოლოდ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს _ საქართველოს პარლამენტის იურისდიქციას განეკუთვნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. სსკ-ის 390-ე. 399-ე 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ-ის, კ-ის, გ-ს და სხვათა წარმომადგენლის აპოლონ გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართ-ლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.