Facebook Twitter

¹ ას-295-980-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდროს დათმობის შესახებ ხელწერილის გაუქმება, მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ედიშერ და ნ. პ-ების მამა გ. პ-ე 1994 წლიდან მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ლ. კ-თან. 2000წ. 27 დეკემბერს გ. პ-ე გარდაიცვალა. მოსარჩელეებმა მამის ცხედარი ჩოხატაურის რაიონში გადაასვენეს, სადაც სათანადო პატივით დაკრძალეს, გადაუხადეს ქელეხი, შემდეგ კი _ ორმოცი და წლისთავი. 2001წ. იანვარს ედიშერ და ნ. პ-ებმა და ლ. კ-მა შეადგინეს ხელწერილები სამკიდრო ქონების წილების დათმობის შესახებ. კერძოდ, და-ძმა პ-ებმა მათ მიერვე შედგენილ ხელწერილში აღნიშნეს, რომ პრეტენზია არ ექნებოდათ ქ.თბილისში, ... მდებარე ¹37 ბინაზე, სადაც მათი მამა გ. პ-ე სიკვდილამდე მეუღლესთან, ლ. კ-თან ერთად ცხოვრობდა. ლ. კ-მა კი ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით ედიშერ და ნ. პ-ების სასარგებლოდ უარი განაცხადა მეუღლის, გ. პ-ის დანაშთ ქონებაზე – გარდაბნის რაიონის სოფ. ... არსებულ სააგარაკო ნაკვეთზე და ჩოხატაურში, ... მდებარე სახლზე.

მას შემდე, რაც ე. და ნ. პ-ებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. კ-მა სასამართლოში მიმართვის გზით მოითხოვა სამკვიდროს დათმობის შესახებ ხელწერილის გაუქმება, 2002წ. 14 თებერვალს სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს სამკვიდროს დათმობის შესახებ 2001წ. 18 იანვარს მათ მიერ გაცემული ხელწერილის გაუქმება, მემკვიდრეობის ვადის აღდგენა და გ.პ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა შეძენილია გ. პ-ისა და ლ. კ-ის თანაცხოვრების პერიოდში. ვინაიდან საქმის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ ლ. კ-მა სადავო ბინა 2001წ. 27 დეკემბერს გაყიდა, მათ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს სამკვიდრო ქონების წილის დათმობის 2001წ. 18 იანვრის ხელწერილის გაუქმება (სკ-ს 59-ე მუხლის საფუძველზე), გ. პ-ის კანონიერ მემკვიდრეებად ცნობა სკ-ს 1336-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, სადავო ბინის გასხვისებით მიღებული თანხიდან სამკვიდრო წილის შესაბამისი თანხის და გ.პ-ის დაკრძალვის, ქელეხის და სხვა ხარჯების 3500 ლარის 1/3-ის ლ. კ-ისათვის დაკისრება.

მოპასუხე ლ. კ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა შეიძინა საკუთარი სახსრებით, კერძოდ, მამისეული ბინის გაყიდვით მიღებული თანხით; მეუღლე გ.პ-ე იყო ინვალიდი და პირადი შემოსავალი არ გააჩნდა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ედიშერ და ნ. პ-ებს მამის, გ. პ-ის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა ჩაეთვალათ საპატიოდ და ვადა აღდგენილ იქნა.

ე. და ნ. პ-ები ცნობილ იქნენ გ. პ-ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... მდებარე ¹37 ბინის 1/2-ის 2/3-ზე (მთლიანი ბინის 2/6-ზე) მემკვიდრედ და ლ. კ-ის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ბინის გასხვისებით მიღებული 2000 ლარიდან კუთვნილი წილის 660,60 ლარისა და დაკრძალვის ხარჯების 500 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ. კ-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და ე. პ-ების სასარჩელო მოთხოვნა. ნ. და ე. პ-ები ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად გ. პ-ის ქონებაზე თბილისში, ... მდებარე ¹37 ბინაზე, თითოეული მათგანი – 1/6-ზე. მოპასუხე ლ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ აღნიშნული ბინის ღირებულების –2000 ლარის 2/6-ის, 660,60 ლარის და დაკრძალვის ხარჯების – 500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1158-ე, 1159-ე, 1161-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ცოცხლად დარჩენილი მეუღლის, ლ. კ-ის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის ანუ სადავო ბინის 1/2½ნაწილს. შესაბამისად, ნ. და ე. პ-ებს სამკვიდრო წილის სახით მიეკუთვნა თითოეულს სადავო ბინის 1/6. იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროში შემავალი ბინა გაყიდულია, სასამართლომ, სკ-ს 1429-ე მუხლის საფუძველზე თითოეულ მოსარჩელეებს მიაკუთვნა ბინის გაყიდვით მიღებული თანხის, ანუ 1000 ლარის (2000:2=1000) 1/3, ანუ 333,30 ლარი. სააპელაციო პალატამ სსკ-ს 248-ე, 377-ე მუხლების შესაბამისად არ იმსჯელა ლ. კ-ისათვის დაკისრებული დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების ოდენობაზე, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ. კ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 83-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელით, რომლითაც მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სასარჩელო მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნა, რაც გამოიხატა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოსარჩელეთა მიერ ჩოხატაურის, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად ფლობის შესახებ გარემოების დადგენაში. პალატამ დაარღვია 248-ე მუხლის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებისას სამკვიდროს მიღებისთვის გაშვებული ვადის საპატიო მიზეზებზე მსჯელობის დროს, არ გაითვალისწინა სკ-ს 1450-ე მუხლის მოთხოვნა, არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, არ მიუცია სწორი სამართლებრივი შეფასება ფაქტობრივი გარემოებებისთვის, არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე. კასატორმა მოითხოვა საქმის გარემოებათა გათვალისწინებით განმარტების მიცემა სსკ-ს 83-ე მუხლის მე-2-4 ნაწილებისთვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გ. პ-ე ლ. კ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1994წ. 8 აპრილიდან.

გ. პ-ე გარდაიცვალა 2000წ. 27 დეკემბერს.

ვინაიდან გ. პ-ეს ანდერძი არ დაუწერია, სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად, მის პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მხარეები. ამავე კოდექსის 1439-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მასაღებად. ამასთან, უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. ლ. კ-ის უარი მისი მეუღლის მარტყოფში მდებარე სააგარაკო ნაკვეთზე და ჩოხატაურის რაიონში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე დადასტურებულია სანოტარო ორგანოში გ. პ-ის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში. ამიტომ იგი აკმაყოფილეს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. რაც შეეხება ნ. და ე. პ-ების უარს თბილისში, ... მდებარე ბინის მიღებაზე, აღნიშნული დადასტურებული არ არის სანოტარო ორგანოში, ამიტომ მას სავალდებულო ძალა არ შეიძლება ჰქონდეს მეორე მხარისათვის.

ნ. და ე. პ-ები სარჩელით ითხოვდნენ წილს ლ. კ-ისა და გ. პ-ის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან, ანუ ქ.თბილისში, ... მდებარე ¹37 საცხოვრებელი ბინიდან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან ბინა შეძენილია 1994წ. 27 დეკემბერს, ხოლო გ. პ-ე და ლ. კ-ი დაქორწინდნენ 1994წ. 8 აპრილს. ამდენად, სადავო ქონება, თანახმად სკ-ს 1158-ე მუხლისა, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და იგი, ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს გ. პ-ის სამკვიდრო ქონებად.

სასამართლოს მიერ სამკვიდროს წილის მიღების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელი სამკვიდროს მიიღებს სკ-ს 1421-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ლ. კ-ის მიერ განცხადებული უარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე ნ. და ე. პ-ების სასარგებლოდ უნდა განხილულ იქნეს, როგორც მათ მიერ სამკვიდროს წილის მიღება, ამიტომ ნ. და ე. პ-ებს რომ არც მოეთხოვათ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა მათ მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი და თუ მათ აღნიშნული ნორმის საფუძველზე არ ექნებოდათ მიღებული სამკვიდრო ქონება, შეუძლებელი გახდებოდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ პალატა თვლის, რომ სასამართლო არ გაცდენილა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, არამედ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელეებს საკუთრებაში მიეღოთ მათი მამის სამკვიდრო ქონება.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე.წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება შეიცავდა თავდაპირველი სარჩელისაგან განსხვავებულ მოთხოვნებს, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სსკ-ს 83-ე, 224-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაგრამ ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს იმ საფუძველზე, რატომ შეიძლება ჩაითვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ლ.კ-ისათვის დაკრძალვის ხარჯების დაკისრების ნაწილში. ანუ საკასაციო საჩივარი მოცემულ შემთხვევაში არ შეიცავს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საფუძვლებს. სასამართლო ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საწინააღმდეგო არგუმენტს ვერ უთითებს თვით კასატორიც.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ლ. კ-სა და ი. კ-ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებაზე, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს არ დაუყენებია შეგებებული სარჩელი. ამიტომ სააპელაციო სასამართლოც არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულის თაობაზე.

ამასთან, არასწორია კასატორის მითითება სკ-ს 1450-ე და 1424-ე მუხლებზეც. 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1421-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ლ. კ-ის უარი სამკვიდროს მიღებაზე განხილულ უნდა იქნეს, როგორც ნ. და ე. პ-ების მიერ სამკვიდროს მიღება. აღნიშნული გარემოება ლ. კ-ს სადავოდ უნდ გაეხადა ორი თვის განმავლობაში ამისათვის არსებული სათანადო საფუძვლის შეტყობის დღიდან. სკ-ს 1450-ე მუხლის თანახმად, ედიშერ და ნ. პ-ებს სადავოდ არ გაუდხდიათ ლ. კ-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, არამედ მოითხოვეს მათი წილი გასხვისებული სამკვიდრო ქონებიდან. ამიტომ პალატა თვლის, რომ მხარეებს არ გაუშვიათ კასატორის მიერ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად განისაზღვრა მათი წილი სამკვიდრო ქონებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილება.

ლ. კ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 46 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი-59) ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.