Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-29-732-03 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: კუთვნილი საკომპენსაციო პაკეტების გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ნ-მა, მ. ჩ-ემ, ლ. მ-მ, ს. მ-მა, ნ. ე-მა, დ. ბ-ემ, ა. ხ-მა, დ. ლ-მა, ა. ჩ-მა, ვ. თ-ემ, ს. თ-ემ, ვ. რ-მა, რ. გ-მა, მ. ს-ემ, ნ. ჭ-ემ სარჩელით მიმართეს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “.. ..-ის” ადმინისტრაციის მიმართ და აღნიშნეს, რომ ისინი 2001წ. 1 დეკემბერს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მათთვის, როგორც სამედიცინო დაწესებულებიდან განთავისუფლებული მუშაკებისათვის უნდა მიეცათ საკომპენსაციო პაკეტები, მაგრამ კომპენსაცია არ იქნა გაცემული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ საკომპენსაციო თანხის სახით 28827 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ლ. ლ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ განჩინება შემდეგნაირად დაასაბუთა. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190-ე ბრძანებულების მესამე პუნქტის თანახმად, სამინისტროებს დაევალათ დაამტკიცონ საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროები და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკა, ხოლო თუ ვინ განეკუთვნება სამედიცინო პერსონალს, აღნიშნული განსაზღვრულია “სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებასა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხაში”, რომელიც დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 29 ნოემბრის ¹421/ნ ბრძანებით.

ამ ნუსხის მიხედვით, მოსარჩელეები არ მიეკუთვნებიან სამედიცინო პერსონალს.

მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ლ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში, იმ საფუძვლით, რომ დათხოვილ 15 თანამშრომელზე გაიცა გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით და ერთი თვის კუთვნილი შვებულებების დავალიანება, რომელიც ადმინისტრაციას გააჩნდა თანამშრომლების მიმართ. მათზე არ გაცემულა ერთჯერადი გასაცემი – კომპენსაცია, რომელიც წარმოადგენს საერთო მუშაობის სტაჟისა და საშუალო თვიური ხელფასის ნამრავლს.

პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ბრაძანებულებით დარღვეულ იქნა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, პუნქტები, ასევე დაირღვა მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტის საქართველოს სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობის პროექტის შემფასებელი დოკუმენტის მთელი რიგი პუნქტები, კერძოდ, ყველა დათხოვილი თანამშრომლებისათვის საკომპენსაციო პაკეტების გაცემის ვალდებულების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ სს “.. ..-ის” თანამშრომლები ვ. ნ-ი, მ. ჩ-ე, ლ. მ-ა, ს. მ-ი, ნ. ე-ი, დ. ბ-ე, ა. ხ-ი, დ. ლ-ი, ა. ჩ-ი, ვ. თ-ე, ს. თ-ე, ვ. რ-ი, რ. გ-ი, მ. ს-ე, ნ. ჭ-ე განთავისუფლდნენ სამსახურიდან 2001წ. 1 დეკემბერს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის მოტივაცია სააქციო საზოგადოებაში თანამშრომელთა დათხოვნის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე ჩატარებული კონკურსის უკანონობისა და საქართველოს პრეზიდენტის 14 მაისს ¹190-ე ბრძანებულების კანონს შეუსაბამობის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნით არ დაუყენებიათ არც კონკურსის შედეგების და არც პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საკითხი. დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელეთათვის საკომპენსაციო პაკეტის მიღება, რომელიც მიეცა მხოლოდ გამონთავისუფლებულ სამედიცინო პერსონალს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ საკომპენსაციო პაკეტი მიეცა დაწესებულების ტექნიკურ პერსონალსაც. საქმის მასალებით ასეთი რამ დადასტურებული არ არის, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააფუძნა თავის განჩინება საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190-ე ბრძანებულებაზე, რომლის მესამე პუნქტით შესაბამის სამინისტროებს დაევალათ დაამტკიცონ საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროები და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საკომპენსაციო პაკეტის გადაცემით მოხდა მხოლოდ დათხოვილი სამედიცინო პერსონალის და არა ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფა.

სამედიცინო პერსონალის ნუსხა განსაზღვრულია “სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის 2001წ. 29 ნოემბრის ¹421/ნ ბრძანებით.

პალატის მიერ კასატორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ საკომპენსაციო პაკეტი მიეცა სს “... ცენტრის” მიერ დათხოვნილ ტექნიკურ პერსონალს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებიათ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სააპელაციო განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “.. ..-ის” ყოფილი თანამშრომლების წარმომადგენლის ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.